
,,რესპუბლიკელები“ და ,,თავისუფალი დემოკრატები“, პარტიული პოსტების გამო, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
11:43:40     21-02-2012
ბიძინა ივანიშვილმა "ქართული პარტიის" საინიციატივო ჯგუფიც წარმოადგინა და "საოცნებო" კოალიციაც. ორივეგან, ძირითადში, აქცენტი სექსუალურად აჟიტირებულებსა და მდიდრებზე კეთდება, თუმცა როგორც ,,პრესა ჯის“ თავად ,,ქართული ოცნების“ გარემოცვიდან ატყობინებენ, ჯერ არშემდგარ კოალიციაში, უკვე შიდაპარტიული განხეთქილებაა და ეს განხეთქილება პარტიული პოსტების გადანაწილებას ეხება.
კოალიციური სკანდალი ივანიშვილის მიერ შეკოწიწებულ პარტიებს შორის, გარეგნულად იმალება, თუმცა ივანიშვილის მოსვლაზე "მეოცნებეებს", შესაძლოა, იმედები გაუცრუოს. ივანიშვილის პარტიის იმერეთის ბიუროში, ინტრიგები და დაპირისპირება შიდაპარტიული პოსტების გადანაწილებას ეხება. ალასანიას პარტიის, "თავისუფალი დემოკრატების" ქუთაისის ბიუროს თავკაცს, იურა წივწივაძესა და "რესპუბლიკელების" ქუთაისის თავმჯდომარეს, ნატო ქათამაძეს შორის, სერიოზული შეხლა-შემოხლა მომხდარა, იმ მოტივით, რომ „სიტუაციებს აქ მე ვწყვეტ, მე ვარ უფროსი და არა შენო“. თანაც ჩხუბის მომენტში, ორივე პარტიის ლიდერი ერთმანეთს შავ-ბნელ წარსულს აძახებდა.
„ეს დასაწყისია და ალიანსში სხვა პარტიებიც რომ მოიყრიან თავს, სიტუაცია უფრო დაიძაბება. იქნება ბრძოლა ლიდერობისთვის, ბრძოლა წესების გარეშე“ – იტყობინება თავად კოალიციის წევრი, არსებული შიდადაპირისპირების თაობაზე.
,,პრესა. ჯიმ“ ამავე წყაროსგან ისიც გაარკვია, რომ ,,ქართული ოცნებიდან“ იმერეთის მთელ რეგიონს მამუკა არეშიძე გაუწევს კოორდინაციას. ხოლო ქუთაისის ბიუროს, არეშიძის ფავორიტი ნუგზარ მჭედლიშვილი უხელმძღვანელებს. ის, რომ ივანიშვილის პარტიაში ძირითადად კორუფციაში მხილებული ან წარსულის მანკიერი გადმონაშთები იყრიან თავს და არა ახალგაზრდა ჯანსაღი ძალები, მჭედლიშვილის დანიშვნის ფაქტითაც დასტურდება.
ნუგზარ მჭედლიშვილი ყოფილი ჩინოვნიკია, რომელიც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ, დაკავებული იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების მითვისების ბრალდებით, მაშინდელი მერიის სხვადასხვა ჩინოვნიკებთან ერთად. ეს დანაშაული 10 წლიან სასჯელს ითვალისწინებდა და ,,ქართული ოცნების`` ქუთაისის ბიუროს უფროსი მჭედლიშვილი, ახლაც პირობითმისჯილია.
მაშინ ფართომასშტაბიანი ოპერაცია ბიუჯეტის კუთვნილი თანხის 600 000 ლარის მითვისების ბრალდებით ჩატარდა. მერიის მაღალჩინოსნებს შორის დაკავებულებში ნუგზარ მჭედლიშვილიც იყო. მჭედლიშვილი ივანიშვილის ძმასთან დაახლოვებული პირი ყოფილა და როგორც ჩანს, ივანიშვილის პარტიაშიც იოლად ამიტომ მოხვდა ვაკანტურ პოსტზე.
ცალკე თაიგულია თავოყრილი ალასანიას პარტიულ რგოლებში. ალასანიას პარტიას ქუთაისში იური წივწივაძე, საგადასახადოს ყოფილი ინსპექტორი ჩაუდგა სათავეში, რომელიც ადგილობრივ მეწარმეებში არცთუ კარგი ავტორიტეტით სარგებლობს. ახალგაზრდული ორგანიზაციის უფროსად "თავისუფალ დემოკრატებში" კახა ქუთათელაძე დანიშნეს. მათ თითქმის ოჯახური კლანი აქვთ ალასანიას პარტიაში. „დედა მაია შალამბერიძე წყალტუბოს "დემოკრატებს" უდგას სათავეში, მასთან ერთადაა, იმერლებში ცხრა მთავრობაგამონაცვალად წოდებული ვანო როყვა. თუ გინდა სადმე, იმერეთის მასშტაბით მოხვდე "დემოკრატებში", მათთან უნდა ჩააწყო საქმებიო“ – ყვება ჩვენი წყარო და იქვე ერთ გახმაურებულ ისტორიასაც იხსენებს. რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი გია გურეშიძე ნოღაიდელის სიით გადიოდა წყალტუბოში და 3000 ათასი ლარი მოსთხოვეს, გურეშიძემაც გადაიხადა, თუმცა მერე საერთოდ არ ჩასვა ნოღაიდელმა გურეშიძე სიაში. ეს ამბავი მთელმა პარტიამ გაიგო მაშინ. ნოღაიდელმა პარტიის მაშინდელი ლიდერი, ახლა უკვე "მოძრაობა სამართლიანი საქართველოს" ლიდერი სერგო ჯავახაძე წყალტუბოს მიავლინა, ამბების გასარკვევად.. თავის დროზე, თუ ვინმე გააგდეს ნოღაიდელის პარტიიდან, ყველამ ქუთაისში მოიყარა თავი "თავისუფალ დემოკრატებთან"- აცხადებს „პრესა.ჯი–ს“ წყარო.