
ლაშა თორდია: დალხენილად არ მიცხოვრია და ყველაფერს საკუთარი შრომით მივაღწიე . . .
18:46:42     18-02-2012
მმართველი გუნდის წევრი, დეპუტატი ლაშა თორდია პოლიტიკაში, კერძო სექტორიდან მოვიდა. კარიერულ ზრდას, კანონმდებელი საკუთარ შრომას უკავშირებს და აცხადებს, რომ მისი თაობის ოცნება, ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება იყო, რაც აუსრულდა კიდეც. ვინაიდან, თორდია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობს, დეპუტატი ამბობს, რომ მისთვის “პოლიტიკური ჩარჩიები“ აღარ არსებობს და ხშირად, გადაწყვეტილებების მიღებისას, მასში ჰუმანიზმი იღვიძებს. პრესა.ჯი პარლამენტართა სხვა კურსით წარმოჩენას განაგრძობს და ჩვენი რესპოდენტი - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლაშა თორდიაა. ინტერვიუდან კი, შეიტყობთ - რა გზა განვლო დეპუტატობამდე, რაზე ოცნებობდა სტუდენტურ წლებში და როდის არის ის, განსაკუთრებული ემოციის ქვეშ.
- ბიზნეს სამართლის მცოდნე ხართ, როგორ მოხვდით პოლიტიკაში?
- თბილისის ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტი ბიზნეს სამართლის სპეციალობით დავამთავრე, შემდეგ ბაკალავრიატი და მაგისტრატურა გავიარე. ერთის მხრივ, ეს სპეციალობა ჩემი ინტერესის სფეროს წარმოადენდა, მაგრამ მეორეს მხრივ, ბაზარზე, ამ პროფესიის ადამიანების მოთხოვნა იყო და იურისტად მუშაობა, კერძო სექტორში დავიწყე, შემდეგ კი, მიწის მესაკუთრეთა ასოციაციაში ვმუშაობდი, რომელიც პარლამენტს შიგნით მიწის ბაზრის განვითარების პროექტს ახორციელებდა. ამის შემდგომ, გასაუბრება გავიარე და პარლამენტის აპარატშიც მოვხვდი. ასევე, პარლამენტში ვიყავი საჯარო რეესტრის წარმომადგენელი და სწორედ, მაგ პერიოდში იქნა ის პროექტები მიღებული, რომლის საშუალებითაც, მსოფლიო ბანკმა, საქართველო უძრავი ქონების რეგისტრაციის კუთხით, პირველ ადგილზე დაასახელა. პროექტებიდან გამომდინარე, პოლიტიკოსებთან თანამშრომლობა მიწევდა და ნაწილობრივ, პოლიტიკაში მაქედან ჩავერთე.
- ანუ, შეგამჩნიეს?
- დიახ. თუმცა, სანამ, დეპუტატი გავხდებოდი პარლამენტთან ძალიან აქტიური ურთიერთობა მქონდა, საკანონმდებლო ორგანოში, დაახლოებით რვა წელი ვიმუშავე.
- რამდენად რთული იყო სტუდენტობიდან-დეპუტატობამდე განვლილი გზა და კარიერის გამო, რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ?
- ჩემს წარსულსა და ოჯახს თუ გადავხედავთ, ვიტყვი, რომ ძალიან ჩვეულებრივი ოჯახი მყავს, ყველა იმ გაჭირვება გამოვლილი, რომელიც 90-იანი წლებიდან დაიწყო. კერძოდ, ეს იყო პურის რიგებში დგომა, უშუქობა, ფეხით სიარული და ა.შ. აღნიშნულ წლებში, ყველაფერი გამოვლილი მაქვს და დალხენილად არ მიცხოვია. ჩემს ოჯახზე, საშუალოზე დაბალი შეძლების შეიძლება ითქვას. ყველაფერს საკუთარი შრომით მივაღწიე, რადგან არც ჩემი მშობლები და არც ნათესავები იყვნენ მაღალი თანანმდებობის პირები, რომ კარიერაში რაიმეთი დამხმარებოდნენ. ჩემს კარიერაში, ყველაფერი თანმიმდევრულად მოხდა და ალოგიკურს ვერ ვიტყვი, რადგან სტუდენტობის შემდგომ, მთელი ჩემი საქმიანობა - შრომა იყო.
- პირველი ხელფასი რამდენი აიღეთ და რაში დახარჯეთ?
- პირველი ხელფასი კარგად მახსოვს, ეს იყო - 125 ლარი, რომელიც ანაზღაურების კუთხით, კერძო სექტორში მომცეს. იმ დროს, ხელფასს გამომუშავების მიხედვით ვიღებდი. ამიტომ, მოჭრილად თანხა არ მქონდა, ზოგჯერ, ეს იყო ასი (100) დოლარი, ზოგჯერ უფრო მეტი. რაც შეეხება იმას, თუ სად დავხარჯე, ეს თანხა თანამშრომლებთან ერთად დაიხარჯა.
- მას შემდეგ, რაც დეპუტატი გახდით, პიროვნულად თქვენში რაიმე შეიცვალა?
- არაფერი. როდესაც დეპუტატი გავხდი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი, რადგან როცა პოლიტიკოსი ხარ, ბევრ რაღაცაზე გადაწყვეტილების მიღება გიწევს, რაც საზოგადოებაზე აისახება. პასუხისმგებლობის გრძნობა გამძაფრებულად დღემდე მაქვს. პოლიტიკაში, ყველა საკითხს ყოველთვის ყურადღებით უნდა მოექცე, რადგან ყურადღების მოდუნებამ, შეიძლება კარიერა მთლიანად შეცვალოს. იყო პოლიტიკოსი და იყო თანანმდებობაზე, სულ ემოციების ქვეშ ხარ.
- ვინაიდან, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ბრძანდებით, ბევრი ადამიანის გაჭივრების შესახებ გეცოდინებათ. გადაწყვეტილების მიღებისას, ცივი გონებით მოქმედებთ, თუ თქვენში ჰუმანიზმი იღვიძებს?
- ამ შემთხვევაში, ამ კომიტეტის თავმჯდომარეს, ჩარჩოები აღარ მაქვს. ყოველთვის მეგონა, რომ ჩარჩოში ვიქნებოდი და ერთნაირი პრინციპით ვიხელმძღვანელებდი, მაგრამ ცალკეული ადამიანის მოსმენის შემდეგ, ყველანაირი ჩარჩო ირღვევა. იმიტომ რომ თითოეულ ოჯახს სპეციფიკური პრობლემები აქვს. ზოგს ძალიან უჭირს და იმ გაჭირვებაში, კიდევ განსაკუთრებულ გაჭირვებას ვაწყდები. ძნელია, გამწარებულ ადამიანს უთხრა, რომ შენმა შვილმა განსაკუთრებული დანაშაული ჩაიდინა და ვერ დაგეხმარები. ზოგი ოჯახი, იმიტომ არის გაუბედურებეული, რომ მას შვილი კრიმინალი ჰყავს და მე რა ვუთხრა? მძიმე დანაშულის დახმარება, ყოველთვის მიჭირს, რადგან ამის უკან ყოველთვის, დაზარალებული დგას, რომელსაც ტკივილი მიადგა. მართალია, ეკონომიკური დანაშაულიც დანაშაულია, მაგრამ ამ შემთხევაში, სხვანაირი მიდგომა მაქვს და ვცდილობ, ადამიანს დავეხმარო რომ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ყველას ცალ-ცალკე, როცა უსმენ, განსაკუთრებული ემოციის ქვეშ რჩები. თავის გაპიარება ჩემში არ ზის, მაგრამ როცა ვინმეს ვეხმარები, ბედნიერი ვარ...
- გარდა, პოლიტიკისა, კიდევ რა საქმით ხართ დაკავებული, თუნდაც, სპორტს მისდევთ?
- ამ ეტაპზე, გართობის მექანიზმები შემუშავებული არ მქონია, მაგრამ ამ ზამთარში, ბავშვებთან ერთად ბაკურაინაში ვიყავი და თხილამურებზე დადგომა ვცადე, რაც გამომივიდა. პარლამენტის გამო, სპორტული ცხოვრების ტემპიდან ამოვვარდი.
- რაც შეეხება თქვენს ოჯახს, მეუღლე სად გაიცანით და შვილებთან როგორი ურთიერობა გაქვთ, რა სურვილებს უსრულებთ?
- ჩემი მეუღლე - მაია ირემაშვილია, რომელიც პარლამენტში გავიცანი. როცა მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში დავიწყე, მაია აპარატში მუშაობდა, საჯარო მოხელე იყო. ჩვენი ურთიერთობა სწორედ აქედან დაიწყო. გვყავს ორი შვილი - 12 წლის მარიამი და 5 წლის საბა. პრეტენზიული ბავშვები არ არიან და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ჩემი მაგალითით, შვილებს ვანახებ, რომ ვინმესთვის დეპუტატობა პრივილეგია ნამდვილად არ არის. ისინი ხედავენ, რომ ყოველთვის როცა პატრული მაჩერებს, რიგითი მოქალაქის მსგავსად ვიქცევი. ერთხელ, რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო და პატრულს ვუთხარი, რომ აქ ვცხოვრობ და იქნებ გამიშვათი-მეთქი, პატრულმა უარი განმიცხადა და პატარა შვილმა მითხრა, უკან წადიო. პრეტენზიები კი არა პირიქით, ვცდილობ, რომ თავმდაბლები იყვნენ და ამას ვუნერგავ, რადგან რაც უფრო მაღალ თანანმდებობაზე ხარ, უფრო თავდაბალი უნდა იყო.
- მომავალ მეუღლეს თავი როგორ მოაწონეთ?
- ეს ურთიერთობა ბუნებრივად დაიწყო, სიმპატიებიდან როგორც ხდება ხოლმე. რომანტიული არ ვარ, ყვავილების ფანჯრიდან გადმოყრა არ მიცდია და ფანჯრების წინ, არც ’’მიყვარხარ’’ დამიწერია, ყველაფერი ბუნებრივად მოხდა.
- პოლიტიკოს მეუღლეზე ეჭვიანობს?
- გართულებები არ აქვს. თუ საზღვარგარეთ ვარ წასული, მხოლოდ ხუმრობით მეტყვის, რომ ჭკუით ვიყო. სერიოზული კონფლიქტი ჩვენ არ გვქონია.
- რომელ ქვეყანაში იმოგზაურებდით დიდი სიამოვნებით?
- როგორც ყველას, ასევე მეც მიყვარს მოგზაურობა, ადამიანი არ მინახავს, რომ მოგზაურობა არ უყვარდეს. ახლა, დიდი სიამოვნებით დუბაიში წავიდოდი, რადგან იქ არსებული მშენებლობები ძალიან მაინტერესებს. ასევე, მაინტერებს იაპონია, ვინაიდან, სიახლე და ტექნოლოგიები მხიბლავს. ჩემი პირველი მოგზაურობა ავსტრიაში იყო და ვენამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
- ბავშვობაში რაზე ოცნებობდით და თუ აგიხდათ?
- ვინაიდან, ჩემი ასაკის თაობის ადამიანები მძიმე პირობებში ვიზრდებოდით, ყველას გვსურდა, რომ იმ სახელმწიფოში გვეცხოვრა, სადაც ადამიანის უფლებები დაცული იქნებოდა და უშუქობა, პურის რიგები წარსულს ჩაბარდებოდა. ვოცნებობდი, რომ ჩემი ქვეყანა ფეხზე დამდგარიყო და ეს ამიხდა კიდეც. ვფიქრობ, რომ საქართველოს განვითარება კიდევ უფრო წინ წავა და ბევრი ადამიანი, რომელსაც დღეს უჭირს, იქნებიან ჩვენი საზოგადეობის სრულფასოვანი წარმომადგნელები. როცა ფეხით საბურთალოდან მთაწმინდისკენ მოვდიოდი, ოცნება იყო, რომ ნორმალურად გვეცხოვრა...