,,რესპუბლიკური ინსტიტუტის’’ დანიშნულება, „რესპუბლიკელების“ დაპურებაა

  14:49:17     14-02-2012

საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, არასამეწარმეო იურიდიულ პირს – „რესპუბლიკურ ინსტიტუტს“ ანგარიშბრუნვის თაობაზე, ინფორმაციის წარმოდგენა მოსთხოვა. ფინანსურის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა დაევალა ასევე ,,რესპუბლიკურ პარტიას’’, რადგან ზემოაღნიშნული იურიდიული პირი წარმოადგენს, ,,რესპუბლიკურ პარტიასთან’’ ასოცირებულ ორგანიზაციას და მისი კონტროლის ქვეშ იმყოფება.

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ნათია მოგელაძის განცხადებით, „რესპუბლიკურ ინსტიტუტი“, თავად საქართველოს ,,რესპუბლიკური პარტიის’’ მიერვე, განსაზღვრულია როგორც პარტიასთან ასოცირებული იურიდიული პირი და ბუნებრივად არის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის სუბიექტი. მასზე ვრცელდება კანონით განსაზღვრული შეზღუდვები და შესაბამისად, ის ექცევა საქართველოს კონტროლის პალატის მონიტორინგის ქვეშ. ამასთან, ,,რესპუბლიკურ ინსტიტუტს’’ არ ეზღუდება სამოქალაქო აქტივობის განხორციელება, იმავე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ,,რესპუბლიკურმა პარტიამ’’ მასთან ასოცირებული იურიდიული პირის - „რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის კონტროლის პალატისთვის წარდგენაზე უარი განაცხადა და ნათია მოგელაძის განცხადებით, კონტროლის პალატასთან აბსოლუტურად უპერსპექტივო იურიდიული დავა წამოიწყო.

,,რესპუბლიკური ინსტიტუტის’’ 2011 წლის იანვრიდან 1012 წლის იანვრის ჩათვლით ხარჯების ანგარიშგება ,,რესპუბლიკურმა პარტიამ’’ გამოაქვეყნა. თუმცა დოკუმენტს, იურიდიული ძალა არ გააჩნია, რადგან მას არც ხელმოწერა ახლავს და არც ბეჭედი აქვს დასმული. შესაბამისად, სულ არ არის გამორიცხული იგი რეალურად არ ასახავდეს ზუსტ სურათს. თუმცა არის ხარჯები, რომელსაც ,,რესპუბლიკელებმა’’ გვერდი ვერ აუარეს. ძირითად ხარჯებს ,,რესპუბლიკურ ინსტიტუტში’’ პარტიული ლიდერების – ლევან ბერძენიშვილის, თინა ხიდაშელის და დავით ზურაბიშვილის ხელფასები წარმოადგენს და ეს თანხა ათი ათასობით ლარს შეადგენს. საინტერესოა ასევე ხელფასების გაცემის პერიოდიც. აღმოჩნდა, რომ ათასობით ლარი ბერძენიშვილ–ზურაბიშვილს წლის პირველ და უკანასკნელ თვეს დაერიცხათ. ,,რესპუბლიკელების’’ მიერ წარმოდგენილი ანგარიშით, 8 იანვარს ლევან ბერძენიშვილსა და ფრიდონ საყვარელიძეს ჰონორარის სახით მიღებული აქვთ 2 395 ლარი, ზურაბ ბრეგვაძეს 1 972 ლარი. 23 დეკემბერს, ნოუთბუქი შეუძენიათ 1 940 ლარად. ხოლო კომპიტერულ აღჭურვილობაში 833 და 512 ლარია გაწერილი. დავით ზურაბიშვილს ხელფასის სახით ამჯერად მხოლოდ 840 ლარი ხვდა, წლის ბოლოს ეს საკითხი გამოსწორებულია. 28 დეკემბერს ,,რესპუბლიკური ინსტიტუტი’’ მიკროავტობუს ,,ტოიოტა ჰაიასიას’’ იძენს 70 022 ლარად. 21 200 ლარი კი საწვავშია გაწერილი. მთელი წელი ,,რესპუბლიკური ინსტიტუტი’’ 70 ლარს იხდიდა ინტერნეტში, დეკემბერში კი ინტერნეტის გადასახადმა 1 680 ლარი შეადგინა.

2011 წლის დეკემბერში ლევან ბერძენიშვილმა ხელფასის სახით 14 400 ლარი აიღო, თინათინ ხიდაშელმა – 11 520, ივლიანე ხაინდრავამ – 12 960. ფრიდონ საყვარელიძემ და დავით ზურაბიშვილმა 10 080– 10 080 ლარი, ზაალ მესხს ,,რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა’’ 9 600 ლარი ჩაურიცხა. ვანდა ცისკარიშვილს კი ყველაზე დაბალი ანაზღაურება ხვდა წილად – 2 000 ლარი. თინა ხიდაშელის მივლინებაში 1 539 ლარია გაწერილი . სამშაბათობის კოორდინაციაში – 13 200. ლევან ბერძენიშვილის, ფრიდონ საყვარელიძისა და ივლიანე ხაინდრავას ანაზღაურება ,,რესპუბლიკურ ინსტიტუტში’’ ამით არ ამოიწურება. 29 დეკემბერს მათ ,,დემოკრატიის სკოლის’’ სახელით დამატებით 1 680  ლარი ჩაერიცხათ. დანარჩენი თანხა კი, რაც მორჩათ, კომპიუტერულ აღჭურვილობაშია დახარჯული. შიგადაშიგ ორგანიზაციის გავითარებისთვის გაწეულ ხარჯებში წიგნის გამოცემაა დაფინანსებული. მაგრამ, როგორც ხედავთ, ძირითადად ფინანსური მოზღვავება ,,რესპუბლიკურ ინსტიტუტს’’ წლის ბოლოს აქვს, რაც იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ ორგანიზაციამ წლის ბოლოს მორჩენილი თანხა ბოლო თეთრამდე გაინაწილა.  

ის ფაქტი, რომ ორგანიზაციის ხუთიოდე წევრს ათიათასობით ლარი ერიცხება, მაშინ, როცა მისი აქტივობა თითქმის შეუმჩნეველია და ამაზე ,,რესპუბლიკელებისვე’’ წარმოდგენილი ანგარიშიც მიუთითებს, რომელშიც ორიოდ მივლინება და ამდენივე წიგნის გამოცემაა წლის სამუშაო, ცხადია, კითხვის ნიშნებს იწვევს და იმის ახსნაც, თუ რატომ არ უგზავნიან ,,რესპუბლიკური პარტიის’’ ლიდერები მოთხოვნილ დოკუმენტაციას კონტროლის პალატას ალბათ ადვილი მოსაძებნია.