
რუსეთში პუტინის ძაღლებზე უფრო მეტი იციან, ვიდრე მის შვილებზე...
12:26:18     17-02-2012
რატომ მალავს ვლადიმერ პუტინი თავის ქალიშვილებს?
მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში მარია და ეკატერინა პუტინების ფოტოების მონახვა ძნელი არ არის, რუსულ მედიაში ხშირად წერენ, რომ პუტინის ქალიშვილებს რუსეთში სახეზე თითქმის არ იცნობენ. მათი ამსახველი ფოტომასალაც არც ისე მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია და არსებული სურათების რეალურობაშიც ეჭვი ეპარებათ. იმდენად, რომ რამდენიმე სერიოზულმა გამოცემამ ამ თემას გამოძიებაც კი მიუძღვნა.
ირკვევა, რომ მაშა პუტინა, რომელიც სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობს, მის თანაკურსელებს თვალითაც არ უნახავთ. იგივეს ამბობენ ეკატერინას კურსელებიც.
ინტრიგა კიდევ უფრო გააღრმავა ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, რომელმაც 2011 წლის ოქტომბერში განაცხადა: „ისინი ლექციებზე დადიან, როგორც ყველა და სხვა სტუდენტები მათ რეგულარულად ხედავენ, უბრალოდ, არავინ იცის, როგორ გამოიყურებიან გოგონები“.
მედიამ დაასკვნა, რომ პუტინის ქალიშვილებს სასწავლებელში სხვა სახელებითა და გვარებით იცნობენ, თუმცა მათი თანაკურსელები იდენტიფიცირებას ვერც არსებული ფოტოების საფუძველზე ახდენენ.
„შესაძლოა, მართლაც, პუტინის შვილს ჰქონდა ფსევდონიმი ევგენია ეროფეევა. გვყავდა ჯგუფში ასეთი გოგონა, შეუმჩნეველი, არც მეგობრები ჰყავდა“ - ყვებიან სტუდენტები.
რაში სჭირდება ასეთი კონსპირაცია? ამის შესახებ თავად პუტინს ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა ლარი კინგმაც ჰკითხა ინტერვიუში. რესპოდენტმა ეს ტერორიზმის საფრთხითა და შესაბამისად, შვილების უსაფრთხოებაზე ზრუნვით, საკმაოდ ძუნწად ახსნა.
ამ თემაზე საუბარს პროფესორ-მასწავლებლებიც გაურბიან. როცა მედიის დაინტერესების შემდეგ სხვა სტუდენტებმა დასვეს კითხვები, პედაგოგებმა უპასუხეს, რომ დები პუტინები განსაკუთრებულ პროგრამას გადიოდნენ და ლექტორები მათთან სახლში დადიოდნენ.
„სობესედნიკის“ კითხვაზე, რა ფინანსური საშუალებებით ახერხებს ამას სასწავლებელი, ბიოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელობამ უპასუხა, რომ ყველა საჭირო ინფორმაცია სასწავლებლის ვებ-გვერდზეა განთავსებული, ხოლო რაც არ არის განთავსებული, „ე.ი. ის არ შეიძლება, რომ ხელმისაწვდომი იყოს“.
ჟურნალისტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ რუსეთში გაცილებით მეტი იციან პუტინის ძაღლებისა თუ სხვა ქვეყნების ხელმძღვანელების ოჯახის წევრებზე, ვიდრე ვლადიმერ პუტინის ოჯახზე. მაგალითად, სკანდალურ ისტორიად იქცა ამ ცოტა ხნის წინ პრემიერის აღიარება იმის შესახებ, რომ მას ჰყოლია უფროსი ძმა, რომელიც ლენინგრადის ბლოკადის დროს დაღუპულა და პისკარევის სასაფლაოზე დაუკრძალავთ, თუმცა, სად არის საფლავი, პუტინმა ვერ გაიხსენა.