
რუსეთის საპატრიარქო ომისათვის ემზადება და აპოკალიფსს წინასწარმეტყველებს
16:15:15     18-02-2012
„მომავალში, მსოფლიოს ქალაქები განადგურდება. გარდაუვალია დიდი ომი“ - ეს აპოკალიპტური წინასწარმეტყველება, რომელიც უნისონშია კრემლის მიერ გაკეთებულ ანალოგიურ განცხადებებთან, რუსეთის ეკლესიას ეკუთვნის. რამდენადაც არ უნდა გსურდეს გვერდი აუარო ეკლესიის თემას, მან დღეს რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთ-ერთი აქტიური როლი დაიკავა და კრემლის პოლიტიკური ინტერესების მხარდასაჭერად, მრევლზე ზემოქმედებისათვის ყველა ბერკეტს იყენებს.
პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, მაგალითად, თავად პატრიარქ კირილის ყველაზე დიდი ნდობით აღჭურვილი, მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი, დეკანოზი ვსევოლოდ ჩაპლინი სასულიერო პირის ნაცვლად, უფრო თავდაცვის მინისტრის ამპლუას ირგებს და „ჯარის შეყრას“ ბრძანებს.
ამჯერადაც, ის მესამე მსოფლიო წინასწარმეტყველებს და აფრთხილებს მრევლს, რომ ნგრევისათვის უნდა ემზადოს.
დიდი ომი გარდაუვალია. განადგურდება ცივილიზაცია და დაინგრევა ქალაქები. ადამიანები უნდა ემზადონ იმისთვის, რომ ჩადგნენ ამ რთული ვითარების კონტექსტში - იუწყება ჩაპლინი. მისი თქმით, იმისათვის, რომ საომარი მოქმედებები თავიდან აიცილონ არა მარტო რუსეთის, არამედ მის საზღვრებთან ახლო ტერიტორიებზე, ეს ტერიტორიები მოსკოვმა კარგად უნდა აკონტროლოს. ამისათვის კი არმია „ძალიან ბრძოლისუნარიანი და მუდმივ მზადყოფნაში“ უნდა ჰყავდეთ.
ჯერ კიდევ 5 იანვარს ჩაპლინმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გაზარდოს თავისი სამხედრო ძალები ყველა რეგიონში, „სადაც ადამიანები ითხოვენ დაცვას ნარინჯისფერი ექსპერიმენტებისგან და სხვადასხვა ჯურის ფერადი რევოლუციებისგან“, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუკი რუსეთს მოუწევს ჩაებას საომარ სიტუაციაში. ეს, მისი აზრით, არმიისათვის, ერთგვარი, სამუშაო იქნება. ხოლო ოპოზიცია, რომელიც დისონანსს ქმნის, მოქმედ სამხედრო ნაწილებში უნდა ჩარიცხონ, სადაც ზოგი დაიხოცება, ხოლო ვინც გადარჩება, ადამიანად იქცევა - ასეთია დეკანოზ ჩაპლინის ფიქრები.
ჩაპლინს არც ის მოსწონს, რომ „რუსეთი კარგავს თავის პოლიტიკურ წონას იმიტომ, რომ სრული ძალით არ მონაწილეობს მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ ახლა გავგზავნეთ გემები სირიის სანაპიროებთან. ეს კარგია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი უნდა იყოს. ყველა იმ ადგილში, სადაც ადამიანები შეშინებულები არიან ფერადი ექსპერიმენტებით, რუსეთს სავსებით შეუძლია მონაწილეობა მიიღოს, მათ შორის სამხედრო ფორმით, სრულმასშტაბიანად, საომარი მოქმედებების ჩათვლით“ - ამბობს ის.
ჩაპლინი რუსეთში ნაციონალური მუხტის გაძლიერების აუცილებლობას ხედავს. მისი თქმით, უნდა გააქტიურდეს ნაციონალურ-პოლიტიკური, საერთონაციონალური გრძნობები. ამან კი ნაციონალურ-პატრიოტული მოძრაობები უნდა გააძლიეროს. ამავე დროს, ნაციონალისტები არ უნდა მონაწილეობდნენ დღეს აგორებულ საპროტესტო ტალღაში, უნდა იზეიმოს სინდისისა და ძალის სტაბილურმა დიქტატურამ და ხოდორკოვსკისთან ერთად, ციხის გზას სხვებიც უნდა გაუყვნენ.