
საქართველომ ტუვალუსთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა
17:34:29     17-02-2012
საქართველომ ტუვალუსთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
ამასთან დაკავშირებით, №113 ბრძანებულებას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი გუშინ, მოაწერა.
ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაწყვეტის მიზეზი, ტუვალუს მთავრობის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაა.
საქართველოსა და ტუვალუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2011 წლის 7 თებერვალს დამყარდა, თუმცა, ტუვალუს მიერ სეპარატისტთა აღიარების შესახებ, 2011 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი, რის შემდეგაც კრემლმა ტუვალუსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მზადყოფნა გამოთქვა.
ბოლო პერიოდში, სეპარატისტთა რეგიონის დამოუკიდებლობა რამდენიმე ისეთმა ჯუჯა სახელმწიფომ აღიარა როგორიცაა ვანუატუ და ტუვალუ, მაგრამ არსებული ინფორმაციით, თავის დროზე, ტუვალუსთვის საქართველოს ჰუმანიტარული დახმარებაც აქვს აღმოჩენილი.
რაც შეეხება იმ საკითხს, სეპარატისტთა აღიარების თხოვნით, კრემლი რატომ მიმართავს ჯუჯა სახელმწიფოებს, საქმე იმაშია, რომ 30-მა ისეთმა წვრილმა ქვეყანამ, როგორიც არის ტუვალუ, რომ აღიაროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთს ამ საკითხზე გაეროში 30 ხმა ექნება. აქედან გამომდინარე, მოსკოვი ცდილობს, რომ გაეროში აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარკვეული ლობისტური ჯგუფი შექმნას, მაგრამ ამ ჯუჯა ქვეყნების აღიარების პოლიტიკის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ფინანსებია. კერძოდ, აღიარების საკითხით ვაჭრობა მსოფლიოში ძალიან სარფიანი ბიზნესი გახდა. მაგალითად, ნაურუმ, აფხაზეთი 50 მილიონი დოლარის საფასურად აღიარა, მაგრამ კრემლმა მას მხოლოდ 10 მილიონი გადაუხადა, დანარჩენი არ მისცა და ამის გამო ნაურუს ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა.
გარდა ამისა, ნაურუს ბედი ვენესუელამაც გაიზიარა, რომელსაც აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უკვე აღიარებული აქვს. ვენესუელას ხელისუფლებამ რუსეთს 10 მილიარდის სესხი მოსთხოვა, მაგრამ უარი მიიღო და ამით კრემლმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ ის აღიარებებში ასეთ მაღალ ფასს აღარ გადაიხდის. როგორ ჩანს, რუსეთს ურჩევნია, რომ ხარისხი შესწიროს რაოდენობას.
მართალია, ჯუჯა სახელმწიფოებისთვის აღიარების პოლიტიკა ბიუჯეტის შევსების წყაროდ იქცა, მაგრამ კრემლი საერთაშორისო არენაზე, ქართული მხარის ძალისხმებით, დიპლომატიურ კრახს ხშირად განიცდის.