
რუსეთში სამხედრო ტრიბუნალი გაახსენდათ, რომელზეც პუტინი მართლა გაასამართლეს
09:52:07     16-02-2012
მართალია, ვლადიმერ პუტინი ჯერჯერობით, მხოლოდ ინტერნეტში დააპატიმრეს, მაგრამ უკვე ერთი წელია, რაც პრემიერი გასამართლებულია და მის მიმართ რეალური განაჩენი არსებობს. თანაც, სამხედრო ტრიბუნალის მიერ გამოტანილი.
ერთი წლის წინ, 2011 წლის 10 თებერვალს, მოსკოვში სრულიად რუსეთის ოფიცერთა შეკრებაზე სამხედრო ტრიბუნალი შედგა, რომელზეც ვლადიმერ პუტინის ქვეყნის დამანგრეველი ქმედებები განიხილეს.
მთავარი ბრალმდებელი სახელმწიფო დუმის დეპუტატი, რუსეთის დამსახურებული იურისტი ვლადიმერ ილიუხინი იყო, რომელმაც მთავარი სიტყვა წარმოსთქვა და ვერდიქტიც ჩაიკითხა.
ილიუხინი დღეს ცოცხალი აღარ არის. ის, ტრიბუნალის ჩატარებიდან ზუსტად ერთ თვეში გარდაიცვალა, თუმცა არსებობს ტრიბუნალის დადგენილება, რომელსაც დღეს უკვე ხშირად იხსენებენ.
ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული ტრიბუნალი სრულიად რუსეთის ოფიცერთა გაერთიანებაში 2008 წელს შეიქმნა. პუტინის მიმართ წაყენებული ბრალდებები ძალიან ვრცელია და ფაქტობრივი მასალებითაა გამყარებული. ეს მასალები პუტინის მმართველობის ხანაში, მის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებს ეხება და მოკლედ ასე გამოიყურება:
ქვეყანა, ისტორიულად მოკლე ვადებში, 21-ე საუკუნის ცივილური განვითარების მიღმა დარჩა;
ქვეყანას არ შეუძლია თავად გამოკვებოს და დააკმაყოფილოს თავისი მოქალაქეები;
შეირაღებული ძალების ნგრევა დაიწყო ელცინმა, პუტინმა ეს პროცესი გააგრძელა და გააძლიერა;
პუტინმა თავად მისცა თავს ინდულგენცია დანაშაულებზე და დაუსჯელობაზე;
პუტინის მმართველობის დროს, კორუფციის მასშტაბებმა არნახულ ზღვარს მიაღწია;
18 წლამდე ბავშვების რაოდენობა 14 მილიონამდე შემცირდა, ქვეყანაში 7 მილიონზე მეტი ნარკომანია. რუსეთის ფედერაციიდან გაქრა 18 ათასი სოფელი და დასახლებული პუნქტი. ლიკვიდირებულია 20 ათასზე მეტი სკოლა;
თავდაცვის სამინისტრო დიდ კომერციულ მოედანს დაემსგავსა, ახლა იქ 300-მდე საწარმოა, რომლის უფროსიც მინისტრი სერდიუკოვია;
ჩვენ ვადანაშაულებთ პუტინს სამხედრო მეცნიერებისა და სამხედრო სასწავლებლების გაუქმებასა და ნგრევაში, რუსული სადაზვერვო ცენტრების განადგურებაში;
პუტინის ქმედებაში არის არა დანაშაულის ნიშნები, არამედ ფაქტები;
შესაბამისად;
პუტინის ყოფნა სახელმწიფო სამსახურში დაუშვებელია. დაე, აღსრულდეს მართლმსაჯულება.
დაადგინეს: ტრიბუნალის გადაწყვეტილება გამოსაძიებლად გადაეცეს სამართალდამცავ ორგანოებს, ასევე გავრცელდეს არმიასა და ფლოტში.
ტრიბუნალი თებერვალში ჩატარდა. 19 მარტს კი ილიუხინი გარდაიცვალა. ექიმების დასკვნით - ინფარქტით. მაგრამ არავის ეპარება ეჭვი, რომ ის ინფარქტამდე მიიყვანეს და რომ მისი სიკვდილი „პოლიტიკურმა მიზეზებმა“, კერძოდ, სწორედ ტრიბუნალმა განაპირობა. ამის დასტურია 18 თებერვალს ილიუხინსა და მის ახლო გარემოცვის ერთ-ერთ წავრთან საუბარი. ეს ადამიანი ყვება, რომ ილიუხინმა მას უთხრა - „21 მარტს რუსეთს ორი სენსაცია ელის.“ ჯერ ერთი, ის აპირებდა ციხეში ჩაესვა მედვედევი და პუტინი და მეორე, - ილიუხინმა გადაფურცლა საქაღალდე, რომელშიც საბანკო ანგარიშების ასლები ჰქონდა. მან განაცხადა, რომ მმართველმა ტანდემმა გაქურდა და გაანიავა მომავალი თაობების ფონდი და რომ ამ ქურდობის ერთ-ერთი თანამონაწილე მზადაა, „ჩააბაროს“ ტანდემი. მეორე დღეს ილიუხინი გარდაიცვალა.