კოლაუ ნადირაძე - „25 თებერვალი“ (არ შერჩებათ)

  12:37:10     22-02-2012

საქართველოში მიმდინარეობს „ოკუპაციის კვირეული“. ეს აქცია არ არის მხოლოდ ისტორიის გახსენება, გმირებისათვის პატივის მიგება, სამწუხაროდ, ვინაიდან საქართველოს ოკუპაცია არ დასრულებულა. ეს აქცია არის წინააღმდეგობა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ძირძველი ტერიტორიების ოკუპაციისადმი. ეს აქცია ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული.

კაცობრიობა XXI საუკუნეს ახალი მიღწევებით ხვდება, ადამიანები, თითქმის, მთელ მსოფლიოში, დარწმუნდნენ, რომ ადამიანის კვლა, ომები, ტერორი, დიქტატურა, სხვათა ტერიტორიების მიტაცება დაუშვებელია...

ყველა თანხვდება, რომ ადამიანის დევნა ან მოკვლა, მით უმეტეს ადამიანთა მოკვლა და დევნა ეთნიკური ნიშნით, მით უმეტეს მასობრივი სახით - ბოროტებაა, დიდი ბოროტება.

რუსეთი კი ვერა და ვერ გამოვიდა ბნელი აზროვნებიდან... მარკიზ დე კიუსტინი თავის წიგნში, „ნიკოლოზ I-ის დროინდელი რუსეთი“, რა საშინელებებსაც აღწერდა, თითქმის არაფერი შეცვლილა, სამწუხაროდ, ჩვენდა, და თავად რუსი ხალხისათვისაც.

არაფერი შეცვლილა არც საბჭოური რუსეთის „გარდაქმნის“ მერე. რა მეთოდებიც ჰქონდათ იმ სახელმწიფოს ველურ ბოლშევიკებს, იგივე მეთოდებით მოქმედებენ დღესაც, რუსეთის, ხელახლად, მოდერნიზებული იმპერიის, კვლავაც, ველური ხელმძღვანელები...

1921 წლის 15 თებერვალს წითელმა არმიამ გადმოლახა საქართველოს საზღვარი ჯერ სომხეთიდან, მერე სხვა მიმართულებებითაც. საბაბი - თითქოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება ჩაგრავდა სხვადასხვა ეროვნებისა და პოლიტიკური მრწამსის ადამიანებს, თითქოს ამ უკანაკლნელებმა აჯანყება წამოიწყეს თავისუფლების მისაღწევად და ამიტომ, „სამართლიანი“ აჯანყების დასახმარებლად, მასში მონაწილეთა „დასაცავად“, წითელმა არმიამ გადმოლახა საზღვარი...

გავიდა ათეული წლები, საბაბი მსგავსია, იდენტური, თითქოს, საქართველო ჩაგრავდა და გენოციდს უწყობდა ოსებს... რუსულმა არმიამ კვლავ გადმოლახა საქართველოს საზღვარი და გააჩაღა ომი...

... ადამიანები არ ეგუებიან სამშობლოს უბედურებას, რაც უნდა ტერორში გყავდეს. ადამიანები გმობენ ძალადობას და თავისუფლებას უმღერიან, და ვინაიდან თავისუფლება ღვთის მიერ არის ბოძებული, ის მაინც დამკვიდრდება ჩვენს ქვეყანაში. ბოროტს აუცილებლად სძლევს კეთილი...

საქართველოს მიწა-წყალი ღვთიმშობლის წილხვედრია, ყოვლადწმინდა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის მფარველია და როცა ჩვენ, ქართველებს, ვინმე წაგვართმევს ჩვენს საკუთრებას, ის ღვთისმშობლისათვის მიუღებელ საქმეს შესდგომია...

არ შერჩებათ რუს ოკუპანტებს ქართული მიწა... მათი იმპერია კვლავ დაპატარავდება, როგორც დაპატარავდა მისი საზღვრები 1920-იან და 1990-იან წლებში, კვლავ დაჰკარგავენ დაპყრობილ ქვეყნებს, ისე როგორც დაკარგეს... ამ პროცესში დიდ წვლილს შეიტანენ ქართველები, ზოგი დიპლომატიური საქმიანობით, ზოგი იდეოლოგიური თეორიებით, ზოგი პროპაგანდით, ზოგი ლოცვით და ზოგიერთი კი იარაღითაც, თუ საჭირო გახდება!

ხალხის მეხსიერებიდან კი ვარაფერს ამოშლი. წინამდებარე ლექსი კოლაუ ნადირაძემ უკვე მოხუცმა დაწერა, როცა კომუნისტებს ეგონათ ქართველი ხალხი სრულიად დავიმოჩილეთო. მართალია ლექსში მხოლოდ გლოვა ჩანს, მაგრამ, როდესაც დაპყრობილ სამშობლოს დასტირის პოეტი, ეს ბრძოლისაკენ მოწოდებაცაა. დღესაც გლოვობს ჩვენი კოლაუ ნადირაძე, ვინაიდან ცხინვალსა და სოხუმში კვლავ „წითელი დროშა“ ფრიალებს და დღესაც მოგვიწოდებს სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლისაკენ.

25 თებერვალი

თოვდა, და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,
ძილღვიძრად იყო ქალაქი ჩემი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი -
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!

თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს -
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.

თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინად ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედას ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.