
ნოდარ ნათაძე: „სულელი ყოფილა ეგ კბილაშვილი“
16:50:09     16-02-2012
ბიძინა ივანიშვილის პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“–ს საინიციატივო ჯგუფის წევრის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, „არაფრისმქონე“ ხალხის პოლიტიკაში მოსვლა, საშიშია.
ექს-ადვოკატის ეს განცხადება, მწვავედ შეაფასეს ქვეყნის რიგითმა მოქალაქეებმა, თუმცა არანაკლებ კრიტიკული შეფასება აქვთ პოლიტიკოსებსა და პოლიტოლოგებს. კბილაშვილს, თავისსავე განცხადებიდან გამომდინარე, სურს საქართველოს დაბრუნება იმ საუკუნეებში, როდესაც პოლიტიკურ აქტივობაზე ქონებრივი ცენზი მოქმედებდა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ–ერთი ლიდერი, სოსო შატბერაშვილი ამბობს, რომ: „ასეთი კანონი მეჩვიდმეტე, მეთვრამეტე საუკუნეებში იყო საფრანგეთსა და ბრიტანეთში და ივანიშვილს სურს იქ დაგვაბრუნოს. ქონებრივი ცენზი იყო დაწესებული. ღარიბს, არამც თუ პოლიტიკაში მოსვლის შანსი არ ჰქონდა, არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებაც ჩამორთმეული ჰქონდა. თუ ჩვენ ამ საუკუნეებში გვიპირებენ დაბრუნებას, მილიარდერ ივანიშვილის შტაბის წევრები, მაშინ ეს პირდაპირ განაცხადონ. თუმცა გუშინდელი განცხადება პირდაპირ იყო ნათქვამი. ვისაც ფული არა აქვს, მისი ადგილი არ არის პოლიტიკაშიო“.
შატბერაშვილის აზრით, კბილაშვილის ეს განცხადება, ნიშნავს ოლიგარქების ბატონობის დაკანონებას საქართველოში. „ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ - ჩვენ მილიარდერები გავიყოფთ ხელისუფლებას და თქვენ, უბრალო, უფულო ხალხმა წადით და ქვას ახალეთ თავებიო“.
კრიტიკულ მოსაზრებას გამოთქვამს პოლიტოლოგი გია ნოდიაც. ნოდია თვლის, რომ ოლიგარქის პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრის ეს განცხადება, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნის გასამართლებლად არის გაცხადებული.
„ცხადია, ეს არის, პოლიტიკურად გამიზნული იმაზე, რომ გაამართლოს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნა. კბილაშვილი ცდილობს გააბათილოს არგუმენტები, რომ მეტისმეტად დამოკიდებულია ოლიგარქის ფულზე. ეს განცხადება დემოკრატიის პრინციპებს არსებითად ეწინააღმდეგება. გასულ საუკუნეებში, ქონებრივი ცენზი არსებობდა საარჩევნო უფლებაზე, მაგრამ თანამედროვე მსოფლიოსთვის ეს მიუღებელია“ – ამბობს „პრესა.ჯი“–სთან საუბრისას პოლიტოლოგი.
„სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარეს ნოდარ ნათაძესაც, კბილაშვილის განცხადებაზე, გასული საუკუნეების დიქტატორული კანონები ახსენდება.
„ეს არის მტკნარი სისულელე. არსებობდა ასეთი ფორმა, რომ გარკვეული ქონებრივი ცენზი იყო დაწესებული პოლიტიკოსებისთვის. საბერძნეთშიც ასე იყო და ბევრგან სხვაგან. ამას ჰქონდა კანონის ფორმა. მაგრამ ამ კბილაშვილს ეს გამოუთქვამს, არა როგორც ნორმა, არამედ როგორც რეკომენდაცია, რომ კაცმა არ უნდა მისცეს თავის თავს ნება მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესებში, თუ ფული არა აქვს. აბსურდია, მეტი არაფერი. სულელი ყოფილა ეგ კბილაშვილი“– აღნიშნავს ნათაძე.