აქცია მაცხოვრის ტაძარში: „ღმერთო, გააგდე პუტინი!“

  16:38:00     21-02-2012

რუსეთში, სკანდალური პანკ-ჯგუფის Pussy Riot-ის აქტივისტები მაცხოვრის ტაძარში შეიჭრნენ და კონცერტი გამართეს. ფერად ტანსაცმელში, სახეზე ნიღბებჩამოცმულმა გოგონებმა პირდაპირ საკურთხეველთან დაიწყეს ცეკვა. ტაძარში მყოფებმა ცოტა მოგვიანებით გაარკვიეს, რომ ისინი მღეროდნენ სიმღერას ტექსტით - „ღვთისმშობელო, გააგდე პუტინი“.

კონცერტი-აქცია დაახლოებით 5 წუთს გაგრძელდა, პანკ-ჯგუფის წევრები მალევე გაყარეს ტაძრიდან, 4 მათგანი კი დააკავეს. ჯგუფი Pussy Riot ცნობილია თავისი სკანდალური აქციებით, რომლებსაც 4 დეკემბრის დუმის არჩევნების შემდეგ არცთუ იშვიათად მართავენ. 14 დეკემბერს მათ ჩაატარეს ანალოგიური აქცია იზოლატორთან, სადაც ოპოზიციონერები ჰყავდათ დაპატიმრებული. Pussy Riot-ის მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ გოგონები მოულოდნელად გამოჩნდებიან ხოლმე უადგილო ადგილზე და ცეკვა-სიმღერით გამოხატავენ პროტესტს.

მაცხოვრის ტაძართან ცოტა ხნის წინ უკრაინული ორგანიზაცია FEMEN-ის აქტივისტებმაც გამართეს აქცია. ისინი წელს ზემოთ გაშიშვლდნენ და გამოფინეს ტრანსპარანტები: „ღმერთო, გააგდე მეფე“.

თავად Pussy Riot-ს აქცია ჩატარებული აქვს შუაგულ წითელ მოედანზეც, როცა გოგონებმა შეასრულეს სიმღერა, რომელიც რუსეთში აჯანყების მოლოდინში მყოფი ვლადიმერ პუტინის შიშებს შეეხებოდა. მაშინ ისინი 500-500 რუბლით დააჯარიმეს.
აღნიშნული ჯგუფის შექმნის იდეა მის მონაწილეებს 20011 წელს გაუჩნდათ, როცა მიხვდნენ, რომ რუსეთში არასაკარისი სექსუალური და პოლიტიკური სითამამე, სითავხედე და ქალი-პრეზიდენტის დეფიციტი შეინიშნება.