გიორგი ახვლედიანი: ივანიშვილის კოალიციაში დაპირისპირებები დაიწყება

  14:55:09     16-02-2012

ოპოზიციონერი დეპუტატის გიორგი ახვლედიანის შეფასებით, „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრებს, პოლიტიკურ ასპარეზზე, ბევრი რამის დამტკიცება მოუწევთ. კანონმდებელი, ივანიშვილის გუნდში მყოფ ადამიანებს მერკანტილურ მიმართულებებში ბრალს არ სდებს, მაგრამ იმასაც ვერ ხსნის, ეს ადამიანები, ოლიგარქის რომელი პოლიტიკური ხედვითა და ინიციატივით მოიხიბლნენ. მოსალოდნელია თუ არა, ივანიშვილის კოალიციაში დაპირისპირებები? რატომ არ ენდობა ოლიგარქი თანამოაზრეებს? „პრესა.ჯი“–ს კითხვებს „ქრისტიან–დემოკრატი“ პასუხობს:

ბიძინა ივანიშვილმა საინიციატივო ჯგუფი საზოგადოების წარმომადგენლებისგან დააკონპლექტა. როგორ შეაფასებთ მის არჩევანს?

– ის ფაქტი, რომ ივანიშვილმა თავისი გუნდი არაპოლიტიკოსებით დააკომპლექტა, იმაზე მეტყველებს, რომ ის, იმ პოლიტიკური სპექტრით დაკმაყოფილდა, რომელიც მან თავის გარშემო შეკრიბა. რაც შეეხება ამ ადამიანების სამომავლო პერსპექტივებს, ამაზე კომენტარის გაკეთება შესაძლებელი მას შემდეგ იქნება, რაც ეს ადამიანები, პოლიტიკურ ამპლუაში, ნაბიჯებს გადადგამენ და ამომრჩეველს დაელაპარაკებიან. ივანიშვილის გუნდში, ის ადამიანები მოხვდნენ, რომელთაც საკუთარ პროფესიაში ბევრი რამ გააკეთეს, მაგრამ სანამ ისინი პოლიტიკურ ხედვებს არ წარმოადგენენ, მათ პოლიტიკურ მიმართულებებზე ვერ ვისაუბრებთ. „ქრისტიან-დემოკრატები“ როცა პოლიტიკაში მოვედით, ჩვენთან დაკავშირებითაც, ბევრი კითხვა არსებობდა, მაგრამ ეს კითხვები, ოთხი წლის თავზე გაქრა. ჩვენს მსგავსად, ამ ადამიანებსაც ბევრი რამ ექნებათ დასამტკიცებელი.   

ფაქტია, რომ ივანიშვილმა ეს ადამიანები, თავიანთი ბექგრაუნდიდან გამომდინარე შეარჩია, მაგრამ მათი დაინტერესება რა არის, ისინი რითი მოიხიბლნენ?

– ამ ადამიანებს, მერკანტილური მიმართულებების დაბრალებას ვერ ვაკადრებ, მაგრამ რაც შეეხება ივანიშვილის მხრიდან წარმოჩენილ რესურს, მას გარდა ფინანსური რესურსისა, პოლიტიკური სიახლე, ხედვა თუ ინიციატივა არ წარმოუდგენია, რომელიც შეიძლება ადამიანების მხრიდან, მასთან მისვლის მიზეზი გამხდარიყო. მისი ფინანსები იმის წარმოდგენას ქმნის, რომ ბევრი საქმის გაკეთება შეიძლება, თუმცა, უკვე დრო არის, ამ ადამიანის მხრიდან, პოლიტიკური ხედვები წამოვიდეს, რომელიც თანმიმდევრული იქნება და არა ისე, რომ ივანიშვილი ერთ დღეს პრორუსული იყოს და მეორე დღეს, ნატოსკენ იცქირებოდეს. ივანიშვილთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა არსებობს, თუნდაც პოლიტიკური ვექტორების მიმართულებით. ის, ბეწვის ხიდზე, უფრო ხშირად გადის და რაღაც გაუგებრობებს უფრო წარმოაჩენს, ვიდრე პოლიტიკურ პოზიციას.

საარჩევნო სიის დაკოპლექტებისას, ივანიშვილის კოალიცია რა წინააღმდეგობის წინაშე დადგება?

– ვინაიდან, პოლიტიკაში რთული დასამუშავებელი თემა სიის  ფორმულირებაა, როგორც ყველა გაერთიანებაში, ასევე აქაც, პირველი ბარიერი და ბრძოლის საჭიროება, სიის დაკომპლექტებისას დაიწყება. ფაქტია, რომ საინიციატივო ჯგუფის ეს ოცი წევრი, საარჩევნო სიის ოცდაათ კაცს შორის მოხვდება, შესაბამისად, ივანიშვილის გარშემო შეკრებილ პოლიტიკურ ძალებს დანარჩენი ქვოტების გადანაწილება მოუწევთ, რაც დაპირისპირების ალბათობას გაზრდის.

საარჩევნო სიას სათავეში ეკატერინხვედელიძე ჩაუდგება. რატომ, თანამოაზრეებს არ ენდობა?

– ეს კითხვა, პასუხგაუცემელია. ივანიშვილი აცხადებს, რომ მას სურს საქართველოში, „სწორება მის გვარზე“ იყოს, რის გამოც, მას პოლიტიკაში მეუღლე მოჰყავს.  ეს არასწორი მიდგომაა. ფაქტია, რომ ივანიშვილი თანაგუნდელებს არ ენდობა, არადა, კარგად შეკრულ კოალიციაში ნდობა გადამწყვეტია.

ივანიშვილი ქუჩის აქციებს თავს არიდებდა, მაგრამ ახლა აცხადებს, რომ ხელისუფლება არჩევნებს თუ გააყალბებს,  ქუჩაში გამოვა. გეგმების ცვლილება, რას უკავშირდება?

– ივანიშვილი ამბობს, რომ არჩევნები 30 პროცენტით თუ გაყალბდა, მაშინ ქუჩაში გამოვალო. ალბათ, ივანიშვილმა რადიკალურად განწყობილი ამომრჩეველთა იმედგაცრუების საფრთხე დაინახა. ის, იმ კონტიგენტის ხმების მოპოვებას ცდილობს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა - რევოლუციაა.  ხელისუფლებამ არჩევნები 30 პროცენტით, რომ გააყალბოს, ეს იცით რას ნიშნავს? - ყოველი ათი ხმიდან, სამი უნდა გაყალბდეს, ანუ ყველა საარჩევნო უბანთან სპეცრაზმი უნდა იდგეს, რომელიც საარჩევნო უბნებში, მხოლოდ „ნაცების“ მომხრეებს შეუშვებს, ბოლოს კი, ქვეყანაში, ყველა ოქმი „ნაცებმა“ უნდა დაწერონ. ადრე, როცა არჩევნები  ყალბდებოდა, გაყალბების პროცენტი მაქსიმუმ 12-ს შეადგენდა. 30 პროცენტი კატასტროფაა.

– „ქართული პარტიდანივანიშვილის გუნდში ჯერ სოზარ სუბარი გადავიდა, ხოლო რამდენიმე დღის წინ, ირაკლი ოქრუაშვილის პარტია სოფო ხურგუანმა დატოვა. პოლიტიკოსების მხრიდან, პარტიებში მოგზაურობებს” რას უკავშირებთ?

– მიგრაცია სხვა პარტიებიდანაც დაფიქსირდა, მაგრამ ოქრუაშვილის პარტია უკვე დიდი ხანია პოლიტიკური პაუზის მდგომარეობაშია და აქტივობას ნაკლებად აფიქსირებს. როგორც ჩანს, ეს ადამიანები მიხვდნენ, რომ მათი ადგილი „ქართულ პარტიაში“ აღარ იყო. რაც შეეხება იმას ივანიშვილთან თუ რატომ მიდიან, ეს არის მხოლოდ ფინანსური დაინტერესება, ჯერჯერობით, ის 5.5 მლრდ, რასაც ივანიშვილი ფლობს.