ბაქოში ანტიქართული პრემიერა ჩავარდა - აგვისტოს ომზე გადაღებულ რუსულ ფილმს პროტესტი გამოუცხადეს

  09:08:03     16-02-2012

ბაქოში პროტესტი გამოუცხადეს რუსი კინორეჟისორის, ჯანიკ ფაიზიევის მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ გადაღებულ ფილმს.

კინოთეატრ „Park Cinema“-ს ხელმძღვანელობას Facebook-ის აზერბაიჯანელმა მომხმარებლებმა მიმართეს და მოუწოდეს, უარი ეთქვათ „2008-ის აგვისტოს“ ჩვენებაზე. ფილმის პრემიერა ბაქოში, 21 თებერვალს უნდა შემდგარიყო, თუმცა ზემოაღნიშნული მიმართვის ავტორები თვლიან, რომ ამ სურათის ჩვენება დაუშვებელია აზერბაიჯანში, „რომელმაც ასევე განიცადა  აგრესია რუსეთის მხარდაჭერით“. ისინი თვლიან, რომ ფაიზიევის ფილმი „ამართლებს რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, ათასობით ქართველის საკუთარი სახლიდან გაყრასა და რუსეთის ჰეგემონიას სამხრეთ კავკასიაში“. მიმართვის ავტორები აფრთხილებენ კინოთეატრს, რომ თუ ფილმის ჩვენებას მაინც გადაწყვეტენ, მოსახლეობაში მისი ბოიკოტირების ფართო კამპანიას ჩაატარებენ.

„Park Cinema“-ს ხელმძღვანელობას „აზერბაიჯანული საზოგადოების  შეშფოთება კარგად ესმის“ და ამიტომაც, გადაწყდა, რომ „2008-ის აგვისტო“ აღარ იქნება ნაჩვენები. უკვე ჩამოხსნეს ყველა აფიშაც, რომელიც ამ ფილმის რეკლამირებას ახდენდა. 2008 წლის აგვისტოს ომის საკუთარი ვერსიის პროპაგანდისათვის, მოსკოვმა კოლოსალური ფული დახარჯა. კრემლის დაკვეთით შექმნილ სურათს, რა თქმა უნდა, არნახული პიარ-მხარდაჭერა ჰქონდა რუსეთის „პირველი არხისგან“, რაც ასევე მილიონები დაჯდა. ოფიციალური მონაცემებით „2008-ის აგვისტო“  16 მილიონი დოლარი დაჯდა. რეჟისორმა ფული კინემატოგრაფიის მხარდამჭერი ფონდისგან მიიღო, რის გამოც მის დანარჩენ კოლეგებს ქამრების შემოჭერა მოუხდათ - წერს „სობესედნიკი“.

ფონდის დირექტორს, სერგეი ტოლსტიკოვს არ დაუმალავს, რომ ეს ფილმი „ერთგვარი, სპეცპროექტია“ და ამიტომაც დაიხარჯა ფონდის ფული. ვარაუდობენ, რომ დანახარჯების 50% უკანვე ამოიღებენ.

ასე არ ფიქრობს ჟურნალ „Искусство кино“-ს მთავარი რედაქტორი დანილ დონდურეი:
„სახელმწიფომ ამ ფილმში 500 მილიონი რუბლი ჩაუშვა, წარმოუდგენელი ფულია. მხოლოდ რუსული კინოს დიდი თავადი ნიკიტა მიხალკოვი და ფეოდორ ბონდარჩუკი იღებენ ასეთ ბიუჯეტებს. ადამიანები, რომლებმაც უკვე ნახეს ეს ფილმი, ამბობენ: გამოვიდა ნამდვილი ანტიქართული პროპაგანდა. გინდაც, „პირველი არხი“  ყურებზე დადგეს და ფილმს 10-15 მილიონი შეჰმატოს. ისეთი ამონაგები, როგორიც ფილმ „ვისოცკის“ ჰქონდა, არ იქნება და ამ ფულს ვერასოდეს ამოიღებენ. ახალგაზრდები ამ ფილმს არ უყურებენ, რადგან მათი თემა არ არის.“

„2008-ის აგვისტო უკვე“ უკვე მეორე ფილმია, რომელიც 5-დღიანი ომის შემდეგ რუსეთში გადაიღეს. პირველი, „Олимпус инферно“ სასწრაფოდ, საკმაოდ შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და ისიც, რა თქმა უნდა, ოფიციალური პროპაგანდის  ნაწილი იყო: ამერიკელები ქართველ სამხედროებს შორის, გადარეული ქართველები ტანკზე, რომლებიც ავტომანქანას ცხრილავენ…

რუსეთს ამ ომის თემაზე 2009 წელს კიდევ ერთი ფილმის გადაღება სურდა, რისთვისაც ცხინვალის რეგიონში ჩავიდა კიდეც ემირ კუსტურიცა, თუმცა რეჟისორმა „სხვა კონტრაქტი“ მოიმიზეზა და ფილმის გადაღებაზე უარი თქვა.

„2008-ის აგვისტო“-ს გადაღებები მოსკოვში, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ყველაზე ნაკლებად, თავად ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობდა, რის გამოც, სხვათა შორის, ოსებმა, თავის დროზე პრეტენზიაც კი გამოხატეს. მასში მონაწილეობას იღებდა1500-ზე მეტი ჯარისკაცი და 3 ათასი ადამიანი ე.წ. მასოვკისათვის. ფილმისთვის სპეციალურად შეიძინეს პროგრამა, რომელიც „ავატარის“ შექმნისას გამოიყენებოდა. შედეგად, ფილმი ფანტასტიკური ჟანრის უფრო გამოვიდა, რადგან ფანტასტიკაა თავად რუსული აღქმა აგვისტოს 5-დღიანი ომისა და თავისთავად, ის სუპერ-რობოტები, რომელთა ფილმში გამოჩენამაც მაყურებელს ფანტასტიკური ბოევიკის შთაბეჭდილება შეუქმნა.