ნიკო ლომოურის „ყინვა და პატარა მოწაფე“ (დაბადების დღისადმი)

  15:59:31     18-02-2012

1852 წლის 19 თებერვალს გორის მაზრის სოფელ არბოში, დაიბადა ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ნოკო იოსების ძე ლომოური.

მამამისი სოფლის მღვდელი იყო. თვითონ ნიკო ლომოური ზოგიერთ ადგილას თავის დაბადების დღედ 1853 წლის 19 თებერვალს ასახელებს. თუმცა მის ბიოგრაფს დავით შუღლიაშვილს გამოუკვლევია, რომ “სოფელ არბოს წმინდა გიორგის ეკლესიის 1852 წელს დაბადებულთა სამეტრიკო წიგნში ჩაწერილია ნიკოლოზ იოსების ძე ლომოურის დაბადება ლომიძის გვარით. ნიკო დაბადებულა 19 თებერვალს, ხოლო მოუნათლავთ 28 თებერვალს, ნათლია ყოფილა სოფელ ნიქოზის მცხოვრები იესე გრიგოლის ძე ფალავანდიშვილი“. ბიოგრაფის თქმით, სხვაგან არც იმერეთის, არც თბილისი და გორის მაზრების სამეტრიკო ჩანაწერებში ნიკო ლომოურის სახელი და გვარი არ აღმოჩენილა.

როცა ნიკო პატარა 8 წლისა იყო, ეგზარქოსის განკარგულებით მამამისისთვის ჩამოურთმევიათ სამრევლო. მართალია შემდეგ მღვდელმა იოსებმა დაიბრუნა სამრევლო, მაგრამ მალე გარდაიცვალა. ალბათ, ვეღარ გაუძლო იმპერიის საეკლესიო ჩინოვნიკებთან ჭიდილს. ამ დროს საქართველოს ეგზარქოსი იყო მთავარეპისკოპოსი ევსევი ილინსკი (1 მარტი, 1858 - 8 დეკემბერი, 1877).

აი რას წერდა ევსევისა შესახებ რუსი ნიკოლოზ დურნოვო:

„თუ რომელიმე ქართველი ავტორი გადაწყვეტს რუსი ეგზარქოსების-უზურპატორების ქმედებაზე ნამდვილი ისტორიის დაწერას, გაწითლება მოგვიხდება, იმდენად არცხვენენ ისინი რუს სამღვდელოებას. რუსი ეგზარქოსები საქართველოში იმიტომ იმყოფებოდნენ, რომ მათზე მინდობილი ეკლესიის სამწყსო ეძარცვათ და უძველესი ივერიის ქონება გაეჩანაგებინათ, დაეთრგუნათ მისი მოსახლეობის ენა და შემდეგ, ნაძარცვი ქონებითა და ფულით, რუსეთში დაბრუნებულიყვნენ, ისე როგორც დაბრუნდნენ:

ევსევი, რომელმაც სიკვდილის შემდგეგ 200 ათასი მანეთი დატოვა“...

ჩვენმა მკითხველმა უნდა გაიხსენოს, 200 000 მანეთი მაშინ დიდი ფული იყო.

დუნოვოსავე ცნობით: ევსევის საქართველოში "მოღვაწეობის" დროს, გელათის მონასტრის ხახულის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატიდან, რომელიც ევანგელისტ ლუკას მიერ იყო დახატული, მოხსნილი იქნა, “ოთხი დიდი და შვიდი მცირე ლალი, რომლებიც ოდესღაც თამარ მეფის გვირგვინს ამშვენებდნენ”. ყოველ ლალს თავისი სახელი ჰქონდა: "ობოლა”, “კედელა”, “მედეგა”...

აქ იგულისხმება ხახულის ღვთისმშობლის ხატი, რომლელიც ევსევის ხელშეწყობით გაუძარცვავს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს ვლადიმირ ვასილის ძე ლევაშოვს. ამ უძვირფასესი ლალების ისტორია მკითხველს შეუძლია წაიკითხოს ჩვენს წერილში: ”სად გაქრა თამარ მეფისეული ლალის თვლები“ (პრესა.გე-ს ელექტრონულ ბიბლიოთეკა).

ნიკომ ბავშვობა სოფელში გაატარა. სწავლობდა გორის, შემდეგ ტფილისის სასულიერო სასწავლებელში, სადაც მისი მასწავლებელი იყო იაკობ გოგებაშვილი. მერე სწავლობდა ტფილისის სასულიერო სემინარიაში. 1875 წლიდან სწავლა განაგრძო კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც 1879 წელს დაამთავრა. მასწავლებლად მუშაობდა ტფილისის ქართულ გიმნაზიაში, 1881 წლიდან კი გორის სამასწავლებლო სემინარიასა და ქალთა პროგიმნაზიაში მუშაობდა პედაგოგად.

ლომოურის პირველი ლექსები 1871 წლის ჟურნალ "მნათობში" გამოქვეყნდა. 1885 წელს მისი ლექსები და მოთხრობები ცალკე წიგნაკად გამოიცა. ნიკო ლომოურის ფსევდონიმემი იყო: "ლევან ცაველი", "არბოელი", "გორელი" და სხვა.

ნიკო ლომოური გარდაიცვალა 1915 წლის 17 (ახალი სტილით 30) აპრილს, გორში.

ნიკო ლომოურის დაბადების დღის აღსანიშნავად გავიხსენოთ მისი ლექსი „ყინვა და პატარა მოწაფე“.

ყინვა და პატარა მოწაფე

თოვლით დაფენილს ტრიალს მინდორსა
თითქო ღრმა ძილით ჩასძინებოდა
და ხშირსა ტყესა, ჩადრ-წამოსხმულსა,
სახე სრულიად გაშეშებოდა.

არსაიდამ არ მოისმოდა
არც ნადირთა ხმა, არც კაცთ ძახილი,
ირგვლივ ცის კიდით კიდემდისინა
იდგა სიჩუმე, ვით მკვდართა ძილი.

და ამ სიჩუმით მოცულს მინდორში
ყინვა თანდათან ძლიერდებოდა;
ხან აღმა მთებზე და ხან ჩამოღმა
იგი მეფურად დაბრძანდებოდა.

დაბრძანდებოდა და თანაც თვალსა
არ აშრებდა გატკეპნილ გზასა,
უნდოდა ძალა გამოეჩინა.
წინ დაჰხვედროდა მომავალს მგზავრსა.

აგერა კიდეც გზაზედ გამოჩნდა
ბავშვი წიგნებით იღლიაშია!
ჩქარი ნაბიჯით, ცოცხალი სახით
მიცუნცულებდა ის სკოლაშია.

ყინვამ მაშინვე მისკენ მიჰმართა
და მრისხანებით გადუდგა წინა:
„ბავშვო, სულელო“, მსწრაფლ მიაძახა,
გირჩევ, ეხლავე დაბრუნდე შინა.

„ჩემთან კერპობა შენ ვერ გაგივა,
 მალე გეცვლება წითელი ფერი,
 იცოდე, შენზე დიდებისათვის
 მომიგრეხია მწარედ კისერი“.

 ესმის ყველა ეს პატარა ბავშვსა,
 სცივა და მთელი ტანით ძაგძაგებს,
 მაინც არ სდგება, ხელების ფშვნეტით
 მიხტის და ფეხებს მიაბაკუნებს...

 ყინვა ბრაზდება და გული მოსდის
 პატარა ბავშვის მხნეობაზედა,
 უმატებს სუსხსა და ცეცხლსა ანთებს
 იმის ლოყებსა და ყურებზედა.

 შესწუხდა ძლიერ ჩვენი პატარა,
 მთლად დაეყინა ხელი, ფეხები„
 „ვაიმე დედავ!“ უცებ გაისმა
 და გადმოსცვივდა საწყალს ცრემლები.

 მაგრამ მაინც კი სულ არ შეშინდა,
 ფეხიც არ შესდგა, არ შეისვენა!
 უცებ, რაც ძალი და ღონე ჰქონდა
 მარდად მოჰკურცხლა მან სკოლისკენა.

 მირბის პატარა, მირბის და... აგერ,
 სკოლის ფანჯარა, ცეცხლის შუქიცა!
 სულ დაავიწყდა მაშინვე იმას
 ყინვაც და მისი ბაქი - ბუქიცა...