სამხედრო სამსახურში ცვლილებები იგეგმება
09:15:03     16-02-2012
საქართველოს თავდაცვის სფეროში, ცვლილებების განხორციელება იგეგმება. სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 15 თვემდე გაიზრდება, ხოლო სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან განთავისუფლებულ პირებს, 18 წლის ასაკიდან, რეზერვში ნებაყოფლობით წასვლა შეეძლებათ.
ამასთან დაკავშირებით, ცვლილება “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” და “სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” კანონებში შედის, რომლებიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტების ავტორი თავდაცვის სამინისტროა და საკანონმდებლო ორგანოში, მათი განხილვა, უახლოეს მომავალში დაიწყება.
“სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” პროექტის ავტორთა განმარტებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა, კანონის დღეს მოქმედი ნორმით, 12 თვეა, მაგრამ ეს ვადები, შესაბამის სამსახურში გაწვეული პირების კარგი მომზადებისთვის საკმარისი არ არის.
რაც შეეხება “სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” კანონში განსახორციელებელ ცვლილებებს, პროექტით, სარეზერვო სამსახურში გაწვევის საშუალებები და რეზერვის გავლის მსურველთა წრე განისაზღვრება.
კერძოდ, სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან განთავისუფლებულ პირებს, 18 წლის ასაკიდან, რეზერვში ნებაყოფლობით წასვლა შეეძლებათ. ესენი არიან: ქალები, სარკინიგზო ტრანსპორტის ტექნიკური შემადგენლობა, საზღვაო ფლოტის შემადგენლობა, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების სისტემაში მომუშავე პირები, თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები, მოსამართლეები და პირები, რომლებმაც არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური მოიხადეს.
ასევე, საზღვარგარეთ სასწავლებლად ან სამუშაოდ მყოფი პირები, დიპლომატიური თანამდებობის პირები, სასულიერო პირები, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად ცნობილი პირები და საქართველოს პარლამენტის წევრები.
ამას გარდა, რეზერვში ნებაყოფლობით წასვლა შეეძლებათ - პედაგოგებსა და ექიმებს, რომლებიც სოფლად მუშაობენ.
აღსანიშნავია, რომ სამხედრო სარეზერვო სამსახურში არ მიიღება პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის არის ნასამართლევი.
კანონის დღეს მოქმედი ნორმით, სამხედრო სარეზერვო სამსახურში ნებაყოფლობით წასვლა აღნიშნული პირებიდან შეეძლოთ მხოლოდ ქალებს, პირებს, რომლებმაც მოიხადეს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, საზღვარგარეთ სასწავლებლად ან სამუშაოდ მყოფ პირებს, დიპლომატიური თანამდებობის პირებსა და საქართველოს პარლამენტის წევრებს. პროექტით კი ზუსტდება, რომ ნებაყოფლობით სავალდებულო სამსახურში წასვლა ყველას შეეძლება, თუმცა ასაკი იქნება განსაზღვრული.
უნდა ითქვას, რომ ცვლილებების განხორციელებამდე, სარეზერვო სამსახურის ნებაყოფლობით გავლის მსურველთა ასაკობრივი ზღვარი, დადგენილი არ იყო.
ამ საკითხების გარდა, პროექტი რეზერვისტების გამოძახების წესსაც ადგენს, კერძოდ, პრეზიდენტის მიერ დადგენილ შემთხვევებში, რეზერვისტების გამოძახება თავდაცვის სამინისტროს შეეძლება.
კანონპროექტით ზუსტდება, რომ თავდაცვის სამინისტროს სარეზერვო სამსახურში პირების გამოძახება ტექნიკური და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით შეეძლება, ხოლო მსგავსი გამოძახების შემთხვევები და შეტყობინების წესი, პრეზიდენტის ბრძანებულებით განისაზღვრება, რომელიც კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ გამოიცემა.
ამასთან, პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, რეზერვისტების მგზავრობას, თავდაცვის სამინისტრო საკუთარი ძალებით ან ფინანსებით უზრუნველყოფს.
მთავრობის შეფასებით, ცვლილებების მიზეზი სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოძახებისა და რეზერვში ნებაყოფლობით გაწვევის საკითხების დახვეწაა.