ვინ თხოვა ივანიშვილს დაწინაურება...

  16:33:14     21-02-2012

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზენტაციის შემდეგ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა,  პოლიტიკოსებს უხერხულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწიათ. ნაწილს, ძველი თანაგუნდელები კაცობას უწუნებენ, ნაწილი ოლიგარქის მიერ ჩამოლაბორანტებულია, ნაწილი კი, კრების გადაწყვეტილებით „მხიარული”.

შეგახსენებთ, რომ ნინო ბურჯანაძემ ყოფილ თანაგუნდელსა და ახლა უკვე ივანიშვილის პოლიტიკური საბჭოს მდივანს, ნოდარ ხადურს ვაჟკაცობა დაუწუნა. ბურჯანაძის თქმით, ხადურს გამბედაობა არ ეყო, მისულიყო მასთან და პირდაპირ ეთქვა პარტიის დატოვების თაობაზე. ნოდარ ხადური კი მიიჩნევს, რომ ამ თემაზე უფრო საინტერესო, სხვა საკითხებია.

„პრესა.ჯი“: ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ თქვენგან უფრო მეტ ვაჟკაცობას ელოდა, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით...

– მგონი, უფრო საინტერესო თემებიც არსებობს ამ ქვეყანაში, ვიდრე ნოდარ ხადურის პოლიტიკური ბიოგრაფიაა. მხოლოდ ეს არის ჩემი პასუხი.  

– ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო ბურჯანაძის პარტიიდან შესაძლოა ადამიანები გადმოიბიროთ და ივანიშვილის კოალიციაში წამოიყვანოთ...

– პოლიტიკური კონსულტაცია აქამდე არავისთან მქონია. არც მომავალში მექნება. მე მათთან ვმეგობრობ. შეიძლება ყოფილ თანაგუნდელებთან ვისაუბრო როგორც მეგობარმა, მაგრამ რაიმე გადაბირება გამორიცხულია.

– ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ვაკანტური ადგილები კვლავ დარჩა კოალიციის პოლიტიკურ საბჭოში. ვინ შეიძლება ვიხილოთ კიდევ თქვენთან ერთად?

– ეს არის საბჭოს გადასაწყვეტი. ჩვენ არაფერზე არ ვამბობთ გადაჭრით არაფერს. საინტერესო ამბებიც შეიძლება მოხდეს. საბჭოში არის იმდენი ადამიანი, რამდენიც დღეისთვის უნდა იყოს. დანარჩენი მომავალში ვნახოთ. 

განსაკუთრებულ ხასიათზე იყო დღეს თინა ხიდაშელი, რომელიც შეეცადა შეკითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემას, თუმცა კითხვების ნაწილს თავი ოსტატურად მაინც აარიდა.  

„პრესა.ჯი“ –  სადამფუძნებლო დეკლარაციაში 12 პუნქტში გაწერილია თქვენი გეგმა. როგორ ფიქრობთ, მოახერხებს ივანიშვილი ამ გეგმის შესრულებას 2 წელში, რომლის შემდეგაც უკვე ოპოზიციაში წასვლა უწევს?

– ეს რაც აქ წერია პოლიტიკური ნების ნაწილია. ეს უნდა გინდოდეს, როდესაც ხელისუფლებაში ხარ.

– პოლიტიკური ნება ერთია, მაგრამ განხორციელების რესურსი მეორე...

– უნდა გინდოდეს, რომ დემოკრატიული სახელმწიფო გქონდეს. მე პოლიტიკურ ნებაზე გესაუბრებით. ამის შემდეგ, უნდა გყავდეს გუნდი, რომელიც გონივრულად  განახორციელებს ამას.

რაც შეეხება ივანიშვილის ოპოზიციაში გადასვლას, ხიდაშელმა ამ თემაზე საუბარი არ ისურვა. 

ჟურნალისტების განსაკუთრებულ ინტერესს კოალიციასა და პოლიტსაბჭოს მიღმა დარჩენილი კობა დავითაშვილი წარმოადგენდა. „პრესა.ჯი“:  რატომ ვერ მოხვდით კოალიციაში და ვერც პოლიტიკურ საბჭოში?

– არ მითხოვია და იმიტომ...

– დანარჩენებმა ითხოვეს? მაგალითად ზვიად ძიძიგური თხოვნის შემდეგ აღმოჩნდა პოლიტიკურ საბჭოში?

– ზვიად ძიძიგური არის როგორც ერთ–ერთი სტრუქტურის ხელმძღვანელი. ის მოხვდა თანამდებობრივად.

– თქვენ რამ შეგიშალათ ხელი?

– არ მითხოვია მეთქი თანამდებობრივად პოლიტიკურ საბჭოში ყოფნა.

– რა საქმიანობით იქნებით დაკავებული კოალიციაში?

– რიგითი ჯარისკაცი ვიქნები და თან ვიქნები კოალიციის პიარით დაკავებული.

კობა დავითაშვილმა, ჩვენთან საუბრისას არ ისურვა დაეკონკრეტებინა, თუ ვინ ითხოვს დაწინაურებას ივანიშვილის კარზე. მას არ უთხოვია თანამდებობა და ვერც მიიღო. ლოგიკურად  გამოდის, ოლიგარქს ისინი თხოვდნენ დაწინაურებას, ვინც შუშის სასახლესა და კოალიციაში განსაკუთრებული ადგილები მიიღეს.