„უცნობის“ გამო, ბერას ბიძინასთან კონფლიქტი მოუვიდა?!

  15:48:56     22-02-2012

კობა დავითაშვილი თამაშგარეა. ივანიშვილის  ,,პიარშიკად“   მოვლენილი პოლიტიკური პერსონა არც პოლიტსაბჭოშია, არც საინიციატივო ჯგუფში  და სიტუაცია იქითკენ მიდის, რომ მალე შესაძლოა,  კოალიციის ფარგლებს გარეთაც ვიხილოთ.

 მართალია, დავითაშვილი  ,,პრესა ჯისთან“ საუბრისას  ამ ინფორმაციას  არ ადასტურებს, მაგრამ გამორიცხული არც ისაა, რომ დავითაშვილმა ისევ ძმადნაფიც კახა კუკავას მიაკითხოს, რომელსაც ,,ქართულ ოცნებაში`` ნინელი ჭანკვეტაძე ლობირებს. ჭანკვეტაძემ ,,itv”–ში  სტუმრობისას პირდაპირ განაცხადა, რომ სურს კახა კუკავას ხილვა ,,ოცნების`` კოალიციაში. თუმცა, კუკავას ივანიშვილი პრორუსულ ძალას უწოდებს და ამ მიზნით იწუნებს.

როგორც ამბობენ, ასეთია თავად კრემლის ინსტრუქტაჟი, რომ ნოღაიდელი, კუკავა და ბურჯანაძე ივანიშვილმა ბოლოს მაინც უნდა მიიერთოს,  მანამდე კი ხალხს ,,პროდასავლურობით“ უნდა ელაპარაკოს და ფონად ,,რესპუბლიკელები“ დაიყენოს.  

რატომ ვერ დაიმკვიდრეს თავი გაჩეჩილაძეებმა? ამას ბერასა და ,,უცნობის“ დაპირისპირებას უკავშირებენ, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ პარტიის ახალ კლიპს ,,უცნობი“ სპეციალურად ივანიშვილის დაკვეთით აკეთებს. ,,უცნობმა“ ჩვენს ზარებს არ უპასუხა, შესაბამისად ვერ გავარკვიეთ, რამდენად რეალურია ინფორმაცია, რომ  მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ, ამისთვის სერიოზული თანხა მიიღო  ივანიშვილის ფონდიდან. სხვათა შორის, ამის გამო, ბერამ მამამისს უსაყვედურა და   შუშის სასახლეში სერიოზული ვნებათაღელვა გაიმართა. მომღერალ გაჩეჩილაძეს, ივანიშვილთან კავშირები კოკა გუნცაძის საშუალებით აქვს და „დაკვეთებსაც“ ასე ღებულობს.   

ის, რომ ივანიშვილს დავითაშვილის მისამართით ფობიები სჭირს,   „პრესა ჯის“ „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ ზაზა გაბუნიაც უდასტურებს:  ,,ვერ გეტყვით ზუსტად, რატომ არ ჩასვა ივანიშვილმა დავითაშვილი პოლიტსაბჭოში.  თავად დავითაშვილის  ბიოგრაფიიდან, მისი ფულისადმი მიდრეკილებიდან, იგივე ,,ნავერტილეს“ სკანდალიდან და რაც მთავარია უნდობლობიდან გამომდინარე, დავითაშვილს, როგორც ჩანს, ივანიშვილი ეჭვით უყურებს“.