ივანიშვილმა მამუკა არეშიძე და გოგლა ჟვანია ერთმანეთს გადაჰკიდა

  12:26:09     21-02-2012

შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, მაგრამ მკვეთრად იცვლება და იძაბება სიტუაცია ბიძინა ივანიშვილის კარზე, რადგან ახლადშეკრებილი სახეები ჩამოლაბორანტებასა თუ აღზევებას ელოდებიან. 

ივანიშვილმა პოლიტიკაში ხუთთვიანი მოღვაწეობის პერიოდში უკვე მოასწრო თავისი გუნდის წევრების განაწყენება. მეტიც, მისი შუშის სასახლის კარი უკანმოუხედავად გამოიხურეს ყოფილმა სახალხო დამცველმა - ნანა დევდარიანმა, ეკონომიკის ექსპერტებმა: ვაჟა ბერიძემ და გია ხუხაშვილმა... 

მილიარდერის ახირებებს ჯერჯერობით მოთმინებით იტანენ მისი სხვა თანაგუნდელები. თუმცა ,,პრესა.ჯი’’–ს ინფორმაციით, შუშის სასახლეში დენთის სუნი ისევ ტრიალებს...

ბიძინა ივანიშვილს ახლა ექსპერტი მამუკა არეშიძე ამოუთვალწუნებია. ოლიგარქმა მას ,,ქართული ოცნების’’ რეგიონული განვითარებისა და ეროვნული უმცირესობების თემატური ჯგუფის კოორდინატორობა დაავალა. 

თუმცა, რამდენიმე დღის წინ, ოლიგარქმა არეშიძე გოგლა ჟვანიათი ჩაანაცვლა,  რაზეც მამუკა არეშიძე საკმაოდ დაბოღმილა და შესაძლოა, მესამე ექსპერტი, რომელიც ივანიშვილისგან უკანმოუხედავად გამოიქცევა, სწორედ არეშიძე გახდეს. 

ზუსტად ცნობილი არ არის, რატომ ჩამოალაბორანტა ოლიგარქმა არეშიძე, თუმცა, როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ თათბირზე ივანიშვილმა ამაყად განაცხადა: „გოგლა ჟვანიას, პარტიული მოღვაწეობის პერიოდში, მისი ძმის, ზურაბ ჟვანიას გამოცდილება გამოადგება“. 

რა თქმა უნდა, ოლიგარქს სიტყვა არ დასცდენია იმის შესახებ, რომ გოგლა ჟვანია პოლიტიკაში და მითუმეტეს რეგიონალური პოლიტიკის წარმოებაში, ისეთივე კვალიფიკაციური კადრია, როგორც „ჩემი ეკა“.

,,პრესა.ჯი’’ ცდილობდა ივანიშვილზე გაბუტულ არეშიძესთან დაკავშირებას, მაგრამ მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. როგორც ჩანს, გუნებაგაფუჭებულ ექსპერტს სატელეფონო ზარები არ სიამოვნებს. 

რაც შეეხება გოგლა ჟვანიას ის არათუ აღნიშნულ ფაქტს, საერთოდ უარყოფს რაიმე ტიპის ფორმირებებს „ქართულ ოცნებაში“. ჩვენთან საუბარში გოგლა ჟვანიამ განაცხადა რომ ,,ქართულ ოცნებაში’’ „სტრუქტურული ჩამოყალიბებები“ არ განხორციელებულა და ჯერ მხოლოდ პარტიის ჩამოყალიბებაზე მიმდინარეობს მუშაობა.

თუმცა, სოლოლაკის სასახლეში უკვე შიშობენ, რომ თუ ოლიგარქი ასეთი ტემპით გააგრძელებს ადამიანების ჩამოლაბორანტებას, საარჩევნოდ, ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა პარტიაში მხოლოდ მისი მრავალრიცხოვანი ოჯახი და „ჩემი ეკა“ დარჩეს.