დავით უსუფაშვილი მურმან დუმბაძეს ემუქრება

  12:05:49     20-02-2012

ბევრი იწვალა თუ ცოტა, ,,რესპუბლიკელები“ მხრიდან, პარტიიდან გარიცხული მურმან დუმბაძე, ბიძინა ივანიშვილის გუნდში მოხვდა. თუმცა, როგორც ჩანს, მას ,,თავი ქუდში’’ მაინც არ აქვს. სანამ დუმბაძე საუბრობდა ივანიშვილის გუნდში ,,რესპუბლიკელების’’ ბლოკადაზე, უსუფაშვილი დუმდა, იგი მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ივანიშვილმა დუმბაძე მიიღო. ალაპარაკდა და თან ისე, რომ ფაქტობრივად აღიარა ივანიშვილზე მისი გუნდის გავლენა და თავს მუქარის უფლებაც მისცა.

,,რესპუბლიკური პარტიის’’ თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადება მურმან დუმბაძესთან დაკავშირებით, პარტიის პრეს–სამსახურმა გაავრცელა. ,,მიუხედავად იმისა, რომ ქვემოთ  მოყვანილ დეტალებზე საჯარო საუბარი ხელს არ უწყობს საერთო საქმეს და დღემდე ამიტომაც ვდუმდი, მედიაში მურმან დუმბაძის მიერ ატეხილი აჟიოტაჟის გამო, იძულებული ვარ განვაცხადო შემდეგი’’ – წერს უსუფაშვილი და ხუთპუნქტად აყალიბებს აზრს, სადაც ხაზს უსვამს, რომ ბიძინა ივანიშვილთან საქმის მოგვარება, მისი გავლით ხდება.

ციტატა უსუფაშვილის განცხადებიდან:  ,,მიუხედავად დიალოგისთვის ჩემი საჯაროდ გამოხატული მზაობისა, მურმან დუმბაძე აგრძელებდა, ერთი მხრივ, ,,რესპუბლიკურ პარტიაზე’’ თავდასხმებს და მეორე მხრივ, ცდილობდა ბიძინა ივანიშვილთან მისასვლელი გზების ძიებას. ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებმა მას მკაფიოდ განუმარტეს, რომ ამ გზით  სასურველ შედეგს ვერ მიაღწევდა და საჭირო იყო უშუალოდ ჩემთან შეხვედრა. ამის შესახებ საჯაროდ განაცხადა თავად ბიძინა ივანიშვილმაც.’’ ამ ციტატას, ალბათ კომენტირება არ სჭირდება და მის ფონზე ბიძინა ივანიშვილის ფეხის ბაკუნი – გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვიღებო, სასაცილოდ ჟღერს.

კიდევ უფრო საინტერესოა უსუფაშვილის განცხადების მეხუთე პუნქტი, რაც ფაქტობრივად ულტიმატუმს უფრო ჰგავს, ივანიშვილის კარზე გაძლიერებული პოლიტიკური ლიდერის მხრიდან: ,,მიუხედავად ამ ყველაფრისა, თუ მურმან დუმბაძე მოუხმობს კეთილგონიერებას, გაიაზრებს და გაითვალისწინებს არა მხოლოდ ჩემს, არამედ, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის რჩევებსა და პოზიციებს და პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსისთვის შესაფერის ნაბიჯებს გადადგამს, ჩვენ მოვახერხებთ თანამშრომლობის ფორმატის გამოძებნას.’’ განცხადებას კი უსუფაშვილი მუქარით ასრულებს: ,,პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამო ჩემი და ჩემი კოლეგა ,,რესპუბლიკელების’’ თმენის ვალდებულება, არ არის უსაზღვრო.’’

უსუფაშვილის განცხადებიდან ჩანს, რომ მას მოთმინების ფიალა ეწურება და თუ დუმბაძე კიდევ ერთხელ გაბედავს ,,რესპუბლიკელებზე’’ ხმის ამოღებას, ხუთპუნქტიანი განცხადების პათოსს თუ გავითვალისწინებთ, უსუფაშვილი მას ალბათ კვლავ მიუხურავს ივანიშვილის შუშის სასახლის კარებს.  ახლა, ამ კარის გასაღები ,,რესპუბლიკელების’’ ხელშია, რასაც უსუფაშვილი თავის განცხადებაში აღიარებს.