ხომერიკი ოცნებობს, თბილისში შემოუძღვეს პუტინს

  10:35:52     14-02-2012

რაზე ოცნებობს საქართველოსათვის გულდამწვარი „მამულიშვილი“  ვლადიმერ ხომერიკი, რომელიც ასევე „დიდი მამულიშვილის“, იმ  ალექსანდრე ებრალიძის იდეური (და არა მარტო) მეგობარია, რომელიც საქართველოში ახალი ოპოზიციური ცენტრის შექმნასა და ქართველი ხალხის „გათავისუფლებას“ აპირებს.

„ქართველი და რუსი ხალხის ერთიანობის“ ფონდის პრეზიდენტი ვლადიმერ ხომერიკი, რომელიც პუტინის რეჟიმის მეხოტბეა, პირდაპირ მოუწოდებს მოსკოვს შემოვიდეს საქართველოში და ისევე დაიპყროს ის, როგორც ეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში გააკეთა. თუმცა ხომერიკისათვის ეს არა ოკუპაცია, არამედ „შველა“ ყოფილა. ის თავს უფლებას აძლევს ქართველი ხალხის სახელით ილაპარაკოს და პირდაპირ თბილისში მოიწვიოს „მხსნელი რუსეთი“:

„სამწუხაროდ, რუსეთი გულგრილი რჩება საქართველოს ბედის მიმართ და აბსოლუტურად ინფდიფერენტულად ეკიდება იმას, რასაც სააკაშვილი უკეთებს ქართველ ხალხს. ქართველები ხშირად კითხულობენ: „რატომ კმაყოფილდება რუსეთი მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დახმარებითა და შველით, ხოლო საქართველოს ძირითადი ნაწილი კი სააკაშვილის არალეგიტიმურ რეჟიმს დაუტოვა?“ -ასეთია ვლადიმერ ხომერიკის აზრები, რომელიც მას სამშობლოზე ფიქრისას აღეძვრება ხოლმე და რომლის შესახებაც ის, კიდევ კარგი, რომ ღიად წერს.

ხომერიკი ფიქრობს, რომ „ქართველი ხალხი, რომელიც რუსეთის მფარველობის ქვეშ საუკუნეები ცხოვრობდა, ნამდვილად არ იმსახურებს რუსეთის მხრიდან ასეთ გულგრილ დამოკიდებულებას, თუმცაღა რუსეთს აქვს ყველა მორალური საფუძველი, გაბრაზებული იყოს ბოლო 20 წლის განმავლობაში ქართველი მმართველების ქმედებებზე.“

ხომერიკი მოუწოდებს რუსეთს, მონახოს რაიმე ფორმა, რომ მოსკოვმა მეურვეობა იკისროს საქართველოზე, გახდეს მისი ბედის წარმმართველი, ჩაერიოს მის პოლიტიკურ ცხოვრებაში იმ დონემდე, რომ ღიად დაუჭიროს მხარი „ჯანსაღ ოპოზიციას“:

„სწორი იქნებოდა, თუ საერთაშორისო ფარგლებში, რუსეთი იზრუნებდა მოძმე ხალხის ბედზე, ლობირებას გაუწევდა და მხარს დაუჭერდა ჯანსაღი ქართული ოპოზიციის ინტერესებს. ქართველ ხალხს კი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედს დაუტოვებდა, რა თქმა უნდა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლოების ინტერესების გათვალისწინებით“ - წერს ხომერიკი.

ის ამტკიცებს, რომ „საქართველოს ხალხი ელის, მაგრამ ვერ ხედავს რეალურ მხარდაჭერას და შველას, რომელიც მას შეუძლია გაუწიოს რუსეთმა“.
ის მოუწოდებს რუსულ ეკლესიას, ერთიანი სულიერი სივრცე შექმნას ქართულ ეკლესიასთან და უბიძგოს რუსეთის საერო ხელისუფლებას, უშველოს საქართველოსა და ქართველ ხალხს.

რადგანაც ხომერიკისა და მის მსგავსთა იდეებმა საქართველოში ფეხი ვერ მოიკიდა, ის ამას თავისებურ ახსნას უძებნის: „საქართველოში საერთოდ არ არსებობს მედია, რომლითაც ოპოზიციური ძალები შეძლებდნენ თავისი ხმის მიწვდენას მოსახლეობისთვის“.  და წუხს იმაზე, რომ  არსებობს მედია, რომელიც რუსეთის მიმართ ისეთივე დამოკიდებულებისკენ არ უბიძგებს მკითხველს, როგორც ამას ხომერიკი და ებრალიძე მოუწოდებენ. მას სურს საქართველოში ყველა ისე ფიქრობდეს, როგორც თავად:  საქართველოს ხელისუფლებამ მოკლა რუსი სამშვიდობოები, რომლებიც თავის სამშვიდობო მისიას ახორცილებდნენ…

მოწოდებების გარდა, ხომერიკს, შეუძლია, პირდაპირ შემოუძღვეს პუტინს საქართველოში და ანახოს ის „სატრანზიტო დერეფნები“, რომლითაც მისი თქმით ტერორისტები რუსეთში გადადიან. ის ადასტურებს მოსკოვის ბოლო წლების ყველაზე პოპულარულ და საშიშ ბოდვას, რომ ტერორიზმის ტრანზიტი რუსეთში, სწორედ საქართველოდან ხდება. და არ სჯერა, რომ ასეთ ბრალდებას პუტინის რეჟიმი უსაფუძვლოდ წამოაყენებდა.

„ასეთი განცხადებების დაჯერება ძნელი არ არის“ - ამბობს ის და აცხადებს, რომ საკუთარი წყაროებიდანაც აქვს ინფორმაცია, მართალია, დაუდასტურებელი, მაგრამ მაინც იმის „მამტკიცებელი“,  რომ „საქართველოში არსებობს არა მარტო ტერორიზმისა და ნარკოტრეფიკის ბაზები და კორიდორები, არამედ აშშ-ის მიერ განთავსებული ბაქტეოროლოგიური იარაღის ლაბორატორიები, სადაც ქართველი ხალხისგან საიდუმლოდ, გამოკვლევები ტარდება.“ ეს კი რეგიონს საფრთხეს უქმნის“ - წერს ხომერიკი, რომელსაც ამ პრობლემების მომგვარებლად რუსეთი ეგულება და ეიმედება.