დავით დარჩიაშვილი: ივანიშვილის კოალიცია პოლიტიკურ ამინდზე გავლენას ვერ მოახდენს

  10:02:32     22-02-2012

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ორბიტაზე შეკრებილმა პარტიებმა, კოალიცია „ქართული ოცნება“ დაარსეს, რომლის პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელიც თავად ოლიგარქი იქნება. გაერთიანების დაფუძნებას,  მმართველი გუნდის შეფასებები უკვე მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, კოალიციას არ აქვს უნარი საქართველოს მთავარ წყლულებს - რუსულ აგრესიას, კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულს შეებრძოლოს, რის გამოც, „ნაციონალური მოძრაობა“, კოალიციაზე გაცილებით ძლიერია. 

როგორც პრესა.ჯი-ს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, ის, ბიძინა ივანიშვილის კოალიციისგან არანაირ სიუპრიზს არ ელის, რადგან  მათი გეგმების შესახებ უკვე ცნობილია.

მისი თქმით, ივანიშვილის გუნდის პოზიციების მიუხედავად, პოლიტიკური პროცესი გაგრძელდება, მთავრობა ფუნქციონირებას გააგრძელებს და მმართველი გუნდი, ნელ-ნელა საარჩევნო კამპანიაში შევა. 

დარჩიაშვილის შეფასებით, კოალიცია სუსტია და ის, ქვეყნის კურსსა და პოლიტიკური ამინდზე სერიოზულ გავლენა ვერ მოახდენს.

“თავისთავად, კონკურენცია მისასალმებელია, მაგრამ სასურველი იყო, რომ კოალიციას, რაციონალური ალტერნატივები წარმოედგინა და ის რეალიზებადი კონკურენტი ყოფილიყო. ამ კოალიციაში, არიან ადამიანები, რომელთაც თავიანთი წინააღმდეგობრივი წარსულითა და ურთიერთ– დამოკიდებულებებით, პოლიტიკის პოზიტიური წარმართვის არანაირი გამოცდილება არ აქვთ. თუ ამ ადამიანებს, ჰიპოთეტურად ხელისუფლებაში დავუშვებთ, მივიღებთ არა ზოგადი ოცნებების ასრულებას, რაც ჩამოუწერიათ,  არამედ ძლივს დამარცხებულ კორუფციასა და ორგანიზებული დანაშაულის რევანშს. იმიტომ, რომ ზოგს სურვილი არ აქვს და ზოგსაც უნარი, რომ შეებრძოლონ ამ ქვეყნის მთავარ წყლულებს - რუსულ აგრესიას, კორუფციასა და  ორგანიზებულ დანაშაულს. ეს სამი ვეშაპი საქართველოს ყოველთვის შთანთგავდა. ამ ვეშაპების მოთოკვა მოხერხდა, მაგრამ ვინაიდან, მცირე დრო არის გასული, ამ ვეშაპების სიკვდილზე ვერ ვსაუბრობთ. ეს ვეშაპები, ისევ, ისე დააფჩენენ პირს, როგორც კი საქართველოს ხელისუფლებაში ასეთ კალეიდოსკოპს წარმომოვიდგენთ. კარგია, რომ ეს კალეიდოსკოპი ხელისუფელებაში ვერ მოვა”, - დასძინა დარჩიაშვილმა.

დეპუტატის ვარაუდით, ივანიშვილის კოალიციის რეიტინგი საშუალებას იძლევა, რომ მისი წევრები პარლამენტში მოხვდნენ, მაგრამ ისინი  ხელისულებაში ვერ მოვლენ, რადგან პარლამენტში, დესტრუქციულ როლს შეასრულებენ.

“ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე და ბევრმა ჭკუა ისწავლოს, მაგრამ დიდი იმედი არ მაქვს”, - აღნიშნა კანონმდებელმა.

დარჩიაშვილი ივანიშვილის გუნდის წევრებზე საუბრისას, მაია ფანჯიკიძის წარსულსაც შეეხო და განაცხადა, რომ ის, დიპლომატიურ სამსახურში ყოფნის დროს, დიპლომატისთვის შეუფერებელ შეფასებებს აკეთებდა.  

“მაიაზე შემიძლია ის ვთქვა, რაც აქამდე არ მითქვას. . . ფანჯიკიძე ამბობს, რომ მან კონკრეტული ინციდენტის გამო, ხელისუფლება დატოვა, მაგრამ  ის როცა დიპლომატიურ სამსახურში იყო, დიპლომატისთვის შეუფერებელ შეფასებებს აკეთებდა. ასეთ რამეს, არ მგონია, რომელიმე ელჩი აკეთებდეს. წარმოუდგენელია, ფურნიემ ან ბასმა საკუთარი ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადება გააკეთოს. ფანჯიკიძესთან  შეხება მქონია, მაგრამ მის ღირებულებებზე თავს ვერ დავდებ. მგონია,  რომ ის გულში შევარდნაძის პერიოდს  მისტირის. ასეთი ნოსტალგიები გულში კი, ყველას აქვს და მათ ნებსით თუ უნებლიედ, კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული ენატრებათ”, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კოალიციაში გაერთიანებულმა პარტიებმა, დეკლარაციაც მიიღეს, სადაც ყურადღებას, პოლიტიკურ გეგმებზე ამახვილებენ.