რატომ დაუმალა ჟურნალისტებს ბიძინამ „ჩემი ეკა“

  15:43:28     15-02-2012

ბიძინა ივანიშვილმა დღეს, საკუთარი პარტიის „ქართული ოცნება –  დემოკრატიული საქართველო“–ს საინიციატივო ჯგუფის წევრები დაასახელა. არავისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რომ საინიციატივო ჯგუფის თვრამეტკაციან ჯგუფში, ახალი სახეები არ არიან, რასაც ოლიგარქი ღია წერილებიდან, თუ საგაზეთო ინტერვიუებიდან გვპირდებოდა.

თამაზ ადვალიანი, ნუგზარ დავითაშვილი, გიორგი ვოლსკი, კახი კალაძე, არჩილ კბილაშვილი, ივანე კიღურაძე, მანანა კობახიძე, გურამ ოდიშარია, გიორგი ჟვანია, ირაკლი სესიაშვილი, მაია ფანჯიკიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ელისო ჩაფიძე, ნინელი ჭანკვეტაძე, ლერი ხაბელოვი, ნოდარ ხადური და თედო ჯაფარიძე, ამიერიდან, ივანიშვილის ოცნებების ასრულებაზე იზრუნებენ.

ბიზნესმენმა საინიციატივო ჯგუფის წარდგენამდე, ჟურნალისტებს იმის შესახებ  მიაწოდა ინფორმაცია, რაც ამ დრომდე, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნებისა“ და მისი კოალიციის წევრების მიერ გაკეთდა.

ოლიგარქმა განაცხადა, რომ 44 რეგიონში უკვე არსებობს მათი რეგიონალური სტრუქტურა.

საინტერესოა საიდან დაიწყო რეგიონების ათვლა ბიზნესმენმა და სად დაასრულა,  ქვეყნის მასშტაბით 44 რეგიონი რომ მიიღო.

მას შემდეგ, რაც საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრის ვინაობა გახდა ცნობილი, ბიზნესმენმა განაცხადა, რომ  ჟურნალისტებს ჰქონდათ უფლება, მისთვის შეკითხვები დაესვათ.  თავდაპირველად, ოლიგარქს „პრესა.ჯი“–ს მიერ დასმულ შეკითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა.  ჩვენ კითხვაზე, რატომ არ გამოჩნდნენ ახალი სახეები მის საინიციატივო ჯგუფში, რასაც  ოლიგარქი გვპირდებოდა, ივანიშვილმა გვიპასუხა:

„ახალი სახე რა არის თქვენთვის? საზოგადოება არ უნდა იცნობდეს საერთოდ?

გსმენიათ რამე ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ“?

– გვსმენია მისი საქმიანობის შესახებ და ვიცნობთ კიდეც...

– კარგი ბატონო. ნუგზარ დავითაშვილს თუ იცნობდით?

– მის შესახებაც გვსმენია.

– თქვენ ძალიან გათვიცნობიერებული ბრძანდებით.

ამის შემდეგ, ოლიგარქს ინტერნეტ ტელევიზია „itv–ს“ ჟურნალისტის შეკითხვაზეც მოუწია პასუხის გაცემა.

–  ბატონო ბიძინა, როგორ ფიქრობთ, თქვენს გუნდში ადამიანები ფულის გამო გაერთიანდნენ, თუ საერთო იდეისთვის?

– თქვენ როგორ ფიქრობთ? რა თქმა უნდა იდეის გამო. მათ ისევე უყვართ სამშობლო, როგორც მე და თქვენ.

ივანიშვილი შეკითხვებმა გაანაწყენა და მოუწოდა ჟურნალისტს, კორექტული შეკითხვები დაესვა მისთვის.. 

ოლიგარქს კიდევ რამდენიმე შეკითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა. მაგალითად, რატომ არ იმყოფებოდა დღევანდელ პრესკონფერენციაზე მისი მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე, რაზეც მან ასეთი პასუხი გასცა. „არ იყო აუცილებლობა დღეს აქ ყოფილიყო ეკა და თქვენ გხლებოდათ. მე წარმოვადგენ  საინიციატივო ჯგუფს და ეს საკმარისია“.

ბიძინას, ბევრ რამესთან ერთად, კორექტულობის სწავლაც მოუწევს. როცა ჟურნალისტისაგან მოითხოვს ამას, თავადაც კეთილი ინებოს და კითხვაზე კორექტული პასუხი გასცეს. საინტერესოა, რას ნიშნავს მისი ნათქვამი „არ იყო აუცილებლობა, დღეს აქ თქვენ გხლებოდათ“. იმედია ბიძინა ქართველ ერს, „დაუმადლებლად“ მისცემს „მისი ეკას“ ხილვის „ბედნიერებას“. სავარაუდოდ, ბიძინამ ჟურნალისტებს „თავისი ეკა“ იმიტომ დაუმალა, რომ  რამდენჯერაც ეკატერინა მიკროფონთან მიუშვა, იმდენჯერ „თავი მოჭრა“. ხან იძახა ჩემი ოჯახისთვის რაც იქნება უკეთესი, იმას გავაკეთებო, ხანაც თავი ლამის თამარ მეფეს და მარგარეტ ტეტჩერს შეადარა.

საინიციატივო ჯგუფის წარდგენისა და ოლიგარქის შეკითხვებზე პასუხის გაცემის პროცესმა ნახევარ საათს გასტანა. ამის შემდეგ, ივანიშვილმა დატოვა „ქართული  ოცნების“ ოფისი, საინიციატივო ჯგუფის წევრები კი, ჟურნალისტებთან გასასაუბრებლად  კვლავ ოფისში დარჩნენ.

„პრესა.ჯი“–ს მიერ დასმულ უხერხულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა დღეს დავით უსუფაშვილსაც მოუწია.

– ბატონო დავით, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრის, მურმან დუმბაძის კოალიაციაში შემოსვლის საკითხი, ნამდვილად ასეა?

– კი ასეა.

– ბიზნესმენმა ისიც განაცხადა, რომ ამ საკითხზე თქვენ მუშაობთ?

– ბევრ სხვა საკითხთან ერთად, ამაზეც ვმუშაობ.

– უხერხულობას ხომ არ გრძნობთ,  პარტიიდან თქვენ მიერ გარიცხული წევრის „შემორიგება“,  თქვენ რომ დაგევალათ?

– არა უხერხულობას არ ვგრძნობ.

– არც ის გიქმნით დისკომფორტს, რომ თქვენ მიერ ნაძირალად წოდებულ სოზარ სუბართან ერთად გიწევთ მუშაობა?

– სოზარმა დაუშვა შეცდომები, მაგრამ ყველას ეძლევა შანსი, ამ შეცდომების გამოსწორების.

ბიზნესმენმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე პარტიის დაფუძნებაც დააანონსა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პარტიის დაფუძნება მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისში მოხდება.  თუ  კოალიციის წევრებს, ცალკეულ პოლიტიკურ სუბიექტებს და გულშემატკივართა რიგებს გადავხედავთ, მის პარტიაში ახალი სახეების ნაცვლად, შევარდნაძის დროის ჩინოვნიკებს და საზოგადოებისთვის კარგად მივიწყებულ სახეებს უნდა ველოდოთ.