ანქვაბზე თავდამსხმელებს მთებში ეძებენ

  11:32:45     22-02-2012

აფხაზეთში მასშტაბური სპეცოპერაცია „პერეხვატ“ დაიწყო. ყველა სამართალდამცველი სტრუქტურა გაძლიერებულ რეჟიმზეა გადასული და სეპარატისტული რეჟიმის ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდამსხმელებს ეძებენ. მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ისინი მთებში იმალებიან. საძიებო ოპერაციაში საბრძოლო ვერტმფრენებია ჩართული.

შემთხვევის ადგილზე, სადაც ანქვაბის ავტომანქანის აფეთქება სცადეს, დიდი ორმოა წარმოქმნილი - იუწყებიან ძალოვნები სოხუმიდან. მათივე ინფორმაციით, ე.წ. პრეზიდენტის ლიკვიდაცია რამდენიმე ადგილზე იყო დაგეგმილი, თუმცა შეტევის განხორციელება მხოლოდ გუდაუთის დრუჟბას რაიონში მოახერხეს.

შეგახსენებთ, დღეს დილით, 8.30 წუთზე აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა განხორციელდა, დაჭრილია მისი პირადი დაცვის ორი თანამშრომელი, ერთი კი გარდაიცვალა.

„უცნობმა პირებმა პრეზიდენტის ავტომანქანა დაცხრილეს. სახელმწიფოს მეთაური არ დაზარალებულა“ - განაცხადეს სოხუმში. თავდასხმის დროს ანქვაბი ავტომანქანა „ტოიოტაში“ იმყოფებოდა, მას დაცვა გადაეფარა.  თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა ანქვაბი სამსახურში მიდიოდა.

„მე არაფერი მომსვლია, ახლა არ მცალია“ - განუცხადა თავად ანქვაბმა „ინტერფაქსს“. ხოლო ე.წ. სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის ანრი ბოგუას თქმით ამ მომენტისათვის ანქვაბი ადგილზე იმყოფება და ჩვეულებრივ, განაგრძობს მუშაობას.

ერთ-ერთი ვერსიით ანქვაბის მანქანას ცეცხლი ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს, მეორე ვერსიით კი კორტეჟის მიმართულებით რამდენიმე ფუგასი აფეთქდა, შედეგად, ძირითადად ე.წ. საპრეზიდენტო კორტეჟის ავტომანქანა დაზიანდა. თავის არეში  მიღებული მძიმე ჭრილობების შედეგად ანქვაბის დაცვის ერთი თანამშრომელი გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა, ორის მდგომარება კი ფასდება, როგორც, მძიმე.

ეს ანქვაბზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. მის სიცოცხლეს, მანამდე,  საფრთხე რამდენჯერმე დაემუქრა, როცა ის ე.წ. პრემიერი და ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი იყო. იმავე გუდაუთა-სოხუმის გზაზე 2005 წელს მის ესკორტს ორჯერ გაუხსნეს ცეცხლი.

2007 წლის ივნისში კი ანქვაბის ავტომანქანა დისტანციური მართვადი ფუგასით ააფეთქეს, ერთი თვის შემდეგ, იმავე გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნის ტერიტორიაზე მის ჯიპს ყუმბართმტყორცნიდან ესროლეს. შედეგად ანქვაბმა ზურგის არეში მსუბუქი დაზიანება მიიღო.