ჰაინრიხ ჰაინეს „ორი გრენადერი“

  12:10:31     17-02-2012

1856 წლის 17 თებერვალს, პარიზში გარდაიცვალა დიდი გერმანელი პოეტი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი და ჟურნალისტი ჰაინრიხ ჰაინე (Christian Johann Heinrich Heine). იგი 1846 წლიდან საწოლს იყო მიჯაჭვული, ვინაიდან დამბლა დაეცა. თუმცა მაინც წერდა. 1851 წელს შეიქმნა  მისი კრებული „რომანსერო“, 1853-1854 წლებში კი „აღიარებანი“. ჰაინრიხ ჰაინე დასაფლავებულია მონმარტრის სასაფლაოზე.

ჰაინრიხ ჰაინე დაიბადა 1797 წლის 13 დეკემბერს, დიუსელდორფში, ბოლკენშტრასეზე. იმ პერიოდში დიუსელდორფი ხან ფრანგების ხელში იყო, ხან გერმანელების. 1815 წელს გერმანის, კერძოდ პრუსიის შემადგენლობაში შევიდა. დიდი პოეტი წარმოშობით ებრაული ოჯახიდან გახლდათ. ჰაინრიხ ჰაინეს მამა, სიგიზმუნდ სამსონის ძე ჰაინე ვაჭარი იყო, ვაჭრობდა ქსოვილებით. თუმცა ვაჭრობაში დიდი წარმატება ვერ მოიპოვა. დედა, ბეთი ვან გელდერნი ექიმის ქალიშვილი გახლდათ, მეტად განათლებული და ერუდირებული მანდილოსანი. ოჯახში ოთხი შვილი ჰყავდათ. მიუხედავად კარგი განათლებისა, ბეთის არ უყვარდა ლიტერატურა.

დაწყებითი განათლება მიიღო ადგილობრივ კათოლიკურ ლიცეუმში. პატარა ჰარი (მონათვლამდე ასე უწოდებდნენ ჰაინრიხს), დედისგან ფარულად, გატაცებით კითხულობდა მხატვრულ ლიტერატურას. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოუხდენია მასზე „დონ-კიხოტს“. დიუსელდორფის პრუსიასთან შეერთების შემდეგ ჰაინე სწავლობდა ეკონომიკურ სასწავლებელში. 1816 წელს ოჯახმა იგი ჰამბურგში ბიძასთან, ბანკირ სოლომონ ჰაინესთან გააგზავნა. სოლომონი ცდილობდა ბიზნესით დაეინტერესებინა ძმისშვილი, თუმცა ჰაინეს პოეზია იტაცებდა და ვაჭრობაში და ბუღალტერიაში არაფერი გამოსდიოდა. მას არ უყვარდა ჰამბურგიც, რომელსაც „ჩარჩების ქალაქს“ უწოდებდა, „სადაც ვერ ნახავ პოეტური გრძნობის ნატამალსაც კი“ - წერდა ის მეგობარს.

სამი წელი ცხოვრობდა ბიძია სოლომონთან ახალგაზრდა პოეტი. ამ დროს შეუყვარდა თავისი ბიძაშვილი ამალია. ამალიასადმი ცალმხრივი სიყვარული არა ერთი შედევრის შექმნის შთაგონების წყარო გახდა რომანტიკოსი პოეტისათვის („სიმღერების წიგნი“).

როცა მილიონერი ბიძა დარწმუნდა, რომ მისი ძმისშვილი კომერსანტი ვერ გამოვიდოდა, 400 ტალერი დაუნიშნა წლიური შემოსავალი. ახალგაზრდა პოეტს ბონის უნივერსიტეტში უნდა შეესწავლა იურისპრუდენცია. თუმცა თანხა ძალიან მცირე იყო, ამიტომ დედამ ძვირფასეულობა გაყიდა და ასე შეუგროვდა ფული სასწავლებლად. იურისპრუდენციის ნაცვლად გერმანული ენისა და პოეზიის ლექციების მოსმენა ამჯობინა სტუდენტმა. 1820 წელს გადავიდა გეტინგენის უნივერსიტეტში, თუმცა უნივერსიტეტიდან გამორიცხეს, ვინაიდან ერთ-ერთი სტუდენტი დუელში გამოიწვია. 1821-1823 წლებში სწავლობდა ბერლინის უნივერსიტეტში, სადაც იმ დროს ჰეგელი მოღვაწეობდა. დაუახლოვდა ბერლინში მოღვაწე ლიტერატურულ წრეებს. სტუდენტობის პერიოდში იყო კულტურული და სამეცნიერო კვლევის საზოგადოების წევრი, რომელიც შეისწავლიდა იუდაიზმს ( "Verein für Kultur und Wissenschaft des Judentumes").

1824 წელს ჰაინრიხ ჰაინე იძულებული გახდა ლუთერანულად მონათლულიყო, სხვაგვარად ვერ მიიღებდა დოქტორის ხარისხს. თუმცა ამან ვერ გაუხსნა გზა სახელმწიფო სამსახურში.

ამ დროისათვის ახალგაზრდა ჰაინრიხ ჰაინე უკვე ცნობილი პოეტი გახლდათ. მან ლექსების გამოქვეყნება 1817 წლიდან დაიწყო. პირველი კრებული 1821 წელს გამოსცა, მეორე 1823 წელს.

1827-1828 წლებში იმოგზაურა ინგლისში, ჰოლანდიაში, იტალიაში. რის შედეგადაც დაიწერა მისი „მოგზაურობის სურათები“, რაც ითვლება მეცხრამეტე საუკუნის გერმანული მხატვრული პროზის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წიგნად.

სამშობლოში ცენზურა გასაქანს არ აძლევდა. 1830 წელს მიესალმა ივლისის რევოლუციას და გადასახლდა პარიზში. 1835 წელს მისი ნაწარმოებები აიკრძალა გერმანიაში (ერთი საუკუნის მერე ნაცისტებმაც აკრალეს მისი წიგნები და დაწვეს). მხოლოდ 1843 წელს მოახერხა სამშობლოში ჩასვლა ცოტა ხნით. 1846 წელს, როგორც ვთქვით, დამბლა დაეცა და ლოგინად ჩავარდა...

ჰაინრიხ ჰაინემ დიდი გავლენა იქონია გერმანულ და არა მარტო გერმანულ ლიტერატურაზე. მისი შესანიშნავი ლექსების საფუძველზე მუსიკა დაწერეს შუბერტმა, შუმანმა, ვაგნერმა, ბრამსმა, ჩაიკოვსკიმ და სხვებმა.

უყვარდათ და უყვართ ჰაინე საქართველოშიც. მის შემოქმედებას პირველად ილია და აკაკი გამოეხმაურნენ. მოსწონდათ მისი პუბლისტური ნაწარმოებები, თარგმნეს რამდენიმე ლექსი „სიმღერების წიგნიდან“, შემდეგ კი სხვა კრებულებიდან. ჰაინეს სატრფიალო ლირიკული ნაწარმოებები თარგმნა იოსებ ბაქრაძემ (ამის შესახებ ვახსენეთ რამდენიმე დღის წინ). მათგან განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ლექსმა „ტურფავ, ტურფავ, რას უყურებ!“, რომელიც შემდეგ სიმღერად გავრცელდა.

დღეისათვის ქართულად თარგმნილია ჰაინრიხ ჰაინეს ბევრი ნაწარმოებები. მის შემოქმედებას საქართველოში მიეძღვნა არა ერთი მონოგრაფია.

ჰაინრიხ ჰაინეს გარდაცვალების დღის აღსანიშნავად, გავიხსენოთ მისი რომანსი „ორი გრენადერი“, რომელიც თარგმნა აკაკი გელოვანმა. ნაწარმოებში მოთხრობილია კერპთაყვანისმცემლური ფსიქოლოგიის (ალბათ ნაპოლეონის) ჯარისკაცების ფიქრები...

ძნელი სათქმელია, ასეთი ჯარისკაცების გარეშე თუ დაიწყებოდა ახალი ერა კაცობრიობის ისტორიაში. ცნობილია, ნაპოლეონმა რომ დაიკავა დიუსელდორფი და სხვა ადგილები თუ ქვეყნები, ყველგან გააუქმა ფეოდალური, ვასალური ურთიერთობები, სხვადასხვა სარწმუნოების წარმომადგენლები თანაბარი უფლებისად გამოაცხადა და ა. შ.

ორი გრენადერი

(თარგმნა აკაკი გელოვანმა)

საფრანგეთისკენ გაუწევიათ,
გადარჩენილან რუსთა ტყვეობას,
გერმანიაში ჩაუღწევიათ
და დაუკარგავთ ძველი მხნეობა.

თავი ჩაჰკიდეს მძიმე ჯავრითა,
გამრუდებულა ბედის სასწორი:
დაუმსხვრევიათ დიდი ჯარი და
ტყვედ ჩავარდნილა იმპერატორი!

როცა მართალი გამოდგა თქმული,
თვალთაგან მოსკდათ ცრემლები მწველი.
ერთმა შესძახა: მელავა გული!
ო, როგორ მეწვის ჭრილობა ძველი!“

მეორემ: „მორჩა სიმღერა ჩემი!
რა დამრჩენია სიკვდილის მეტი!
მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი ვრჩები,
რადგან მაწუხებს ცოლ-შვილის ბედი“.

„რომელი შვილი, რომელი ცოლი!
დე, იმათხოვრონ! რა დროს შვილია!
მე სხვა დარდი მაქვს: ღმერთების სწორი
იმპერატორი შეპყრობილია!

მისმინე, ძმაო, თხოვნა მაქვს ერთი:
თუ დღეს შევინგრევ ამ გულის ფიცარს,
შინ წამასვენე, იწამე ღმერთი,
და მიმაბარე სამშობლო მიწას.

წითელბაფთიან დიდების ჯვარით
შემიმკე მკერდი, მერე ზვიადად
წელზე ფხიანი შემარტყი ხმალი,
ხელში მომეცი ჩემი სიათა.

ასე მეფაროს სუდარა მწუხრის,
გუშაგის თოფი მეჭიროს ხელთა,
ვიდრე მოვისმენ ქვემეხთა ქუხილს,
სამარეს შესძრავს ჭიხვინი ცხენთა.

ის ჩამიქროლებს სამარის კართან
ზათქით, ზანზარით, მახვილთა ცემით,
მეც აღჭურვილი აღვდგები, რათა
იმპერატორი დავიცვა ჩემი“.