პუტინმა ვენედიქტოვს 2008 წლის ომისდროინდელი მუქარა აუხდინა

  19:31:46     15-02-2012

ვლადიმერ პუტინი ალექსეი ვენედიქტოვზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ობიექტური გაშუქებისთვის, ჯავრს იყრის. გარდა იმისა, რომ გუშინ „ეხო მოსკვის“ აქტივების მფლობელმა „გაზპრომ-მედიამ“ კრემლის დავალებით რადიოსადგურის დირექტორთა საბჭო დაშალა, დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავარ რედაქტორს ალექსეი ვენედიქტოვს პროკურატურაში იბარებენ.

„16 თებერვალს მიწვეული ვარ პროკურატურაში ტამბოველი მოქალაქის საჩივრის საფუძველზე, რომ „ეხოს“ წესდება არ შეესაბამება შრომის კოდექსს“ - იუწყება ვენედიქტოვი. ანუ საჩივარი ეხება იმას, რომ რადიოსადგური, როგორც საჭიროა, ისე არ ირჩევს მთავარ რედაქტორს.

თავად ვენედიქტოვი პროკურატურაში არ მივა. იქ იურისტი გამოცხადდება. თუმცა, როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინმა, რომელიც რუსეთის მედიასაშუალებების დიდ ნაწილს აკონტროლებს და რომელმაც ამ დრომდე ვერ მოახერხა „ეხო მოსკვის“ დამორჩილება, რადიოსადგურის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლა წამოიწყო.

პუტინი წყენას იოლად არ ივიწყებს. პრემიერი, ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის „ცხელ კვალზე“ დაპირდა ვენედიქტოვს, რომ ამ ომის ობიექტური გაშუქებისთვის ის პასუხს აგებდა.

2008 წლის 29 აგვისტოს, პუტინმა სოჭში მედიასაშუალებების ხელმძღვანელები დაიბარა  და შეხვედრაზე დიდი დრო დაუთმო სწორედ „ეხო მოსკვის“ კრიტიკას, რის გამოც ვენედიქტოვი იძულებული გახდა სარედაქციო პოლიტიკის კორექტირება მოეხდინა. თუმცა რა თქმა უნდა, კორექტირება არ გულისხმობდა მოვლენების ისე გაშუქებას, როგორც ეს პუტინს აწყობდა.

სოჭის შეხვედრის მონაწილეთა თქმით, პუტინი მაშინ იმდენად გამწარებული იყო, რომ „ეხო მოსკვის“ გადაცემების გაშიფრულ ტექსტებს აფრიალებდა და ვენედიქტოვს მიმართავდა: „მე არ მაინტერესებს, ვინ ლაპარაკობდა ამას. თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რაც რადიოსადგურში ხდება. მე არ ვიცი, ვინ არიან ისინი, მაგრამ, ვიცი, ვინ ხართ თქვენ“ - უთხრა პუტინმა ვენედიქტოვს.

როგორც ამბობენ, იმ შეხვედრაზე მიწვეული საინფორმაციო საშუალებების ხელმძღვანელების უმრავლესობა აღფრთოვანებული იყო იმის გამო, რომ ვენედიქტოვს ჭკუა ასწავლეს. შეხვედრის შემდეგ, „ეხო მოსკვის“ მთავარმა რედაქტორმა ვლადიმერ პუტინს კორიდორში უთხრა, რომ ის „არასამართლიანი“ იყო, რაზე პასუხადაც, პუტინმა კვლავ რადიოსადგურის გადაცემების სტენოგრამები ააფრიალა და დაპირდა ჟურნალისტს: „თქვენ მოგიწევთ პასუხი აგოთ ამაზე, ალექსეი ალექსეევიჩ“.

მოგვიანებით, ვენედიქტოვს კიდევ მოუხდა პუტინთან შეხვედრა და განაცხადა, რომ მათი საუბარი უფრო პოზიტიურ ტონალობაში წარიმართა, თუმცა  იმასაც მიხვდა: „მან დემონსტრირება მოახდინა იმისა, რომ შეუძლია, ნებისმიერ მომენტში გაგვიკეთოს ის, რასაც მოისურვებს“.

ეს მომენტი ახლა დადგა, როცა ვლადიმერ პუტინს წინ არჩევნები აქვს და როცა კრემლი მძლავრი და მზარდი ოპოზიციური განწყობილებების მსხვერპლი შეიძლება გახდეს. პრემიერს არც მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაულის - 2008 წლის ომის ობიექტური გაშუქება და არც ნარინჯისფერ ტალღაზე მომართული საზოგადოების პოზიციების ტირაჟირება სჭირდება.