Merkava 4 – „რუსული მედიის ნაბოდვარზე ჩვენ კომენტარს არ ვაკეთებთ“

  10:20:40     12-11-2010

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელი „მერკავა-4“-ის ტიპის ულტრათანამედროვე თავდასხმით ტანკებს საქართველოს მიჰყიდის. თბილისში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და მას „რუსული მედიის ნაბოდვარს უწოდებენ“.

ქართველი სამხედრო ექსპერტები ისრაელის მიერ „მერკავა 4“-ის გაყიდვას ამ ეტაპზე გამორიცხავენ. გიორგი თავდგირიძის განცხადებით, „მერკავა 4“-ის ექსპლუატაცია საკმაოდ რთულია და მის ათვისებას ხანგრძლივი დრო დასჭირდება.
ირაკლი სესიაშვილის შეფასებით კი, „საქართველოს მიერ ისრაელისგან „მერკავა-4“-ის შეძენა რუსეთის მხრიდან პროვოკაციების საფრთხეს გაზრდის“.

“ისრაელი ულტრათანამედროვე ტანკს „მერკავა-4“-ს საქართველოს მიჰყიდის”, – ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სამხედრო ვებგვერდი „ვაენნი პარიტეტი“ ავრცელებს, რომელიც სხვადასხვა საინფორმაციო წყაროს ეყრდნობა .

„ვაენნი პარიტეტის“ ცნობით, ისრაელის თავდაცვის სამინისტრო, ამერიკის ადმინისტრაციასთან შეთანხმების საფუძველზე, ტანკებს მეგობრულ ქვეყნებს მიჰყიდის, ასეთ ქვეყნებს შორის არის საქართველოც.

სპეციალისტების შეფასებით, „მერკავა-4“ თანამედროვეობის ერთ-ერთ უძლიერეს ტანკად მიიჩნევა. ამ ტიპის ათეულობით ტანკს ისრაელის სამხედრო მრეწველობა მხოლოდ ებრაული არმიისთვის აწარმოებდა.

საქართველოსთვის ტანკ „მერკავა-4“-ს მიყიდვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს. აღნიშნულთან დაკავშირებულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო „რუსული მედიის ნაბოდვარს უწოდებს“.

როგორც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლმა სალომე მახარაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნული ინფორმაცია არასწორია. – „რუსული მედიის ნაბოდვარზე ჩვენ კომენტარს არ ვაკეთებთ“ - აღნიშნა მახარაძემ

პარლამენტის თავდაცვისა და უშუშროების კომიტეტისთვის კი ისრაელის მიერ ამ ტიპის ტანკების საქართველოსთვის შესაძლო მიყიდვის გეგმის არსებობის შესახებ არაფერია ცნობილი.

როგორც „პირWელს“ კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზაზა გელაშვილმა განუცხადა, იგი ამ საკითხზე ინფორმირებული არ არის. 

კომიტეტის წევრის სამსონ ქუთათელაძისთვის კი მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ „ზოგადად ისრაელის მთავრობაში არსებობს გადაწყვეტილება სხვადასხვა ქვეყნებისთვის შეიარაღების მიყიდვის თაობაზე“.

„ზოგადად, ისრაელის მთავრობაში ნამდვილად არსებობს გადაწყვეტილება სხვადასვხა ქვეყნებისთვის შეიარაღების მიყიდვის თაობაზე, თუმცა შედის თუ არა ამ ქვეყნების ნუსხაში საქართველო, ჩემთვის უცნობია“, – განუცხადა „პირWელს“ ქუთათელაძემ. 

სამხედრო ექსპერტ ირაკლი ალადაშვილს ეეჭვება, ისრაელმა საქართველოს „მერკავა-4“-ის ტიპის ულტრათანამედროვე ტანკები მიჰყიდოს. როგორც ალადაშვილმა „პირWელს“ განუცხადა, „ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ისრაელის თავდაცვის სამინისტროს რომელიმე ქვეყნისთვის „მერკავა-4“ მიეყიდა“.

„ამ ტანკის შესყიდვის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომამდე აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი, თუმცა ომის შემდეგ ისრაელსა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა გასაგები მიზეზების გამო პრაქტიკულად შეწყდა. აქედან გამომდინარე, ძნელი დასაჯერებელია, ისრაელმა ახლა საქართვერლოს „მერკავა-4“ მიჰყიდოს, მით უფრო, რომ ებრაული მხარე ამ ტანკს საკუთარი სამხედრო ძალებისთვის აწარმოებს, - განაცხადა ალადაშვილმა, რომლის განმარტებით, „მერკავა-4“ თავდასხმით ბრძოლებში გამოიყენება და მისი წონა 60 ტონას შეადგენს. 

„საქართველოს სამხედრო ძალებში 40–ტონიანი ტანკები ჰყავთ, ეს ტანკი კი მათზე 20 ტონით მძიმეა და გადაადგილების დროს მის სიმძიმეს ბევრი აქაური ხიდი ვერ გაუძლებს. გარდა ამისა, ზოგადადაც, ვფიქრობ, უფრო უპრიანი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებას თავდაცვით და არა თავდასხმით სისტემებზე ეზრუნა. აგვისტოს ომმა ნათლად გვიჩვენა, რომ ჩვენი თავდაცვითუნარიანობა გასაძლიერებელია”, – დასძინა ალადაშვილმა.

უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტის ირაკლი სესიაშვილის აზრით, ისრაელის მიერ საქართველოსთვის „მერკავა-4“-ის ტიპის ტანკის მიყიდვა „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამატებითი სამხედრო ძალის შეყვანას გამოიწვევს, რაც რეგიონში სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს“. 

როგორც „პირWელს“ სესიაშვილმა განუცხადა, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელმა შესაძლოა, საქართველოს ამ ტიპის ულტრათანამედროვე ტანკები მიჰყიდოს, „რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, არადამაჯერებელია“.

„ისრაელი, როგორც წესი, მის მიერ წარმოებულ მძიმე სამხედრო ტექნიკას სხვა ქვეყნებზე არ ჰყიდის და ხელისუფლება ამ პრინციპს კანონის დონეზე იცავს. გარდა ამისა, თუკი ამერიკას საქართველოს დახმარება სურს, ვფიქრობ, ისრაელისთვის მიმართვა არ სჭირდება და შეუძლია, ეს თავადვე გააკეთოს. 

ამასთან, ვფიქრობ, დღესდღეობით, როდესაც ირანის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია და რუსეთი ამ თემასთან დაკავშირებით ამ ქვეყნების პოზიციებს იზიარებს, არც ისრაელი და არც ამერიკა რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვაზე არ წავლენ. გარდა ამისა, ისრაელისთვის რუსეთი სამხედრო ბიზნესში გაცილებით მიმზიდველია, ვიდრე საქართველო და არა მგონია, ისრაელმა საქართველოსთან თანამშრომლობით რუსეთის, როგორც პოტენციური მყიდველის დაკარგა გარისკოს“ - განმარტა ექსპერტმა. 

მისივე აზრით, თუ გავრცელებული ინფორმაცია გამართლდება და საქართველო მსგავს ტანკებს მართლაც შეიძენს, რუსეთის მხრიდან პროვოკაციების საფრთხე გაიზრდება. 

„საქართველოსთვის ამ ტანკების მიყიდვა რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამატებითი სამხედრო ძალის შეყვანას გამოიწვევდა, ეს კი, თავის მხრივ - რეგიონის მეტ მილიტარიზაციას და დაძაბულობის ესაკალაციას. გარდა ამისა, თუ საქართველოს „მერკავა-4“ ეყოლება, არსებობს რისკი, რუსეთმა ეს ტექნიკა, 2008 წლის მსგავსად, გარკვეული პროვოკაციის შედეგად ხელში ჩაიგდოს, რაც მას სამომავლოდ ამ ტექნოლოგიების თავისუფლად გამოყენების საშუალებას მისცემს, ეს კი არავის აწყობს“, - დასძენს სესიაშვილი.  

ოსი ექსპერტის, იური ბეტეევის აზრით, ისრაელი საქართველოს გამო რუსეთთან ურთიერთობას არ გაიფუჭებს.

„აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ ქართული მედია-საშუალებების პროვოკაციაა და არ აქვს შანსი, რეალობად იქცეს. საქართველო ასეთი შეიარაღების შესყიდვას უბრალოდ ვერ შეძლებს. ერთი ასეთი ტანკის ღირებულება დაახლოებით 20 მლნ დოლარს შეადგენს, შესაბამისად, თბილისს საჭირო თანხები უბრალოდ არ აქვს. 

თუმცა აქ საქმე სააკაშვილის რეჟიმის ფინანსურ სირთულეებშიც არ არის. იმ ურთიერთობების დონე, რომელზეც ბოლო პერიოდში რუსეთი და ისრაელი გავიდნენ, თელ-ავივს არ აძლევს უფლებას, ისეთი ნაბიჯი გადადგას, რომელიც ღალატად შეფასდება“, - თვლის ბეტეევი და დარწმუნებულია, რომ „ისრაელი რუსეთთან კონფლიქტში არ შევა და არ დაკარგავს მრავალრიცხოვან რუს ტურისტებს, რომელთა მეშვეობით ქვეყნის ბიუჯეტში ათეულობით მილიონი დოლარი შედის“.

„ქართული მედია სიტუაციის მისთვის სასარგებლოდ წარმოჩენას ცდილობს. ნათელია, რომ სააკაშვილის რეჟიმი სამხედრო პოტენციალის აღდგენას აგრძელებს, რათა სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში რევანშისტული ქმედებები განახორციელოს. 

სხვათა შორის, მისთვის ამის გაკეთება უფრო და უფრო რთულდება, რადგან მსოფლიო საზოგადოება საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების არაადექვატურობას ეტაპობრივად იგებს. ამიტომ უწევთ პროვოკაციებზე წასვლა ისეთი ხმების გავრცელებით, როგორიცაა ისრაელისგან ტანკების შესყიდვა“, - აცხადებს ბეტეევი.

ცნობისათვის: ისრაელის სამხედრო მრეწველობა ყოველწლიურად, რამდენიმე ათეულ „მერკავას“ ებრაული არმიის გასაძლიერებად აწარმოებდა. ექსპერტთა შეფასებით, „მერკავა-4“ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ტანკად ითვლება.