
როგორ გადაურჩა ჯონდი კაკო ბობოხიძის მუშტს…
14:37:32     14-02-2012
მმართველი გუნდის წევრი, დეპუტატი აკაკი ბობოხიძე „ჩვეულ ფორმაშია”. პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ბობოხიძემ ჯონდი ბაღათურიას საცემად გაიწია, მაგრამ ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა, მანდატურმა არ დააცალა.
ბობოხიძის გაღიზიანება, ბაღათურიას განცხადებამ გამოიწვია. ჯონდი ამბობდა, რომ უმრავლესობის ზოგიერთი წევრი, 2008 წლის ომის დროს, ქვეყნის დატოვების მიზნით, წითელი ხიდიდან გარბოდა, თავად კი გორში იყო.
„მე მაგ დროს გორში ვიყავი, ზოგიერთი კი წითელი ხიდიდან გარბოდა“, – განაცხადა ბაღათურიამ. ბობოხიძემ ჯონდი ტყუილში ამხილა და „შეახსენა“, რომ გორში არ ყოფილა. ბობოხიძეს მხარი უმრავლესობის სხვა წევრებმაც დაუჭირეს, რის გამოც, დარბაზში ქაოსი შეიქმნა.
ბაღათურიასა და ბობოხიძეს შორის დაძაბულობის განმუხტვა, სხდომის წამყვანმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარინმა სცადა, რომელსაც რეგლამენტის უცოდინრობის გამო, ბაღათურია მთელი დღეა „ნერვებს აწყვეტს“.
მაჭავარიანმა მანდატურებს მკაცრად მოთხოვა, რომ დეპუტატები სხდომათა დარბაზიდან გაეყვანათ. „რას დადიხართ, აქეთ-იქით გაეროს დამკვირვებლებივით, გაიყვანეთ ჯონდი!”, - მიმართა მანდატურებს მაჭავარიანმა.
პეტრე მამრაძეზე ხელგაწაფულმა ბობოხიძემ, ბაღათურიასთან ფიზიკური გაპაექრება ვერ მოახერხა, მაგრამ კომენტარებს საკუთარი ადგილიდან „ისროდა”. როგორც ჩანს, მმართველი გუნდის წევრი, დანაპირებს ასრულებს. კერძოდ, „პრესა.ჯი“–სთან ერთ–ერთ ინტერვიუში ბობოხიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკოსს, რომელიც „აგვისტოს ომში“ საქართველოსა და ხელისუფლებას დასდებს ბრალს, ყოველთვის ფიზიკურად გაუსწორდება.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის შემოდგომაზე, მამრაძეს ბობოხიძემ სახეში გაარტყა და შემდეგ, დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვა. „მანდატი შემიჩერეთ მირჩევნია, ვიდრე მოღალატეების შეფასებებს ვისმენდე“, – აცხადებდა ბობოხიძე.
ვინაიდან, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომები დღეს გაიხსნა, მსგავსი ფაქტები, სავარაუდოდ, ამ მოწვევის პარლამენტში ბლომად იქნება.