
რატომ იყო გაქცეული ვალერი გელბახიანი!
11:32:12     20-02-2012
ვალერი გელბახიანი, შსს-ს მიერ 2008 წლის 22 იანვარს პასუხისგებაშია მიცემული დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. იმავე წლის 2 თებერვალს, ვალერი გელბახიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება. 2008 წლის 4 თებერვალს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
როგორც შსს-ში განმარტავენ, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვალერიან გელბახიანმა ჩაიდინა დანაშაული - შეთქმულება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. "კერძოდ, ვალერი გელბახიანმა არკადი პატარკაციშვილთან და მარინა გაბუნიასთან ერთად, შეიმუშავა გეგმა შეთქმულების გზით დაემხოთ სახელმწიფო ხელისუფლება. სამოქმედო გეგმის თანახმად, ორგანიზებული ჯგუფების მიერ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არჩევნების ჩაშლის მიზნით, ძალადობრივი პროვოკაციების მეშვეობით, უნდა მომხდარიყო თითქოსდა უკმაყოფილო ხალხის ქუჩაში გამოყვანა და დაწყებულიყო მასობრივი არეულობები.
პარალელურად, დიდი ოდენობით თანხების შეთავაზების გზით უნდა მომხდარიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გადმობირება, შინაგან საქმეთა მინისტრის დაკავება, რასაც მოყვებოდა სხვა სახელისუფლო რგოლების ფუნქციონირების მოშლა. აღნიშნულის მიზნით, გაბუნია რამდენჯერმე შეხვდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსს, ერეკლე კოდუას. ამ უკანასკნელმა საქმის კურსში ჩააყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა, რის შემდეგაც დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენისა და ქმედების აღსაკვეთად, დაიგეგმა შესაბამისი ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიება.
2007 წლის დეკემბრის თვეში გაბუნია და გელბახიანი კვლავ შეხვდნენ კოდუას, აუხსნეს თავიანთი დანაშაულებრივი განზრახვა და შეჰპირდნენ რამდენიმე მილიონ დოლარს, სანაცვლოდ კი ე.კოდუას უნდა დაეკავებინა შინაგან საქმეთა მინისტრი. გელბახიანმა კოდუას უთხრა, რომ წინასწარ ჰყავდა მომზადებული დაახლოებით 80 000 კაცი ხალხის ქუჩაში გამოყვანისა და მასობრივი მანიფესტაციების მოსაწყობად, საარჩევნო უბნების დასარბევად და ქვეყანაში მასობრივი მღელვარების გამოსაწვევად, მიმდინარე პროცესების ესკალაციისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. ყველა აღნიშნული საკითხი შეთანხემბული იყო პრეზიდენტობის კანდიდატ არკადი პატარკაციშვილთან",-აღნიშნულია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, 2007 წლის 23 დეკემბერს პატარკაციშვილის თანხმობით კოდუა ლონდონში შეხვდა ამ უკანასკნელს, სადაც განიხილეს საქართველოს ხელისფლების დამხობის გეგმის დეტალები და კოდუას კონკრეტული დავალება შინაგან საქმეთა მინისტრის ნეიტრალიზების გეგმის ჩათვლით, სანაცვლოდ კი კოდუა მიიღებდა ფინანსურ და პოლიტიკურ გარანტიებს.