აკაკი ბელიაშვილის „მწუხრი ტრფობისა“ (გარდაცვალების დღისადმი)
10:19:01     14-02-2012
1961 წლის 14 თებერვალს, თბილისში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მწერალი აკაკი ბელიაშვილი.
აკაკი იონას ძე ბელიაშვილი დაიბადა 1903 წლის 11 (ახალი სტილით 24) აპრილს სოფელ ქორეთში, იმერეთში, საჩხერესთან ახლოს.
სწავლობდა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში, 1921 წლიდან თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. გიმნაზიაში სწავლის დროს ხელნაწერ ჟურნალებში აქვეყნებდა პატარა მოთხრობებს, მინიატურებსა და პიესებს. 20-იან წლებში იყო "ფუტურისტ-ლეფელების" ლიტერატურული დაჯგუფების წევრი.
წერდა მოთხრობებს, რომანებს, იყო კინოდრამატურგიც იყო, მისი სცენარებით შეიქმნა ფილმები: "ცანის ხეობის საუნჯე" (1941), "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან" (1954) და სხვა. მას ეკუთვნის პუბლიცისტური და ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიებიც.
დღეს პრესა.გე-ს მკითხველებს უნდა შევთავაზოთ აკაკი ბელიაშვილის შესანიშნავი ნოველა „მწუხრი ტრფობისა“, რომელიც შთაგონებულია ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებით, ბედით, ეკატერინე ჭავჭავაძისადმი დიდი პოეტის უიმედო სიყვარულით, რუსეთის იმპერიაში საქართველოს უბედური მდგომერეობით. ნაწარმოები სავსეა შესანიშნავი სიმბოლიკით. მაგალითად, ტატოს რვეული ჟან-ჟაკ „რუსოს „ახალ ელიოზას“ პატარა ბავშვივით ჩაეხუტებინა“...
მრავლისშემძლე, მდიდარი, სამეგრელოს დედოფალი ეკეტერინეც უძლურია წინ აღუდგეს ბედისწერას და ტრამალებს უნდა გაუდგეს. ნაწარმოებში ლამაზადაა წარმოდგენილი ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების ერთ-ერთი უმთავრესი შედევრი: „ეკეტერინემ „ელიოზა“ მუხლებზე დაიდო, პატარა რვეული კი მოუთმენლად გადაფურცლა: აგერ „საყურე“, „ღამე ყაბახზე“, „ჩემი ლოცვა“ და უეცრად წამოიჭრა ფაფარაყრილი „მერანი“ რვეულის ფურცლებიდან“...
დასასრულიც შესანიშნავია...
შემდგომში გვინდა აკაკი ბელიაშვილის სხვა მოთხრობებიც გავიხსენოთ.
მწუხრი ტრფობისა
წელი იყო ათას რვაას ორმოცდაჩვიდმეტი. ოქტომბრის ცივი მთვარე ეკიდა ცაზე. თოვლით დაფარული შორეული მთები მდუმარედ გარინდებულიყვნენ. ნელი ნიავი ოდნავ აშრიალებდა მთვარის შუქისგან მოქსოვილ აბრეშუმის კალთებს მოწყენილ ტევრებში.
სუროს ნაწნავებში შეხვეულ სალხინოს სასახლეში სიჩუმე სუფევდა. ყველას ეძინა. არ ეძინა მარტო დედოფალს. ის გარინდული წამოწოლილიყო ოქროთი მოვარაყებულ საწოლზე და თვალგახელილი შეჰყურებდა ფრანგი მხატვრის ხელით მოხატულ ჭერს.
მაღალ შანდალში ჩადგმული კელაპტარი ზევიდან დასცქეროდა დედოფალს და ხანგამოშვებით იცრემლებოდა.
ჩუმად ქანაობდა მაღალი ბრინჯაოს საათის საქანელა. სადღაც სიბნელეში ფათურობდა თაგვი.
სამეგრელოს დედოფალი ეკატერინე დადიანი უკანასკნელად ათევდა ღამეს თავის სასახლეში. ხვალ დილით ის უნდა გამოთხოვებოდა თავის სამფლობელოს და ხელმწიფე იმპერატორის რესკრიპტის თანახმად სამუდამოდ გადასახლებულიყო პეტერბურგში.
მთელმა სასახლემ გლოვით შეიცხადა ეს თავზარდამცემი ამბავი. გენერალ-გუბერნატორმა კოლუბიაკინმა თავაზიანად უბრძანა დედოფალს ოცდაორ ოქტომბერს გამგზავრებულიყო ორპირის ნავსადგურისაკენ, სადაც მას ელოდებოდა სტამბოლიდან ოდესღაც ჩამოტანილი მდიდრულად მორთული სამთავრო სანდალი.
ტირილით შეუდგნენ მსახურნი ბარგის შეკვრას, ყველაფერი ახსნეს, აშალეს, არივ-დარიეს, ეგონათ, ყველაფრის წაღებას შესძლებდა. მერე გაირკვა, ას ფუთზე მეტს საბარგო სანდლები ვერ ზიდავენო და ახლა აუცილებელი ნივთების არჩევას შეუდგნენ. თავი ვერ გაართვეს, ძლივსძლივობით რამდენიმე მაფრაშა შეკრეს და გვიან ღამით დაღლილები დასაძინებლად მიეყარ-მოეყარნენ.
ეკატერინე გაუხდელად წამოწვა ლოგინზე. მის თვალს ძილი არ ეკარებოდა, გულს ურევდა არეულ-დარეული ოთახი. აკეცილი ნოხები კუთხეში მიეყარათ. მაგიდაზე მიმოეფანტათ ოქროს ზარნიშით მოვარაყებული იარაღი. ეშმაკის რქებივით ამოეყოთ ბოლოები ყანწებს ტახტზე დაგროვილ მუთაქა-ბალიშებიდან. ფორტეპიანოს სახურავზე შედგმული ჯვარცმა ოდნავ შებრუნებულიყო, თითქოს ამ ვერცხლის ჯვარზე გაკრულ გიშრის ქრისტესაც ვეღარ აეტანა ეკატერინეს დარდი, ზურგი შეექცია დედოფლისათვის და თავისი ნაწამები სახე ოთახის ჭერის კუთხისათვის მიეპყრა.
თახჩაზე შელაგებული წიგნებიც არეულ-დარეული იყო, ზოგი ერთმანეთს მიყრდნობოდა, ზოგი წაქცეულიყო, ერთ მათგანს ცალი ყდა მოტეხილ ფრთასავით გადმოეკიდა თაროდან, თითქოს მაგიდაზე რაღაცას უნდოდა დასწვდომოდა. მაგიდაზე კი პატარა ხელნაწერი ეგდო.
თახჩის კუთხეში საქმიანად ფათურობდა თაგვი. საზრდოს დაეძებდა. დაფეთებული შეხტა, უეცრად ყდაგადმოკიდებულ წიგნს დაეცა, ჩრდილის ნაგლეჯივით გაილანდა და კუნჭულში გაქრა. ყდაგადმოკიდებული წიგნი გადმოცურდა, მაგიდაზე დაგდებულ წიგნს დაეცა, ყდები მკლავებივით მოავლო, აითრია და ორთავემ იატაკზე ტყაპანი მოადინა.
ხმაურზე დედოფალი შეკრთა. მოიხედა, ბნელ კუთხეში დაინახა - წიგნი ჩამოვარდნილიყო. ყურადღება არ მიაქცია. ისევ ჭერს მიაპყრო თვალები. მერე ამოიოხრა და უნებურად აღმოხდა:
„რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობარსა...“
შეკრთა. ისე მიმოიხედა, თითქოს სხვას ეთქვას ეს სიტყვები.
„ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს, ტკბილ მოუბარსა“.
- შემდეგ? შემდეგ როგორ არის? - ჰკითხა თავის თავს ეკატერინემ. ზეზე წამოიჭრა, შანდალს ხელი დაავლო და წიგნების კარადისკენ წავიდა. სანთელმა ცხელი ცრემლი დააჟონა ხელზე.
- ტატო... სადა ხარ? - ჩურჩულით თქვა მან და წიგნები შეათვალიერა. - ტატო, დამენახე... სადა ხარ...
პატარა ხელნაწერი რვეული არ ჩანდა.
სწრაფად გადმოყარა წიგნები თაროდან, სათითაოდ ფურცლავდა, ბერტყავდა, იქნებ რომელიმე მათგანში იყო ჩარჩენილი. ვერსად ვერ ნახა. მოუსვენრად მიმოიხედა და უცბად იატაკზე თვალი მოჰკრა: რუსოს „ახალ ელიოზას“ პატარა ბავშვივით ჩაეხუტებინა ხელნაწერი რვეული. დაიხარა და ორივე აიტაცა. საწოლისაკენ გამობრუნდა. შანდალი თავის ადგილას დადგა. სანთლის ალი ალაპლაპდა და ყველაფერი ააცეკვა ოთახში.
ეკეტერინემ „ელიოზა“ მუხლებზე დაიდო, პატარა რვეული კი მოუთმენლად გადაფურცლა: აგერ „საყურე“, „ღამე ყაბახზე“, „ჩემი ლოცვა“ და უეცრად წამოიჭრა ფაფარაყრილი „მერანი“ რვეულის ფურცლებიდან.
- „მირბის, მიმაფრენს უგზო უკვლოდ ჩემი მერანი...“
დაიძრა ყველაფერი, წავიდა სადღაც შორს, უკან ჩამოჩა და მიიმალა ჯერ სალხინოს სასახლე, მერე სამეგრელოს სამთავრო, მერე კავკასიონის ღრუბლიანი მთები და წინ გადაიჭიმა დიდი გაუთავებელი ტრამალები... მდორე მდინარეები, ღრუბლები და ისევ ტრამალები...
- ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის;
შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის,
და ქარიშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით მიწას მიმაყრის!
სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა, დამეცემიან ციურნი ცვარნი“.
სანთლის უბე დამდნარმა ცვილმა აავსო, ალს შემოეჭდო, თითქოს მის დახრჩობას ლამობდა. ალი დაპატარავდა, საცაა უნდა გამქრალიყო, მაგრამ უეცრად ჯებირი გაირღვა, ხოლო...
... როდესაც დედოფალს ლოყებზე ცხელი ცრემლები დაუცურდა, სანთლის ალი ისევ გაიზარდა, ოთახს სინათლე მოეფინა და...
პატარა ხელნაწერ წიგნად შთენილ პოეტს მხოლოდ ახლა დაეფრქვა ციურთა ცვართა ნაცვლად სატრფოს ცრემლები.
1952 წელი