
პუტინმა გადაცემები მიხურ-მოხურა და თავის სათათბიროზეც იეჭვიანა
08:26:08     15-02-2012
მოსკოვი ისტერიკაშია. პუტინი ზომებს იღებს, რომ ნაწინასწარმეტყველები „არაბული გაზაფხული“ თვალსა და ხელს შუა არ აუხდეს. გუშინ, თითქმის ერთდროულად, შეტევა მიიტანეს მედიასაშუალებებზე, რომლებიც ოპოზიციური აზრის ტირაჟირებით არიან დაკავებულები.
„გაზპრომ-მედიამ“, რომელიც „ეხო მოსკვის“ აქტივების 66 %-ის მფლობელია, რადიოსადგურის დირექტორთა საბჭოს გადადგომა მოითხოვა. ამის მიზეზი რადიოს პოლიტიკური მიმართულება გახდა. რადიოსადგურით უკმაყოფილოა ვლადიმერ პუტინი, რომელსაც „ეხო მოსკვის“ მის მიმართ დამოკიდებულება აშკარად არ მოსწონს, რის შესახებაც რუსეთის პრემიერმა ცოტა ხნის წინ რადიოსადგურის მთავარ რედაქტორს ალექსეი ვენედიქტოვს პირადად უთხრა.
„ეხო მოსკვის“ მიმართ თავისი აგრესიული დამოკიდებულება არც „ედინაია როსიას“ ხელმძღვანელობას დაუმალავს, როცა პუტინის პარტიამ რადიოს კოლექტივი „ექსტრემისტული განწყობილებების“ გავრცელებაში დაადანაშაულა. ეს ბრალდება ეთერში ბორის ბერეზოვსკის წერილების გამოქვეყნებას მოყვა, რომლებშიც რუსი ოლიგარქი, საზოგადოებასა და პოლიტიკურ ძალებს არჩევნების ჩაშლისკენ მოუწოდებდა.
გუშინვე, MTV-ს ტელეთერიდან მოხსნეს ქსენია სობჩაკის გადაცემა „გოსდეპ“-ი. ახალგაზრდული შოუს მეორე გადაცემის სტუმარი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი უნდა ყოფილიყო. დაანონსებული იყო, რომ გადაცემა ყველა იმ მწვავე თემას შეეხებოდა, რომელიც ახალგაზრდობას აინტერესებს.
„გოსდეპ“-ი ეთერში სულ ერთხელ გავიდა. თემა ასეთი იყო: „საით მივყავართ პუტინს?“ გადაცემას ძალიან მაღალი რეიტინგი ჰქონდა.
თავად ქსენია სობჩაკი არ გამოირჩევა ოპოზიციური შეხედულებებით. ის ამბობს, რომ წარმოადგენს „ზომიერ ოპოზიციას, არ ვარ რევოლუციონერი, უბრალოდ მინდა, რომ ხელისუფლება პატივს სცემდეს ჩემს აზრს. ეხლა, როცა ჩემს, როგორც ზომიერი ოპოზიციის წარმომადგენლის მიმართ ასეთი რამ ხდება, რა თქმა უნდა, მიჩნდება სურვილი - და ვახშობ ამ სურვილს - მინდა დავურეკო ნავალნის და ვთხოვო, მასწავლოს ბოთლში ასაფეთქებელი საშუალების მომზადება“ - ასეთი განცხადება გააკეთა გაუქმებული გადაცემის წამყვანმა.
თუმცა, როგორც გაირკვა, ცენზურა მხოლოდ მედიას არ შეხებია. პუტინი უკვე არა მხოლოდ მედიაზე, არამედ საკუთარ დუმაზეც ეჭვიანობს. გუშინ, დუმის ეთიკის კომისიამ წერილობითი ახსნა-განმარტებები მოსთხოვა იმ დეპუტატებს, რომლებიც იანვრის თვეში აშშ-ის საელჩოს სტუმრობდნენ, სადაც, გარდა იმისა, რომ ამერიკის ელჩს ესაუბრნენ, იმავე შეხვედრაზე, მათთან ერთად ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ამ საქციელის გამო პასუხისგება კომუნისტური პარტიისა და „სპრავედლივაია როსიას“ წარმომადგენლებს მოუწევთ.
რუსეთში „ფერადი რევოლუციების“ პროფესორად წოდებულ ამერიკის ელჩთან, მაიკლ მაკფოლთან სტუმრობისა და საუბრის გამო კოლეგების „დასჯის“ ინიციატორი, „ედინაია როსიას“ დეპუტატი იყო. დუმის კომისიამ უნდა დაადგინოს, დაირღვა თუ არა ამერიკის საელჩოში სტუმრობით სადეპუტატო ეთიკა.