
მოსკოვის ანტიქართულ პროპაგანდას, ამჯერად მოლდოვაში ექმნება პრობლემები
07:47:32     20-02-2012
მოსკოვს აგვისტოს ომის თემაზე შექმნილი ფილმის პრემიერა აზერბაიჯანში უკვე ორჯერ ჩაუვარდა, ამჯერად კი, კრემლის დაკვეთით გადაღებული ომის რუსულ ვერსიას, პროტესტს მოლდოვას ქართული დიასპორა უცხადებს.
აღფრთოვანებით ამ ფილმს მხოლოდ მისი დამკვეთები და სეპარატისტული რეგიონები შეხვდნენ. აზერბაიჯანის კინოთეატრები კი იძულებულნი გახდნენ უარი ეთქვათ დაგეგმილ ჩვენებაზე. ჯერ კინოთეატრმა „Park Cinema“-მ და შემდეგ კინოთეატრმა „აზერბაიჯანმა“ ანგარიში გაუწა ფილმის მოწინააღმდეგეთა პოზიციას, რომლებიც აცხადებენ, რომ რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე მოსკოვის დაკვეთით შექმნილი სურათი ანტიქართულია და მისი ჩვენება, განსაკუთრებით მიუღებელია აზერბაიჯანში, რომლის ტერიტორიებიც, ასევე რუსეთის მხარდაჭერითაა ოკუპირებული.
გუშინ კი „აგვისტოს რვა“-ს მოლდოვას ქართული დიასპორაც გამოეხმაურა და ამჯერად, მოლდოვაში დაგეგმილ პრემიერას გამოუცხადა პროტესტი.
„მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიის 20% საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარა და დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი ამ ტერიტორიიდან დევნილი და იძულებით გადაადგილებულია, მოლდოვას ქართული დიასპორა დაუშვებლად მიიჩნევს ფილმის პრემიერას, რადგანაც ის პროპაგანდისტული და ანტიქართულია… რუსეთის სამხედრო ფორმირებებმა ინტერვენცია მოახდინეს არა მარტო ცხინვალის რეგიონის, არამედ აფხაზეთისაც, სადაც ერთი ტყვიაც არ გავარდნილა“ - ნათქვამია განცხადებაში.
„აგვისტოს რვა“-ს წინასაპრემიერო ჩვენება „საზეიმოდ“ შედგა მოსკოვში, სადაც ფილმის დაწყებამდე ერთგვარი ეფექტის შესაქმნელად, მიწვეულ სტუმრებსა და მაყურებელს შორის იარაღიანი სამხედროები დარბოდნენ.
რეჟისორმა კი კიდევ ერთი „ინტრიგა“ შეიტანა, როცა განაცხადა, რომ ფილმში მთავარი როლის შემსრულებლად ნატალი პორტმანის მოწვევას აპირებდა…
რატომ ვერ შედგა პორტმანთან თანამშრომლობა ფაიზიევს არ დაუზუსტებია, საბოლოოდ კი, ნატალი პორტმანის ნაცვლად ფილმში მთავარი როლი სვეტლანა ივანოვამ შეასრულა. ფაიზიევს კი ოსკარზე აქვს პრეტენზია, თუ რა თქმა უნდა, მისი ნამუშევარი, მხოლოდ რუსული აპლოდისმენტების ამარად არ დარჩება. თუმცა, საყოველთაო „აღიარება“ ფილმს არც რუსეთში რგებია. რუსული კინოსა თუ პოლიტიკის გულშემატკივარი ექსპერტებიც წერენ, რომ მცდელობის მიუხედავად, ფილმი „შიგნიდან ცარიელია“, როგორც ფუყე კაკალი. მასში არ არის არც დედა, არც შვილი, არც ქმარი, არცერთი ცოცხალი გმირი, არამედ არის სქემა დედისა, შვილისა, ქმრისა და ჯარისკაცისა… ჯანიკ ფაიზიევისათვის ომი მიზეზია სპეცეფექტებისათვის, ეს კი, სამწუხაროდ, ძალიან ჩანს ეკრანზე“ - ასეთია თავად რუსული შეფასებებიც.