ტერორიზმის თავიდან ასაცილებლად, საქართველო კანონს ამკაცრებს

  05:15:57     17-02-2012

ასაფეთქებელ ნივთიერებებთან დაკავშირებით, კანონი მკაცრდება.  ასაფეთქებელი ნივთიერებების გადატანასა და განთავსებას ისეთივე სამართლებრივი კვალიფიკაცია ექნება, როგორც აფეთქებას. ხოლო, შემთხვევისთვის ტერორისტულ აქტის კვალიფიკაციის მინიჭება უფრო მარტივდება.

ამასთან დაკავშირებით ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირებაც, პარლამენტში უკვე მოხდა. საკანონმდებლო ორგანოში, პროექტის განხილვა, უახლოეს მომავალში დაიწყება.

კანონის დღეს მოქმედი ნორმით, აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება ტერორისტულ აქტად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ იქმნება ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროება და ასევე, ხდება ხელყოფა საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სახელმწიფოს სტრატეგიული, პოლიტიკური ან ეკონომიკური ინტერესის. პროექტით კი ზუსტდება, რომ ტერორისტულ აქტად შეფასებისთვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სახელმწიფოს სტრატეგიული, პოლიტიკური ან ეკონომიკური ინტერესის ხელყოფის დადასტურება აღარ იქნება აუცილებელი.

კერძოდ, ტერორისტული აქტი იქნება აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რაც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას. ეს ქმედებები კი, ჩადენილი უნდა იყოს მოსახლეობის დაშინების ან ხელისუფლების ორგანოზე, ან უცხო ქვეყნის ხელისუფლების ორგანოზე ან საერთაშორისო ორგანიზაციაზე ზემოქმედების მიზნით.

ამას გარდა, პროექტით, საჯარო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ადგილებში აფეთქებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების გადატანისთვის კანონი მკაცრდება.

პროექტით დგინდება, რომ ასაფეთქებელი ან სხვა ჯანმრთელობისათვის საშიში მოწყობილობის ან ნივთიერების გადატანა, განთავსება, გასროლა, აფეთქება ან სხვა მოქმედება, რომელიც ჩადენილი იქნება საზოგადოებრივ ადგილზე, საჯარო დაწესებულებაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში, ინფრასტრუქტურის ობიექტზე ან მათ წინააღმდეგ, კანონით დაისჯება. ამასთან, თუ ეს ქმედებები აღნიშნულ ადგილებში ჩადენილია სიცოცხლის მოსპობის ან სხეულის მძიმე დაზიანების გამოწვევის ან/და შესაბამისი ადგილის, დაწესებულების, სისტემის თუ ობიექტების დაზიანების მიზნით, როცა დაზიანება მნიშვნელოვან ეკონომიკურ დანაკარგს იწვევს, ან მას სავარაუდოდ დანაკარგი მოჰყვება, კანონით დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ცხრა წლამდე.

აღსანიშნავია, რომ პროექტით, ასაფეთქებელი ნივთიერებების გადატანასა და განთავსებას ისეთივე სამართლებრივი კვალიფიკაცია ექნება, როგორც აფეთქებას.

კანონის დღეს მოქმედი ნორმით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის აფეთქება კვალიფიცირდება მხოლოდ გაზის, ბენზინის, ნავთის ან სხვა ნივთიერების განზრახ აფეთქება და ამით შეგნებულად სიცოცხლისათვის, ჯანმრთელობისათვის ან ქონებისათვის საფრთხის შექმნა. ეს ქმედება თავისუფლების აღკვეთის ვადით, ოთხიდან შვიდ წლამდე ისჯება, მაგრამ პროექტით, ზუსტდება და ფართოვდება იმ ქმედებათა ჩამონათვალი, რომელსაც აფეთქების კვალიფიკაცია მიენიჭება.

კერძოდ, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის აფეთქება იქნება ასაფეთქებელი ან სხვა სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში მოწყობილობის ან ნივთიერების როგორც აფეთქება, ისე გადატანა, განთავსება, გასროლა ან სხვა მოქმედება, ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის, სხეულის მძიმე დაზიანების, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით. აფეთქებისთვის კი, სასჯელის  ნორმას, როგორც მოქმედი რედაქციით, ასევე პროექტით, თავისუფლების აღკვეთის ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე წარმოადგენს.

გარდა ამისა, პროექტი საჰაერო ხომალდისთვის საშიშროების შექმნის საკითხსაც ეხება, კერძოდ, საჰაერო ხომალდისთვის განზრახ ცრუ ინფორმაციის გადაცემა, რითაც საშიშროება შეექმნება საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას ფრენის დროს, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე. ხოლო, საჰაერო ხომალდზე მყოფი პირის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა ან ძალადობის მუქარა, რომლითაც შეიძლება საფრთხე შეექმნას საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე. ამასთან, საჰაერო ხომალდის ან მისი ტვირთის განადგურება ან დაზიანება, რაც შესაძლებელს გახდის ფრენის განხორციელებას ან რამაც შეიძლება საშიშროება შეუქმნას უსაფრთხოებას ფრენის დროს, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუტმეტ წლამდე, მაგრამ ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით.

კანონპროექტის ავტორთა განმარტებით, პროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს „სისხლის სამართლის კოდექსის“ სრულყოფა და საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაში მოყვანა, კერძოდ, კოდექსი შესაბამისობაში მოდის „ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კონვენციასთან“ და „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხიების წინააღმე ქმედებების ჩადენის აღკვეთის შესახებ კონვეციასთან“.