
ვალერი გელბახიანი დააკავეს
11:18:03     20-02-2012
ქართველმა სამართალდამცავებმა საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ვალერი გელბახიანი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, გელბახიანის დაკავება, საქართველო-სომხეთის საზღვარზე მოხდა, კერძოდ, სადახლოს საზღვრის გამშვებ პუნქტზე, სადაც ვალერი გელბახიანთან ერთად, მისი შვილი ირაკლი გელბახიანიც იმყოფებოდა.
ფაქტთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემაც გააკეთა შეფასება. მისი თქმით, გელბახიანის შვილი სად იმყოფება, ოჯახის წევრებისთვის უცნობია, რადგან მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. თარგამაძის განცხადებით, გელბახიანის შვილზე ძებნა არ ყოფილა გამოცხადებული.
შეგახსენებთ, რომ გელბახიანს სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობა ედება ბრალად. მისი ბრალდება 2007 წლის 7 ნოემბერს გავითარებულ მოვლენებს უკავშირდება. ცოტა ხნის წინ, გელბახიანმა საქართველოს ხელისუფლებას საქართველოში ჩამოსვლის უფლების მიცემის თხოვნით მიმართა, რათა ავადმყოფი დედა ენახა.