უსუფაშვილი VS სუბარი - მეორე რაუნდი

  11:19:25     16-02-2012

ყოფილმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა პოლიტიკაში გადანაცვლების შემდეგ პარტიებისა და პოლიტიკური პარტნიორების ცვლაში რეკორდი მოხსნა. 2009 წლიდან დღემდე მან უკვე მოასწრო სამი პარტიის გამოცვლა. სოზარ სუბარი საზოგადოებამ (2003-2004 წლებში) ,,თავისუფლების ინსტიტუტიდან’’ გაიცნო. შემდეგ კი იგი სახალხო დამცველად დაინიშნა და მანამდე დუმდა, ვიდრე სახალხო დამცველის ეზოში ინდაური არ მიიყვანეს.

ინდაურმა იმოქმედა თუ მასში პოლიტიკურმა ამბიციამ გაიღვიძა ძნელი სათქმელია, თუმცა მას შემდეგ აღარავინ დაობდა, რომ სოზარ სუბარის ქმედებები პოლიტიკოსის ქმედებებს უფრო ჰგავდა, ვიდრე - ომბუცმენისას.

სუბარს აშკარად მიუწევდა გული პოლიტიკისკენ, მაგრამ როგორც ჩანს, არც სახალხო დამცველის სავარძელი და მაღალანაზღაურებადი სამსახური ეთმობოდა. 2009 წელს მას ვადა ამოეწურა და მხოლოდ ამის შემდეგ მიაშურა  პოლიტიკურ გაერთიანება ,,ალიანსს საქართველოსათვის’’.

თვითმმართველობის არჩევნებში იგი ,,ალიანსის’’ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატადაც განიხილებოდა, თუმცა 31 მაისს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობაზე, ალიანსში არსებული განხეთქილების გამო, მან აპრილში თქვა უარი. ხოლო ალიანსი არჩევნების შემდეგ დატოვა.

მოგვიანებით სუბარმა ირაკლი ოქრუაშვილთან, ეროსი კიწმარიშვილთან და ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად ,,ქართული პარტია’’ დააფუძნა. მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველად მუშაობის პერიოდში მისი მოხსენებები სავსე იყო ოქრუაშვილის კრიტიკითა და სხვადასხვა დანაშაულებში მხილებით, სოზარისთვის ამას ხელი არ შეუშლია ირაკლი ოქრუაშვილი გმირად გამოეცხადებინა და საზოგადოებისთვის ემტკიცებინა, ის ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც ათასგვარ სისასტიკეში ადანაშაულებდა, ღირსეული პოლიტიკური ლიდერია.

ყველას კარგად ახსოვს 2011 წლის გაზაფხულზე დავით უსუფაშვილისა და სოზარ სუბარის დებატები ტელეკომპანია ,,კავკასიის’’ ეთერში, როცა უსუფაშვილ-სუბარმა ერთმანეთს სულ ნაძირლები ეძახეს და რუსულ ფულზე ხმამაღლა ალაპარაკდნენ. თუმცა არც ამას შეუშლია ხელი მათთვის ბიძინას გარშემო კვლავ გაერთიანებულიყვნენ. მაგრამ როგორც ჩანს, სოზარ სუბარს სულ ცოტა ბოდიშის მოხდა მაინც მოუწევს ივანიშვილის კარზე გამაგრებული ,,რესპუბლიკელების’’ ლიდერისთვის, რადგან დღეს, დავით უსუფაშვილმა ,,პრესა.ჯი’’-ს ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას: არ გიქმნით დისკომფორტს თქვენ მიერ ნაძირალად წოდებულ სოზარ სუბართან ერთად რომ გიწევთ მუშაობა - ასე უპასუხა: ,,სოზარმა დაუშვა შეცდომები, მაგრამ ყველას ეძლევა შანსი, ამ შეცდომების გამოსწორების.’’

რის ფასად გამოასწორებინებენ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ,,თამარ ქალად’’ შერაცხულ სოზარ სუბარს შეცდომებს, ამის პროგნოზირება ძნელია, რადგან მათი ახალი ლიდერი ფანტაზიის ნაკლებობას არ უჩივის. 

P.S: „პრესა.ჯი“ იმის გარკვევას შეეცადა, აპირებდა თუ არა, სოზარ სუბარი უსუფაშვილის შანსის გამოყენებას, თუმცა, როგორც კი მან ჩვენთან სატელეფონო საუბრისას უსუფაშვილის ერთი შანსის შესახებ მოისმინა, უცნაური და გაურკვეველი ბგერები აღმოხდა და სასწრაფოდ გათიშა ტელეფონი.