
ივანიშვილის გუნდი ღარიბების წინააღმდეგ...
11:54:15     16-02-2012
ივანიშვილის პარტიის საინიციატივო ჯგუფის გუშინდელ პრეზენტაციაზე, გარდა თავად ოლიგარქის მიერ „საქართველო-აფხაზეთის“ კეთილმეზობლური ურთიერთობის შესახებ გაკეთებული განცხადებისა, კიდევ ერთმა, სხვა „უცნაურმა“მოსაზრებამაც გაიჟღერა.
მოფილოსოფოს-მოფსიქოანალიტიკოსმა ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა, რომელიც მილიარდერის ერთ-ერთი ის რჩეული გახდა, ვინც წესით და რიგით ხალხის ინტერესები უნდა დაიცვას, თავდაჯერებულად განაცხადა, რომ ღარიბების ადგილი პოლიტიკაში არ არის და ამ სფეროში მხოლოდ მატერიალურად შეძლებული პერსონები უნდა იყვნენ წარმოდგენილნი.
ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე ფიგურის ასეთი განცხადება, ალბათ, მემარცხენეთა აგრესიულ საპროტესტო აქციებს, ხოლო დანარჩენი საზოგადოების არანაკლებ სიტყვიერ თუ წერილობით აღშფოთებას გამოიწვევდა, საქართველოში კი, წლების მანძილზე მიტინგებისგან დაღლილ საზოგადოებას, კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცა, ივანიშვილის გუნდის შესახებ რეალური წარმოდგენის შექმნისათვის.
ძნელი სათქმელია, ეს კბილაშვილის პირადი მოსაზრებაა თუ თავად ოლიგარქის კულისებს მიღმა გაჟღერებული ნათქვამი, რომელიც მისმა თანამოაზრემ საჯაროდ გაახმაურა, მაგრამ მილიარდერის და მისი „შემადგენლობის“ დამოკიდებულება ხალხისადმი, ისედაც თვალსაჩინოა.
ეკონომიკური განვითარების პროცესში მყოფი ქვეყნის არცთუ შეძლებული მოსახლეობისათვის, პოლიტიკური მოღვაწეობის დასაწყისშივე, პოლიტიკური გუნდის მიერ წამოძახებული „აქსიომა“, რომ თურმე თუ მილიარდებს არ იშოვიან, მათ მოღვაწეობის გარკვეულ სფეროში, ამ შემთხვევაში, პოლიტიკაში ჩარევის უფლება არ აქვთ, რბილად რომ ვთქვათ, მეტად არაკორექტული და უსიამოვნოა. თუმცა, იმ მენტალიტეტის საზოგადოებისაგან, რომელიც ოლიგარქის გარშემო შეიკრიბა, სხვაგვარად აზროვნება წარმოუდგენელიც კია.
მოკლედ, ივანიშვილის და მისი თანამოაზრეების ყოველი გამოჩენა ეკრანზე, ყოველთვის მორიგი სკანდალით სრულდება. თუ „გრეჩიხამ“ საზოგადოებას თავი დღეში სამჯერ აბაზანით სარგებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებით და „მიშა, მოვდივარ“ ფრაზებით დაამახსოვრა, ივანიშვილი აშკარად უფრო შორს მიდის და ძმები გაჩეჩილაძეების რეკორდსაც უკვე კარგა ხანია, გაცილებით მოკლე დროში გადაუსწრო.
სწორედ ამიტომაც არის, რომ ოლიგარქის ზურგს უკან, მლიქვნელურ ღიმილგამოსახული „თანამებრძოლები“, უსუფაშვილი და ალასანია, ივანიშვილის სიტყვით გამოსვლისას თუ მის მიერ საჯარო კომენტარის გაკეთებისას, ყოველთვის დაძაბულები იმზირებიან და სახეზე აწერიათ, რომ იმის მოლოდინში არიან, რამე სისულელე არ წამოსცდეს მათ პატრონს.
მილოდინი კი, თითქმის ყოველთვის, აშკარად უმართლებთ. მილიარდერს ახლა მისი ფავორიტი „პოლიტიკოსებიც“ დაემატნენ, რომელთაც ვირუსივით გადაედოთ თავისი კუმირის დაბნეულობა და სისულელეების დაბრეხვებაში თავად ოლიგარქს არაფრით ჩამორჩებიან.
„პრესა.ჯი“ დაინტერესდა თუ როგორ აფასებენ საზოგადოების წარმომადგენლები არჩილ კბილაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ პოლიტიკაში მხოლოდ მდიდარი ადამიანები უნდა იყვნენ და რომ ღარიბების ადგილი პოლიტიკაში არ არის.
ელენე სამხარაძე (სტუდენტი): არ ვიცი არჩილ კბილაშვილი ვინ არის. თუმცა, არავის აქვს უფლება ფულის და სიმდიდრის მიხედვით დაყოს საზოგადოება და იმათ, ვისაც ივანიშვილისნაირად ფული ტომრებით არ აქვთ, რომელიმე პროფესია აუკრძალოს. ეს დისკრიმინაციაა. იმ ვიღაც კბილაშვილს შეიძლება მილიონები აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე ღარიბზე უკეთესი პოლიტიკოსი იქნება.
ვერიკო მიქაბერიძე (პენსიონერი): როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვას ადამიანმა? ეს შვილო, ფაშისტური განცხადებაა. მე პენსიონერი ვარ, პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ მაქვს და ასეთი დამამცირებელი განცხადებები გულს მტკენს.
ნელიკო ზაუტაშვილი (კოსმეტოლოგი): მათი ერთადერთი ღირსება ფულია. ივანიშვილს რომ ფული არ ჰქონდეს, ისინი მათ გვერდით ვერ იქნებოდნენ. გგონიათ მართლა მოსწონთ ივანიშვილი? მათ ივანიშვილის ფულები მოსწონთ და არა მისი საქმე, იდეა თუ მიზანი. ის კბილაშვილი ახლა იწყებს პოლიტიკოსობას და უკვე ცხვირი წაიმტვრია თავისი აბსურდული განცხადებებებით.
დიმა ავეტესიანი (მძღოლი): ივანიშვილის გუნდის წევრია? ღარიბები არაო? ეგ მდიდარია? ფული თუ გაქვს კარგი ხარ და თუ არა - ცუდი? ივანიშვილმა ფული იშოვა, პოლიტიკა მოუნდა, მაგრამ იმის შნო არ აქვს წესიერი ხალხი დაიყენოს გვერდით. ამიტომ უშვებს ასეთ შეცდომებს.