მოსკოვი სოხუმს სანატორიუმებს, შესაბამისად, საუკეთესო ტერიტორიებს ართმევს

  17:42:52     22-02-2012

სოხუმსა და მოსკოვს შორის მორიგი კონფლიქტი მწიფდება, რომელიც აფხაზეთში განთავსებულ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფ სანატორიუმ-საკურორტო კომპლექს „იუჟნის“ უკავშირდება. თანამშრომლებმა ობიექტის ლიკვიდაციის შესახებ გაფრთხილება უკვე მიიღეს - იუწყება გაზეთი „კომერსანტი“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იქ მომუშავე პერსონალი სამსახურის გარეშე დარჩება.

საუბარია „იუჟნიში“ შემავალ ორ სანატორიუმზე - „გაგრასა“ და „გიდაუტსკი“-ზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ სანატორიუმები არარენტაბელურია, სოხუმში კი ფიქრობენ, რომ მოსკოვი ამ მეთოდით საკურორტო ობიექტებზე საკუთრების უფლების მოპოვებას ცდილობს.

უკვე გადაწყვეტილია, რომ მაისის თვიდან კომპლექს „იუჟნიში“ მომუშავე 1500 ადამიანი უმუშევარი დარჩება. აფხაზეთის ხელისუფლებაში ადასტურებენ, რომ სანატორიუმების ხელმძღვანელობამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან ოფიციალური წერილები მიიღეს, თუმცა თავად კომენტარებისგან თავს იკავებენ. ალექსანდრე ანქვაბმაც, უსიტყვოდ, ჟურნალისტები კომენტარებისთვის რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გადაამისამართა.

სამინისტროში დაადასტურეს, რომ მართლაც განიხილება კომპლექს „იუჟნის“ ლიკვიდაციის საკითხი, მაგრამ ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. ამასთან, იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ საკითხზე მიმდინარე კონსულტაციებს „პოლიტიკური სახე“ აქვს.

სოხუმსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა გასულ ზაფხულსაც დაიძაბა, როცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ანალოგიურად დახურა სანატორიუმი „სოხუმი“. მაშინ სანატორიუმის თანამშრომლებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს და ცენტრალური მაგისტრალიც გადაკეტეს. აფხაზეთის ხელისუფლება, ვითარების გართულება რომ აეცილებინა თავიდან, გათავისუფლებულ პერსონალს რამდენიმე თვით კომპენსაციების გაცემას დაპირდა. ამასთან, აფხაზი ჩინოვნიკები აშკარად განაწყენებულები იყვნენ, მაგრამ უკმაყოფილების გამოხატვას მოსკოვის წინააღმდეგ ხმამაღლა ვერ ბედავდნენ, თუმცაღა დარწმუნებული იყვნენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სანატორიუმის გაყიდვა ჰქონდა გადაწყვეტილი. ადგილობრივი კანონებით, ეს ობიექტები აფხაზეთის საკუთრებად ითვლება და შესაბამისი ნებართვებისა და დოკუმენტების გაფორმების გარეშე მოსკოვს მათი განკარგვის უფლება არ აქვს.

ექსპერტები ამბობენ, რომ აფხაზეთმა თავიდანვე დაუშვა შეცდომა, როცა „ცხელ გულზე“, აფხაზეთის აღიარებისთანავე, დაუფიქრებლად გააფორმა მთავრობათაშორისი შეთანხმება მოსკოვთან.

„არის შეთანხმება აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზის შესახებ, რომელშიც წერია, რომ სანატორიუმები ამ ბაზის ობიექტებია. თუმცაღა ამ შეთანხმებაში ცალკე პუნქტადაა გაწერილი, რომ სანატორიუმების მართვის საკითხი ცალკე, სპეციალური შეთანხმებით უნდა განისაზღვროს. არანაირი ასეთი შეთანხმება ოფიციალურად არ გაფორმებულა. ამიტომ სანატორიუმები აფხაზეთის საკუთრებაა, გამონაკლისია მხოლოდ „გაგრა,“ რომელიც რუსულ მხარეს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით ჯერ კიდევ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებამდე გადაეცა“ - ამბობს აფხაზეთის ყოფილი გენერალური პროკურორი ანრი ჯერგენია. მისივე თქმით, სამხედრო სანატორიუმები აფხაზეთში მძიმე მდგომარეობაშია: ოფიციალურად ისინი აფხაზეთის საკუთრებაა, მაგრამ რეალურად მიბმულია რუსეთის ბაზასთან და რუსეთის კანონების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საკუთრებაა. ჯერგენია აფხაზური კანონების დარღვევას უწოდებს სანატორიუმების „იუჟნის“ კომპლექსში გაერთიანებასაც, რადგან აქედან ერთი ობიექტი რუსეთის, დანარჩენი სამი კი აფხაზეთის საკუთრებაა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მათი გაერთიანების უფლება არ ჰქონდა - განაცხადა ჯერგენიამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აღნიშნეს, რომ განსაკუთრებულ პრობლემას საკურორტო კომპლექს „იუჟნიდან“ თანამშრომლების გაშვებისა და ობიექტის ლიკვიდაციის გამო ვერ ხედავენ. თუ მათ ყველაფერს გადაუხდიან, რა პრობლემაა - განაცხადეს სამინისტროში და შარშანდელი, სანატორიუმ „სოხუმთან“ დაკავშირებული კონფლიქტი გაიხსენეს, როცა სოხუმი იძულებული გახდა თავისი ბიუჯეტიდან გამოეკეთებინა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაფუჭებული საქმე. მოსკოვს იმედი აქვს, რომ ამ შემთხვევაშიც, პრობლემები მას არ შეეხება.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ სანატორიუმ „გაგრასა“ და „გუდაუტსკის“ იგივე ბედი მოელის, რაც „სოხუმის“ შემთხვევაში იყო. ასეთი ფორმით რუსეთი, რომელიც არც ავითარებს ამ ობიექტებს და არც სეპარატისტულ აფხაზეთს აძლევს მათ, ერთგვარი ზემოქმედების ბერკეტების კონცენტრირებას ახდენს საკუთარ ხელში, რათა აიძულოს სოხუმი, საკუთრების პრობლემა მოსკოვის სასარგებლოდ გადაჭრას.

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე მიისაკუთრა ტერიტორიები სამხედრო ბაზებისთვის, ახლა კი სანატორიუმებს ემუქრება, რომლებსაც, როგორც ცნობილია, საუკეთესო და ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ადგილმდებარეობა აქვთ.