თემურ ფირცხალაიშვილის ხსოვნის საღამო

  11:23:03     21-02-2012

ჩვენი თაობის ადამიანებს, ვინც სწავლობდა 1980-იან წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ან დაინტერესებული იყო პოეზიით და საქართველოს თავისუფლებაზე ოცნებობდა, უსათუოდ ემახსოვრება შესანიშნავი პოეტი თემურ ფირცხალაიშვილი.

თემურ ფირცხალაიშვილი ძალიან ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან. მას რთული ცხოვრება ჰქონდა. ბოლოს მძიმედ იყო დაავადებული. მე ვიტყოდი, რომ ქართულმა პოეზიამ საკმაო დიდი დანაკარგი განიცადა, ამ ნიჭიერი ადამიანის უდროოდ გარდაცვალებით.

პრესა.გე-ს მკითხველებისათვის, ახალგაზრდებისათვის სულ მინდოდა გამეცნო თემურ ფირცხალაიშვილის შემოქმედება. მისი ლექსები გამოქვეყნებულია „ქართული ახალგაზრდული პოეზიის ანთოლოგიაში“ (I ტომი). შეპირებული იყვნენ სურათს...

ახლა ინტერნეტში, ფეისბუკზე დამხვა მოწვევა თემურ ფირცხალაიშვილის საღამოზე. როგორც ჩანს, ეს სოსო (სევარიონ) ნადირაძის ინიციატივით ხდება. პოეტ სოსო ნადირაძეს კარგად იცნობს ჩვენი მკითხველი. სოსო თემურის მეგობარი იყო, და ახლა იხსენებს მეგობარი მეგობარს, პოეტი პოეტს... ძალიან გამიხარდა...

ქვემოთ შემოგთავაზებთ თემურ ფირცხალაიშვილის მართლაც გენიალურ ლექსს. მის შემოქმედებაზე კიდევ გვექნება საუბარი...

და არ შეიძლება პრესა.გე-ს ლიტერატურის მოყვარული მკითხველების საყურადღებოდ არ გამოვაქვეყნოთ განცხადება, რომელიც ამ საღამოსთან დაკავშირებით მომივიდა (http://www.facebook.com/events/327282120655951/):

22 თებერვალს, 16 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხუთე (V) კორპუსში (ყურადღება მიაქციეთ - პუშკინის ინსტიტუტის გვერდით), 313 აუდიტორიაში

გაიმართება

უდროოდ წასული გენიალური პოეტის -

თემურ ფირცხალაიშვილის შემოქმედებითი საღამო.

დასწრება თავისუფალია და უამრავ სასიამოვნო წუთს ჰპირდება ჭეშმარიტი პოეზიის მოყვარულებს...

ამ საღამოსადმი დიდი ინტერესი გამოავლინეს საქართველოს გარეთ მცხოვრებმა თანამემამულეებმა, ამიტომ გვაქვს უმორჩილესი თხოვნა, შეძლებისგვარად, ვისაც გაქვთ ციფრული ვიდეოკამერები წამოიღეთ, რათა ფეისბუქზე განვათავსოთ საღამოს ამსახველი კადრები...

* * *

ღამე ყორანივით შავი,
უფრო ნერვიული ხველა,
ყველამ დამანებეთ თავი,
თავი დამანებეთ ყველამ.
ხშირად ვიხედები უკან,
ფიქრი გაწოლილა მთებზე.
ჩემზე ნერვიულობთ ნუღარ,
ნუღარ ნერვიულობთ ჩემზე.
დაუნდობელია დრო მთლად,
ბედი ხელუკუღმა მცემდა.
ჩემთან ნუღარავინ მოხვალთ,
მოხვალთ ნუღარავინ ჩემთან.
ღამე ყორანივით შავი,
უფრო ნერვიული ხველა,
ყველამ დამანებეთ თავი,
თავი დამანებეთ ყველამ.