გია თორთლაძე: ივანიშვილი ე.წ. პოლიტიკოსებს ორ შაურად ყიდულობს

  12:27:42     14-02-2012

დეპუტატ გია თორთლაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური სპექტრის მოსყიდვას აგრძელებს და ამის ნათელი დასტური იყო – რომან მარსაგიშვილის მიერ, ფრაქციის დატოვება იყო – „პრესა. ჯი“ გია თორთლაძეს ესაუბრა:

თუ გაარკვიეთ, თქვენი ფრაქცია, რატომ დატოვა რომან მარსაგიშვილმა?

– მასთან არ მისაუბრია, მაგრამ ლაპარაკს არც ვაპირებ, რადგან იმის თავი თუ ჰქონდა, რომ წერილი დაეწერა, არ შეეძლო, ჩემთვის რომ  დაერეკა? ფაქტია, რომ საქართველოში, ბიძინა ივანიშვილის მიერ,  პოლიტიკური სპექტრის მოსყიდვა მიმდინარეობს. ამის ნათელი მაგალითი კი, მარსაგიშვილია, რომელსაც ფული გადაუხადეს და წავიდა. ზოგიერთი ე.წ. პოლიტიკოსი ორ შაურად იყიდება, რაც სამწუხაროა.

მარსაგიშვილმა წერილში, თქვენ „მარიონეტი” გიწოდათ. როცა, თქვენი ფრაქციის წევრი იყო, პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რაიმე უკმაყოფილებას გამოხატავდა?

– რაიმეზე პრეტენზია არასოდეს გამოუთქვამს. „მარიონეტობის” დაბრალება შეურაცხმყოფელია, რადგან ის ფრაქციაში ოთხი წელი მართლა მარიონეტივით იჯდა და სიტყვა არასოდეს უთქვამს. თუ არა და თქვენ გემახსოვრებოდათ. „მარიონეტი” მან მე რომ მიწოდოს, სირცხვილია.   მარსაგიშვილმა, წერილში თქვა, რომ მე თურმე, პირად ინტერესებზე მაღლა არ ვდგავარ. ეს მას ნამდვილად არ უნდა ეთქვა, რადგან უმცირესობიდან, მარსაგიშვილი სწორედ პირადი ინტერესების გამო წავიდა. კარგად გაიხსენოს და მიხვდება რასაც ვგულისხმობ.  

ჩვენი ინფორმაციით, მარსაგიშვილს შვილთან დაკავშირებით, სამართალდამცავ სტრუქტურებთან პრობლემები ჰქონდა, რომლის მოგვარებაც სწორედ პარლამენტარის სტატუსით სცადა. ამასთან დაკავშირებით, რა ინფორმაციას ფლობთ?

– არ ვიცი, ვერ გეტყვვით და თან, თავს შევიკავებ. მის ოჯახურ ამბებზე ლაპარაკი არ მინდა, მაგრამ თავად უკეთ იცის, მას თუ რა პრობლემები აწუხებდა. საინტერესოა, მარსაგიშვილმა ახლა შეამჩნია, რომ ჭეშმარიტი პოლიტიკოსობა სურს? სამწუხაროა, რომ თავად მარიონეტია, მაგრამ ეტყობა, ამ სიტყვის განმარტება არც იცის. პარლამენტში საკუთარ საქმიანობას გადახედოს და მიხვდება, ვინ იყო პოლიტიკურად მარიონეტი.

მარსაგიშვილი, თქვენი ოპონენტების ფრაქციაში “ერთობა სამართლიანობისთვის” გადადის, როგორ შეაფასებთ მის ტრანსფერს?

– ის, ფულით გაკეთებულ ფრაქციაში გადადის, რომელიც ივანიშვილმა იყიდა. ივანიშვილი რუსეთიდან პირდაპირ იმართება და ასეა, ეს ფრაქციაც. ამ ფრაქციაში, მყოფი დეპუტატები პრორუსულები არიან და ამას თავადაც არ მალავენ. ეს კაციც გამყიდველი აღმოჩნდა.  

მარსაგიშვილს  ფული ივანიშვილმა გადაუხადა. ივანიშვილი კაცი პოლიტიკოსებს ყიდულობს და რა გიკვირთ? ისე, სჯობს, პოლიტიკაში მყოფი წონიანი პოლიტიკოსები აარჩიოს და არა მარსაგიშვილისნაირები.