ეგნატე ნინოშვილის ერთი წერილი (დაბადების დღისადმი)
12:09:03     17-02-2012
1859 წლის 17 თებერვალს, გურიაში, სოფელ ყელაში დაიბადა შესანიშნავი ქართველი მწერალი ეგნატე ნინოშვილი. მისი ნამდვილი სახელია ეგნატე თომას ძე ინგოროყვა.
მამა საბატონო გლეხი იყო. მომავალი მწერლის დაბადებიდან ორ წელიწადში რუსეთის იმპერატორმა ხელი მოაწერე დეკრეტს ყმების გათავისუფლების შესახებ. ეს კანონი საქართველოში 1864 წლიდან ამოქმედდა. მაგრამ, როგორც ანტიქრისტიანული და არაადამიანური იყო ბატონყმობა, ისე არაადამიანურად მოიქცა ყმათა გათავისუფლების დროს იმპერია... გლეხებს თავისუფლება კი უბოძეს, მაგრამ მიწა არ მისცეს. ვისაც ერგო რაიმე ნაკვეთი მიწისა, დიდი გადასახადი უნდა ეხადა წლების მანძილზე, უნდა გამოესყიდა მიწა,
ცნობილია, ქონების გარეშე ადამიანი თავისუფალი არ არის, ის სამწუხაროდ, მთლიანად დამოკიდებულია დამქირავებელზე, ვითარებაზე და ა. შ. მით უმეტეს, იმ დროს... ამიტომ, უამრავი ადამიანი ჩავარდა უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში, როგორც ეს მოთხრობილი აქვს გულისამაჩუყებლად რეალისტ დიდ მწერალს „გოგია უიშვილში“ თუ სხვა ნაწარმოებებში. სადაც, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გვიხატავს ამა ქვეყნის თანამდებობრივად თუ ფიზიკურად ძლიერთა შეუბრალებელ და ამორალურ სახეებს. ღატაკს ხომ ყველა ერევა...
„მუდამ მოუსვენარი ხარივით შრომა, ოფლის ღვრა, ჭაპან-წყვეტა და მაინც ცოლ-შვილი შიშველ-ტიტველი, ხშირად მშიერიც; მიწა-მამული მის ბარაზე არსად მოიპოვება, ნაბატონარი, საბეგრო მიწის გარდა: გადასახადი დღითი დღე მატულობს, უფროსი, მებატონე, მღვდელი, მამასახლისი, ასე გასინჯეთ, ნაცვალიც კი მას უწყრება და იჯაბნებს“.
ქვეყანაში არსებულმა ამგვარმა ვითარებამ, მისმა წარმოშობამ, სირარიბემ დიდი გავლენა იქონია მწერლის ბედზე. ჩვილობის დროს დედით დაობლებულ ეგნატეს ზრდიდა მამიდა ნინო. მამიდამ ასწავლა წერა-კითხვა, მღვდელმა ხუცური და ლოცვა. მერე გავაჭრებულ აზნაურს მიაბარეს ფოთში, მაგრამ მან მოსამსახურედ გაიხადა პატარა ობოლი. ბიძამ კი დააბრუნა სოფელში და სკოლაში შეიყვანა, მაგრამ სიღარიბის გამო ხშირად უწევდა სკოლაში სიარულის მაგიერ საქონელი ემწყემსა. მერე ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში შევიდა.. მოსწავლეთა გაფიცვაში მონაწილეობის გამო გარიცხეს ნიჭიერი ყმაწვილი, თუმცა დამოუკიდებლად იმეცადინა და ექსტერნად დასრულება მაინც შეძლო. 1879-1881 წლებში ჩოჩხათის სკოლაში ასწავლიდა, მერე მუშაობდა ბათუმის რკინიგზაზე. შემდეგ ტელეგრაფისტად სადგურ სუფსაში. 1884 წელს ტფილისში, არსენ კალანდაძის სტამბაში მუშაობდა ასოთამწყობად და დღეში 7 კაპიკს იღებდა... შემდეგ ბათუმის ნავსადგურში დღეში 10 კაპიკს...
მეგობრების დახმარებით საფრანგეთშიც კი გაემგზავრა სასწავლებლად, მაგრამ სიღარიბემ აქაც შეუშალა ხელი, ვერც ქუჩის დამლაგებლად მუშაობამ უშველა სწავლის გაგრძელებაში და იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო. მის ცხოვრებაში მერეც არაფერი შეცვლილა... არაჯანსაღი კვების, ხშირ შემთხვევაში შიმშილისა და რთული საცხოვრებელი პირობების გამო ჩვენი შესანისნავი მწერალი ჭლექით დაავადდა...
ჭლექისაგან დასუსტებული და საწოლს მიჯაჭვული მწერალი თავის სოფელში, 1894 წლის 12 მაისს, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა...
როცა მის ბიოგრაფიას კითხულობ, გიკვირს, როდის მოასწრო ამ მართლადაც და დიდმა მწერალმა, თავისი შესანიშნავი, ამაღელვებელი, გულისამაჩუყებელი ნაწარმოებების შექმნა... ალბათ ხშირად მშიერი ან ნახევრად მშიერი იყო. ძალიან ხშირად უმძიმესი შრომისგან ქანცგამოლეული. ბოლო წლები კი ავადმყოფობისაგან გატანჯული...
ეგნატე ინგოროყვას დაბადების დღის აღსანიშნავად გავიხსენოთ მისი წერილი იაკობ გოგებაშვილისადმი, რომელიც 1894 წლით თარიღდება... წერილში ჩანს, რომ იაკობ გოგებაშვილი ფინანსურად ეხმარება დაავადებულ ნიჭიერ მწერალს. რის გამოც ძალიან მადლობელია ეგნატე ნინოშვილი და ერთს დარდობს, მოახერხებს თუ არა საზოგადოებას გადაუხადოს ვალი თავისი მოთხრობებით... ერთი სურვილიც რჩება, რომ მძიმედ დაავადებულმა ტანჯვა შეიმსუბუქოს როგორმე. მისი ტანჯვა სულ მალე, იმავე წელს დამთავრდა. მისი ნაწარმოებები კი ქართველ კაცს ეხმარება გულკეთილ ადამიანად, სხვათა შემცოდედ და დამხმარედ ჩამოყალიბდეს....
პატივცემულო ბატონო იაკობ სიმონის ძევ.
თქვენი წერილი და თქვენგანგამოგზავნილი ხუთი თუმანი ფული მივიღე გუშინ-11 ამ თვეს. ჯერ ქუთაისის ფოსტის კანტორაში გაეჩერებიათ, მერე დაბა ლანჩხუთის საფოსტო განყოფილებაში გადმოეგზავნათ და ამ მიზეზის გამო დაგვიანებულიყო.
ჩემს უგულითადეს მადლობას მოგახსენებთ მეგობრული თანაგრძნობით სავსე წერილისთვის,რომელმაც არათუ მარტო გამამხნევა, ავადმყოფობიდან მორჩენის იმედიც კი მომცა, პირადათ რომ ვერ მიცნობთ, ამაში თუ ვინმეს ბრალი აქვს და საყვედური ერგება, ეს ისევ მე: მე ვიყავ ვალდებული მოვსულიყავი და გაგცნობოდით თქვენ, როგორც საუკეთესო ქართველ მოღვაწეს, როგორც მოწინავე პირს. არ აღმისრულებია ეს ვალი და სასაყვედუროც მე ვარ აქ. ოღონდ პირადათ გაცნობაზე ვჩივი, თორემ ისე კი, ვინ იქნება დღეს წერა-კითხვა იცოდეს და თქვენ კი ვერ გიცნობდეს! განა ყველანი თქვენგან შედგენილ ქართულ სახელმძღვანელოებზე არ აღვიზარდეთ?თქვენგან შედგენილ სახელმძღვანელოებში ვისწავლეთ ქართული წერა-კითხვა, თქვენ შეგვაყვარეთ სამშობლო და მისი ენა. ამის შემდეგ სირცხვილი არ იქნებოდა ჩემთვის, თუ პირადათ არა, როგორც ჩვენი კარგი სახელმძღვანელოების შემდგენელს არ გიცნობდეთ!
დიდ მადლობას მოგახსენებ აგრეთვე ფულის გამოგზავნისათვის მხოლოდ გთხოვთ ნება მიბოძოთ, რომ ეს ფული შემდეგში გადაგიხადოთ. მართალია, თქვენისთანა ღირსეული და პატივცემული პირისაგან შემწეობასაც ვერ ვითაკილებ, მეტადრე ისეთი მხურვალე თანაგრძნობით მოძღვნილს, მაგრამ ახლა, როცა ერთი მხრივ საზოგადო ფულს ვხარჯავ, რომელიც შესდგება თქვენ და თქვენისთანა გულშემატკივარი პატივცემული პირებისაგან გაღებული ფულით, დიდი ურიგობა იქნება ჩემის მხრით, რომ კერძოთ კიდევ თითოეულ პირისაგან დავიწყო შემწეობის მიღება. უნდა მოგახსენოთ, საზოგადო ფულს რომ ვღებულობთ, იმის გამოც შიშის ჟრუანტელი მივლის ტანში: თუნდა მოვრჩე კიდეც შევძლებ კი მიუზღო საზოგადოებას ან ნივთიერად ან ჩემი ნაწერებით ჩემზე დანახარჯი? ან კიდევ ახლა რომ მოვკვდე, რა დარჩება საზოგადოებას ჩემგან? რამდენიმე პატარ-პატარა მოთხრობები! ეს არ არის საკმარისი. მე ისიც მეყოფა ჯილდოთ, თუკი ჩემი ნაწერების კითხვამ ქართველ საზოგადოებას მოუტანა ცოტაოდენი მაინც ჭეშმარიტი სიამოვნება.
მე დაჯილდოებულად ვსთვლი თავისთავს, როცა თქვენისთანა ღირსეული პირი მეუბნება: შენი ნაწერების წაკითხვით ვისიამოვნეო. როგორ ღმერთი გამიწყრება, რომ თითოეულ პირისაგან კიდე ამისთვის ფული ავიღო! განა არა კმარა ისიც, რომ საზოგადოებას ჩამოვეკიდე სარჩენად!
ჩემი მოთხრობების გამოცემისათვის თქვენისთანა მზრუნველს მე ვიღას ვიპოვნი. მე ამაზე ფიქრსაც ვერ გავბედავდი, რომ თქვენ არ გებრძანებიათ [...]
გნებავთ, რომ ჩემი ავადმყოფობის ვითარება გაგაცნოთ. დიდი კმაყოფილებით ავასრულებ თქვენს სურვილს, ოღონდ იმის მეშინია, რომ ამდენი ლაპარაკით არ მოგაწყინოთ თავი. რასაკვირველია, ჩემი ავადმყოფობის ისტორიას აქ არ მოვყვები, რადგანაც ეს შორს წაგვიყვანს. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ჩემი ავადმყოფობა დაიწყო ორი მიზეზის გამო: ერთი - ხშირად ცუდ გარემოებაში ვცხოვრობდი, მეორე - გაუფრთხილებლად და დაუზოგავად ვეპყრობოდი თავისთავს. მტერსაც კი არ მოეპყრობა კაცი ისე უდიერად, როგორც მე ჩემს ჯანს ვეპყრობოდი. ამასთან კიდე დაბადებიდანვე ჯანსუსტი ვიყავი.
დედის კი არა მახსოვს რა, რადგანაც ჩემ შემდეგ თურმე ერთი წლის მეტი არ უცოცხლია, მაგრამ ისე ამბობენ, რომ „ერთი შვილის შობა [ჩემი] ძლივს მოასწრო, თექვსმეტი წლის ქალი ისე სანთელივით დადნაო“ [...] ფილტვების ავადმყოფობით „დადნა“ - ახლა ჩემი საქმე ასე არის: მახველებს ძლიერ ბევრს, ხანდახან სისხლიანსააც [...]
ზოგიერთები მირჩევს მომავალ ზაფხულში აბასთუმანს წადიო.მეც განზრახვა მაქვს წავიდე. მართალია, ახლა რომ ჩემი თავის ამბავი ვიცი, ძლიერ დიდი ოპტიმისტი უნდა ვიყო, რომ მოვრჩები მეთქინ ვიფიქრო. ჩემი ფიქრით, ბევრი-ბევრი აწი ვიცოცხლო ორი-სამი წელიწადი. მაგრამ იქნება სიცოცხლეში ტანჯვა ცოტათი მაინც შემიმსუბუქდეს და ეს არის მიზეზი, რომ ხან სოფელს ვირჩევ საცხოვრებლად, ხან აბასტუმანს და ხან სხვას.
რადგან ამდენი ვილაპარაკე, დასასრულ ვიტყვი ამასაც: მე არ შემიძლია ვუთხრა საზოგადოებას - შენს სამსახურში დავავადმყოფდი-მეთქი. არა, წერის დაწყებამდე ჩემი ჯანი სრულიად გატეხილი იყო, მოუბრუნებლად დარღვეული იყო, არც ბევრი მიწერია: ოთხი წელიწადია აგერ, რაც ვწერ და ერთ მოზრდილ წიგნს კიდევ ვერ შეადგენს ჩემი ნაწერები.
მაგრამ აწი ლაპარაკს შევწყვიტავ, თორემ მეტათ გრძელი საუბარი მომივიდა, მოგაძულე თავი ამდენი ლაპარაკით.
მარად თქვენი პატივისმცემელი ეგნატე ინგოროყვა.
1894 წელი