
განრისხებული ოლიგარქი და ,,იგრიკას’’ დაზიანებული აპარატურა
09:13:40     17-02-2012
10 თებერვალს, შუშის სასახლეში დიდი აურზაური იყო. ,,პრესა.ჯი’’ ცოტა ხნის წინ წერდა, რომ ამ დღეს ბიძინა ივანიშვილმა მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ მისი სანატრელი ტელევიზიის საცდელი გადაცემის ეთერში გასვლა ჩავარდა და შუშის სასახლეში განკითხვის დღე მოაწყო. ამ ფაქტს საეჭვოდ დაემთხვა ივანიშვილის პრესსამსახურის მიერ, 9 თებერვალს დაზიანებულ ტვირთზე ინფორმაციის 14 თებერვალს გავრცელება.
როგორც ირკვევა, შპს ,,იგრიკას’’ კუთვნილი სატელევიზიო სადგური, რომლის ღირებულებაც 450 ათასი ევროა, ბათუმის პორტში 9 თებერვალს, დილის 12 საათზე შევიდა და ივანიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, 5 საათის განმავლობაში იყო დაკავებული. ,,ამ დროის განმავლობაში, არც ტვირთის თანმხლებ პასუხისმგებელ პირებს და არც შპს ,,იგრიკას’’ წარმომადგენლებს არ მიეცათ საშუალება დასწრებოდნენ საბაჟო კონტროლის გავლის პროცესს. დაყოვნების მიზეზად დასახელდა საბაჟოზე ინტერნეტის გათიშვის გამო სათანადო დოკუმენტაციის გაუცემლობა. კონტროლი განხორციელდა ცალმხრივად, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ მოძრავი ტელესადგურის დათვალიერებისას ის შეგნებულად დააზიანეს.’’
ეს ინფორმაცია ივანიშვილის პრესსამსახურმა 14 თებერვალს გაავრცელა, როგორც აღმოჩნდა, სწორედ ამ პრესკონფერენციით შეიტყვეს შემოსავლების სამსახურში, რომ ,,იგრიკას’’ მათთან ტვირთის დაზიანების პრეტენზია ჰქონდა. საინტერესოა, 5 დღის განმავლობაში რატომ დუმდა ივანიშვილის გარემოცვა, და ხომ არ უკავშირდება იგი შუშის სასახლეში, 10 თებერვალს, ივანიშვილის მიერ მოწყობილ მრისხანების დღეს. ეჭვს, რომ ივანიშვილის დამქაშებს აპარატურის დაზიანება თავის სამართლებლად დასჭირდათ ისიც აძლიერებს, რომ საინფორმაციო სააგენტო ,,ჯეონიუსთან’’ საუბარში ,,იგრიკას’’ წარმომადგენელმა განაცხადა, აპარატურის დაზიანება ტელევიზის ეთერში გასვლას ხელს შეუშლის და მისი თარიღი, სავარაუდოდ, ცოტა ხნით გადაიწევსო.
ივანიშვილის პრესსამდივნოსგან განხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს შემოსავლების სამსახური. იგი ოლიგარქის გარემოცვის ეჭვებს ასე ეხმაურება: ,,შ.პ.ს ,,იგრიკას“ კუთვნილი ტვირთი, Mercedes Benz-ის მარკის მიკროავტობუსი, შემოვიდა ბათუმის პორტში, ამა წლის 9 თებერვალს, 13 საათზე. კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საბაჟო კონტროლის გავლის მიზნით, განხორციელდა ტვირთის ზედაპირული დათვალიერების პროცედურა.
შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის ოფიცრებმა მიკროავტობუსის ზედაპირული დათვალიერება მოახდინეს კანონის ყველა წესის დაცვით. ამასთანავე, აღვნიშნავთ, რომ შ.პ.ს ,,იგირკას“ წარმომადგენლებს არ მოუთხოვიათ დათვალიერების პროცედურაზე დასწრება. ტვირთი წითელ დერეფანში არ მოხვედრილა. მიკროავტობუსი გაიხსნა მხოლოდ მისი საბარგულის შესამოწმებლად. საბაჟო პროცედურების თანახმად, ყველა ავტომობილი თვალიერდება ანალოგიური მეთოდით, რათა თავიდან იქნეს აცილებული არადეკლარირებული ტვირთის საქართველოში შემოტანა.
შ.პ.ს ,,იგრიკას“ კუთვნილ ტვირთთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების დასრულების შემდეგ, ინფორმაცია მიეწოდა ბათუმის პორტის ადმინისტრაციას და მიკროავტობუსი გადაყვანილი იქნა ბათუმის საკონტეინერო ტრემინალში. კუთვნილი მიკროავტობუსი, შ.პ.ს „იგრიკამ“ პორტის საკონტეინერო ტერმინალიდან 9 თებერვალს, 18.00 სთ-ზე გაიყვანა. პრეტენზიები ტვირთის დაზიანების თაობაზე, მიკროავტობუსის გაყვანის დროს არ გამოთქმულა.
ინფორმაცია ტვირთის დაზიანების შესახებ შემოსავლების სამსახურმა შეიტყო, მხოლოდ 5 დღის შემდეგ, 14 თებერვალს, როდესაც შ.პ.ს. ,,იგრიკას“ წარმომადგენლებმა გამართეს პრესკონფერენცია. 9 თებერვლიდან 14 თებერვლამდე, ,,იგირკას“ არცერთ წარმომადგენელს არ მიუმართავს შემოსავლების სამსახურისთვის, ტვირთის დაზიანების პრეტენზიით.
შემოსავლების სამსახური მოქმედებს კანონით დადგენილი წესებით ამიტომ, ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელია განცხადებები ბათუმის პორტში ტვირთის შესაძლო დაზიანების შესახებ.’’