მოლდოვა საკუთარ ცას თუ გააკონტროლებს, მოსკოვი 2008 წლის ომს გაიმეორებს

  13:24:39     21-02-2012

მოლდოვამ საკუთარი საჰაერო სივრცის დაცვის შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო, მოსკოვს კი „ოპერატიული“ რეაქცია ჰქონდა და კიშინიოვს „საქართველოს სამხედრო გზა“ შეახსენა, რომელზეც 2008 წელს რუსულმა ტანკებმა გაიარ-გამოიარეს.

მოლდოვას პარლამეტს სურს, ქვეყანამ თავად აკონტროლოს თავისი ცა და შესაბამისად, პირველი მოსმენით მიღებული კანონიც მიმართულია იმ საფრენი აპარატების წინააღმდეგ, რომლებიც უკანონოდ იყენებენ მოლდოვას საჰაერო სივრცეს. ანუ, თუკი კანონის მიღების შემდეგ რუსული თვითმფრინავი დაუკითხავად გადაიფრენს ცაზე, მოლდოვა მისი ჩამოგდების უფლებას იტოვებს.

აკრძალვა რუსეთის იმ თვითმფრინავებზეც ვრცელდება, რომლებიც დნესტრისპირეთში განთავსებულ რუსეთის სამშვიდობო ჯარებს ამარაგებენ.
მაგრამ ყველაზე მეტად მოსკოვი იმან გააღიზიანა, რომ მოლდოვა თავისი უფლებების დაცვას ნატო-ს წევრი ქვეყნების ვერტმფრენებით აპირებს. კიშინიოვს დაგეგმილი აქვს მათგან 240 მილიონი დოლარის ღირებულების თვითმფრინავები და ვერტმფრენები შეიძინოს.

რუსეთში მაშინვე საქართველო გაახსენდათ: მოლდოვა ახლა ვერ გარისკავს რუსეთს დაუპირისპირდეს, მაგრამ როგორც საქართველოს მაგალითმა აჩვენა, ნატო-ს ფინანსებისა და ბერკეტების ჩართვის შემთხვევაში, სიტუაცია ძალიან სწრაფად შეიძლება შეიცვალოს. როგორ იმოქმედებს რუსეთი?

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბერკეტები ძალიან მცირეა. მოლდოვა დამოუკიდებელი ქვეყანაა და რასაც უნდა და ვისგანაც უნდა - შეიძენს. ალექსანდრ ხრამჩიჩინი უშვებს, რომ საქართველოს მსგავსი სცენარი განმეორდეს, თანაც უფრო მწვავე კონფლიქტი გაჩაღდეს, რადგან თუ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთს ესაზღვრებიან, დნესტრისპირეთს არ აქვს ასეთი მდებარეობა, უკრაინა კი თავის ტერიტორიას, რუსეთის სამხედრო ტექნიკისა და ჯარის გასავლელად, არ დათმობს.

მოლდოვას მიერ ჯერ ბოლომდე არმიღებულ კანონს მოსკოვში უკვე სამხედრო კონფლიქტის დონეზე განიხილავენ და იმაზე ფიქრობენ, რა უნდა გააკეთოს რუსეთმა, რომ მშვიდობის იძულების ოპერაციის ჩატარება კიდევ ერთხელ არ დასჭირდეთ. თუ მოლდოვა გაბედავს და რუსეთს წინააღმდეგობას გაუწევს, თანაც ნატო-ს ქვეყნების სამხედრო ტექიკით,  პოლიტოლოგი პაველ სალინი ამბობს, რომ კიშინიოვი „მიიღებს იმას, რაც მიიღო საქართველომ“ - ტერიტორიის დაკარგვას და დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.