მამუკა ბარათაშვილი - ვახტანგ VI-სადმი („იამბიკო“ და „ვარდი უეკლო“)
06:29:36     20-02-2012
მამუკა ბარათაშვილი XVIII საუკუნის ცნობილი პოეტია. ის გახლდათ ვახტანგ მეექვსესთან დაახლოებული პირი (სურათზე, რომელიც ამ პუბლიკაციას თან ახლავს, რა თქმა უნდა, მკითხველი მიხვდება, გამოსახულია ვახტანგ VI, სამეფო ინსიგნიებით). პოეტის შესახებ ცნობები ძალიან ცოტაა. ჰყოლია ორი ძმა. ერთი, თომა პოეტი ყოფილა. მამუკა ბარათაშვილი გაჰყვა 1724 წელს რუსეთში გახიზნულ, ქართლის მეფეს. ჯერ ასტრახანში იყო, შემდეგ მოსკოვში.
აქტიურად მონაწილეობდა რუსეთში მყოფ ქართველთა ლიტერატურულ და სხვა საქმიანობაში.
1728 წელს მონაწილეობდა რუსეთის მთავრობის მიერ შაჰ-თამაზთან წარგზავნილ დიპლომატიურ მისიაში.
1730-იან წლებში მამუკა ბარათაშვილი იყო მოსკოვში, სადაც 1731 დაწერა პოეტიკური ტრაქტატი "ლექსის სწავლის წიგნი" ანუ "ჭაშნიკი". ერთ-ერთი პირველი, ჩვენამდე მოღწეული თეორიულ-ლიტერატურული ნაშრომი, პოეტიკის სახელმძღვანელო. წიგნის პირველი ნაწილი ზოგად საკითხებს მიმოიხილავს, მეორეში კი კონკრეტული ნიმუშების მიხედვით განხილულია ქართული ლექსის სხვადასხვა ფორმა და საზომი. პოეზიის უმთავრეს დანიშნულებად ბარათაშვილს დიდაქტიკა მიაჩნია. მამუკა ბარათაშვილის აზრით პოეტისათვის აუცილებელია „ღრამატიკისა და რიტორიკის“ დაუფლება, „სიტყვის სიმარჯვე“, განათლება - „ცოდნა“. მისი აზრით, სპარსული პოეზიის გავლენა საზიანოა, „თათრის ზღაპრები გაულექსავთ მსმენელთ საზიანოდ და მთქმელთ საურიგოდ“.
1732 წელს ბარათაშვილმა ვახტანგ VI-ის ბრძანებით გალექსა საგმირო-სათავგადასავლო თხზულების "რუსუდანიანის" (XVII ს.) II თავი, რომელსაც ეწოდა "ჯიმშედიანი". მამუკა ბარათაშვილმა განავითარა ძველი ქართული საკარო პოეზიის ტრადიციები. მან 1734 დაწერა ოდა "ქება მეფისა ბაქარისა". ასევე მამუკა ბარათაშვილმა დაწერა ვახტანგ VI-ისადმი მიძღვნილი სახოტბო ლექსი "იამბიკო", რომელსაც დღეს გთავაზობთ. ამ ნაწარმოებში გადმოცემულია ბაგრატიონთა ბიბლიური დავით მეფისაგან წარმომავლობის თეორია. დღესვე გთავაზობთ მის მეორე ლექსს, სადაც მოხსენიებულია ვახტანგ მეექვსე რუსთველის სიახლოვეს (ვინ იგულისხმება? - „მონას ნუ განაშორითა“).
1736 ქართველი ემიგრანტების თხოვნით მამუკა ბარათაშვილი პეტერბურგში ეახლა რუსეთის იმპერატორს ანა ივანეს ასულს და სთხოვა ვახტანგ VI სამშობლოში დაებრუნებინა. ვახტანგ VI-ის გარდაცვალების (1737) შემდეგ მამუკა ბარათაშვილმა რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო.
მამუკა ბარათაშვილის პოეზია თემატურად მრავალფეროვანია, მისი პოეზია გამსჭვალულია სევდით, სოფლის სამდურავით. რელიგიური მოტივის გარდა, წერდა სატრფიალო-სამიჯნურო ლექსებსაც. ეხებოდა ფილოსოფიურ და პატრიოტული თემებს. თუ შეიძლება ასე ითქვას, იგი ქართული ემიგრანტული პოეზიის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია.
„მამუკა ბარათაშვილმა საბოლოოდ დაამსხვრია ქართული ვერსიფიკაციის ტრადიციული ფორმები, რომელიც რუსთველური ლექსითა და ჩახრუხაულით იყო შებოჭილი“ - წერდა კორნელი კეკელიძე - „მოგვცა ლექსთწყობის ის მრავალფეროვანი საზომი, რომელიც მერე ასე გამოიყენეს დავით გურამიშვილმა და ბესიკმა. მან პირველმა შემოიტანა ლიტერატურაში ხალხური სიმღერების კილო, პირველმა გამოიყენა რუსული ხალხური სიმღერები ქართული ვერსიფიკაციის გასამდიდრებლად.“
რუსთველის ეპიგონებისა და სპარსული პოეზიით ზედმეტად გატაცების მერე ქართულ ლიტერატურაში სიახლე შემოდიოდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მამუკა ბარათაშვილმაც, თავისი პოეზიითა და ლიტერატურულ-თეორიული აზროვნებით, ბიძგი მისცა ქართული ლიტერატურის განახლებას, განვითარებას.
პოეტი გარდაიცვალა სამშობლოდან შორს, რუსეთში.
იამბიკო
ჩემი ხელმწიფე ჩემ საქებ არი
არის იგ ჩემთვის ვალნადებარი,
ვითა ბნელთათვის ლამპარმნთებარი,
მიწყივ მნათებად არდამვსებარი,
ჩემ მოცემულთა ჭმუნვა მხვებარი.
მისი სახელი მიდიდებია,
ვინ ღმერთსა მამად უწოდებია,
რტო მისი ჩვენთვის უქადებია,
მეექვსე ვახტანგ უბადებია,
თვით ქართლის მპყრობად უმზადებია.
მე, მონა მისი, მაქები მნახეთ,
თვით გმირი ტანად, შვენიერ სახეთ,
იტყვიან ვახტანგ მებრძოლთა მახეთ,
არის დამძლევი ლახვართა მახეთ,
ქართლისა მპყრობად მიწათა და ხეთ.
ვით ჩემი ჰნახოთ, სხვაცა ენანი,
მაქებნი მიწყივ, მკობად მქმნენანი,
არიან მისთვის ძალთა მჩენანი,
მე ვიაჯ გული მისთვის მდენანი,
წყალობისა ჰყავ, მაქვან ქენანი.
* * *
ვარდი უეკლო ბრძენთაგან ზდილი მათისა ხელისა,
პოვა უფრჩქვნელად მდებარე, უსუნო საყნოსელისა,
შუქი მეფეთა შეადგა, ვით ხედავ გამფურჩქვნელისა,
ფშვის საყნოსელთა აღვსებად ნათლად უგბილთა ბნელისა.
შოთა ჯდა დიდებულითურთ, არჩილ და საბას ორითა,
ვახტანგ მიიხმო პირისპირ, სხვა უფლისწულთა სწორითა,
მონა ჰყვა წირთხლთა მიყრდნილი, ერშემოდგომით შორითა,
რქვა უფლისწულსა წყალობა: მონას ნუ განაშორითა.