ერაყში ქართული მუსიკა პირველად აჟღერდა
07:30:45     15-02-2012
ერაყში ქართული მუსიკა პირველად აჟღერდა. კონცერტში მონაწილეობდა ქართველი დირიჟორი მიშა მენაბდე. როგორც დირიჟორის დედამ, ნათელა მჟავანაძემ განაცხადა, მიშა მენაბდე ერაყში რეპეტიციებს 10 დღის განმავლობაში გადიოდა.
"მიშამ კიევის კონსერვატორიაში გაიცნო და დაუმეგობრდა ერაყელ კომპოზიტორს, რომელმაც ერაყში ჩასვლის შემდეგ კონცერტზე მიიწვია. მიშა 10 დღის განმავლობაში იქაურ ანსამბლთან რეპეტიციებს გადიოდა. მან სულხან ცინცაძის "საჭიდაო" შეასრულა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. საღამოს ერაყის პრეზიდენტის მეუღლე ესწრებოდა, რომელმაც მიშას ყვავილები მიართვა", - განაცხადა მჟავანაძემ.
კონცერტი ერაყში, ქალაქ სულემანში, 8 თებერვალს გაიმართა. საღამოზე სულხან ცინცაძის "საჭიდაოს" შემდეგ შესრულდა ჩაიკოვსკისა და ადგილობრივი კომპოზიტორების ნაწარმოებები.
მენაბდემ წარმატებით დაამთავრა მუსიკალური აკადემიის მაგისტრატურა პროფესორ რომან კოფმანის, არა მარტო უკრაინაში, არამედ ევროპაში ცნობილი დირიჟორის ხელმძღვანელობით. რ. კოფმანი წლების განმავლობაში ბონის ბეთჰოვენის სახ. სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი იყო. ამჟამად უკრაინის ნაციონალური ფილარმონიის სახ. სიმფონიურ ორკესტრში მთავარი დირიჟორის ასისტენტია, რომელთანაც მან თავისი სადიპლომო კონცერტი - შოსტაკოვიჩის მე-5 სიმფონია შეასრულა.
მენაბდე სანდრა რულოვსის ფონდის სტიპენდიანტი იყო. ხშირად დირიჟორობს კონცერტებზე და ორკესტრთან წარმატებით გადის რეპეტიციებს.
ghn