საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ავღანეთში

  11:07:10     21-02-2012

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ და ვიცე პრემიერმა გიორგი ბარამიძემ ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფი ქართველი სამხედროები მოინახულეს. ჰელმანდის პროვინციაში ბაზა "შუკვანზე" პრეზიდენტი ქართველ ჯარისკაცებს შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის უწყებრივი მედლებით - "სამშობლოსათვის თავდადებული" - პირადად დააჯილდოვა ჰელმანდში მომსახურე ჯარისკაცები: ვიცე პოლკოვნიკი ფრიდონ ელბაქიძე; კაპიტანი პაატა ნაკანი; უფროსი ლეიტენანტი გიორგი ფილია; უფროსი ლეიტენანტი ბექა კელენჯერაძე; კაპრალი გიორგი ლომიძე.

„თქვენ მოისმინეთ როგორი კმაყოფილი იყო საქართველოს პრეზიდენტი იმით, რაც აქ მან ნახა. მას ინფორმაცია თითქმის ყოველდღიურად მიეწოდება, აქ არსებულ ვითარებაზე მისი დამოკიდებულებაც ცნობილია. თუმცა, მე მინდა ხაზი გავუსვა თავად სამხედროების კმაყოფილებას, როცა ნახეს თავიანთი უმაღლესი მთავარსარდალი აქ, ამ ტერიტორიაზე, იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე უკიდურესი წერტილი. შეიძლება ითქვას, რომ დღეს მსოფლიოში ეს არის ყველაზე ცხელი წერტილი. ამაზე ცხელი წერტილი რეალურად მსოფლიოში დღეს არ არსებობს”. განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ.

საქართველოს მთავარსარდალმა ჰელმანდში ქართველ სამხედროებთან ერთად ჯავშანტექნიკით კონკრეტული მონაკვეთის პატრულირება განახორციელა. ოფიციალური მიმართვის შემდეგ მან ჯარისკაცებთან ერთადაც ისადილა.

Mod.gov.ge