ივანიშვილი, პოლიტიკაში „შავი ფულის“ დასატრიალებლად, უკვე რიგით მოქალაქეებს იყენებს

  15:23:10     20-02-2012

კონტროლის პალატამ ,,ქართული ოცნების’’ კიდევ ერთი ფინანსური მაქინაცია გამოავლინა. როგორც ცნობილი ხდება ბიძინა ივანიშვილი ფულს დაბრუნების გარანტიით გასცემს. სწორედ, აღნიშნულ სქემაზე წერდა, ცოტა ხნის წინ ,,პრესა.ჯი’’. მეტიც, სოციალურ ქსელში ოლიგარქის მხარდამჭერებს იდეა ,,გაუჩნდათ’’ ,,ქართულ ოცნებას’’ ფინანსურად დაეხმარონ. კონტროლის პალატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ეს ბიძინას მიერ აპრობირებული მეთოდია. იგი ჯერ თავად აძლევს ფულს გარკვეულ პირებს, შემდეგ კი ამ თანხის ,,ქართული ოცნებისთვის’’ შეწირვას ითხოვს.

კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ნათია მოგელაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანია „ქართუ მშენებელში“ მომუშავე პირზე გაიცა უჩვეულოდ მაღალი პრემია, რომლის ნაწილი შემოწირულობის სახით „ქართული ოცნების“ ანგარიშზე ჩაირიცხა.

მოქალაქე ნუგზარ ხუციშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია შპს „ქართუ მშენებელიდან“  2011 წლის განმავლობაში სულ ხელფასის სახით მიღებული აქვს 12.000 ლარი, შესაბამისად, თვეში ხელფასის სახით -1000 ლარი.

2012 წლის 6 თებერვალს, ნუგზარ ხუციშვილმა ბიძინა ივანიშვილის კომპანია შპს „ქართუ მშენებელისაგან“ პრემიის სახით მიიღო უჩვეულოდ დიდი თანხა 40.000 ლარი, რაც ფაქტობრივად მისი 4 წლის ხელფასს შეადგენს, საიდანაც 20.000 ლარი პრემიის მიღებიდან 3 დღეში შემოწირულობის სახით ბიძინა ივანიშვილისვე დაფუძნებულ მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ გადაურიცხა.

,,სახეზეა კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის გვერდის ასავლელად შემოწირულობის სხვა პირის მეშვეობით განხორციელება, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს შემოწირულების სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვას, სამართალდამრღვევი პირის მიმართ კი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციების გამოყენებას.

გვაქვს ვარაუდის საფუძველი, რომ ამ და მსგავსი სქემების გამოყენებით ხდება შავი ფულით პოლიტიკური მიზნების დაფინანსება. ამიტომ მივმართავთ ფიზიკურ პირებს, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნან მსგავსი უკანონო სქემების განსახორციელებლად, თავი შეიკავონ ამ ქმედებებისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული სანქციები.

ვინაიდან საქართველოს კონტროლის პალატისთვის პრიორიტეტულია სამართალდარღვევის პრევენცია, „ქართულ ოცნებას“ მივმართავთ წინადადებით, კანონით დადგენილი რეგულაციების გვერდის ავლის მცდელობით მიღებული შემოწირულობა დაუბრუნოს უკან შპს „ქართუ მშენებელს“ – განაცხადა კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ.

როგორც აღვნიშნეთ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ,,ქართულ ოცნებას’’ კონტროლის პალატა ფინანსურ მაქინაციაში ამხელს. პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ნათია მოგელაძის, 25 იანვრით დათარიღებულ წერილში საუბარია მსგავს ფინანსურ მაქინაციაზე.,,2012 წლის 17 იანვარს, შპს ,,ელიტა ბურჯმა’’, მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი 2 მილიონი ლარიდან, 100 000 ლარი უკან გადაურიცხა მოძრაობა ,,ქართულ ოცნებას’’. აღნიშნული ფაქტიდან 3 დღეში, შპს ,,ელიტა ბურჯმა’’,  2012 წლის 20 იანვარს გაფორმებული ახალი ხელშეკრულების საფუძველზე, 100 000 ლარის გარდა, მოძრაობა ,,ქართულ ოცნებას’’ კიდევ 1 მილიონი ლარი დაუბრუნა ანგარიშზე.

ვთვლით, რომ სახეზეა მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების ნიშნები. ორივე ორგანიზაცია რეალურად ეკუთვნის ერთიდაიგივე ფიზიკურ პირს, მოძრაობა ,,ქართული ოცნების’’ გამგეობის თავმჯდომარე – ბიძინა ივანიშვილს და შესაბამისად, თავად არის დამკვეთიც, შემსყიდველიც და შემსრულებელიც. შპს ,,ელიტა ბურჯსა’’ და მოძრაობა ,,ქართულ ოცნებას’’ შორის გარიგება დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ შეთანხმებას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა.

,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’’ საქართველოს კანონის მიხედვით კი, ბათილია ყველა გარიგება, რომელიც მიზნად ისახავს კანონით დადგენილი წესებისა და შეზღუდვებისათვის თავის არიდებას. ამგვარი გარიგების საფუძველზე გაცემული და მიღებული ქონება მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში.

ამ შემთხვევაშიც მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ქმედებები განხორციელებულია ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის რეგულაციების გვერდის ასავლელად და მიზნად ისახავს იურიდიული პირისგან, კონკრეტულ შემთხვევაში შპს ,,ელიტა ბურჯისგან’’ მიღებული კანონით აკრძალული შემოწირულობისათვის კანონიერი სახის მინიჭებას.

საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური, ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონით მონიჭებული მანდატის საფუძველზე ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს კანონის რეგულაციების გვერდის ავლის ყველა მსგავს მცდელობაზე.’’

კონტროლის პალატის ამ განცხადების შემდეგ, ,,ქართული ოცნების’’ ანგარიშზე იურიდიული პირის – შპს ,,ელიტა ბურჯის’’ მიერ ჩარიცხული თანხა – 1 100 000 ლარი შპს ,,ელიტა ბურჯის’’ ანგარიშზე სასწრაფოდ დააბრუნეს, რომ კანონის შესაბამისად აღნიშნული თანხა საქართველოს ბიუჯეტში არ მოხვედრილიყო.