იოსებ ბაქრაძის „წარვლენ წელნი და, სამშობლო მხარევ“ (დაბადების დღისადმი)

  10:18:19     14-02-2012

1850 წლის 1 (ახალი სტილით 14) თებერვალს სოფელ არბოში, გორთან ახლოს დაიბადა ქართველი პოეტი, მთარგმნელი და პუბლიცისტი იოსებ (სოსიკო) ზოსიმეს ძე ბაქრაძე.

ის გახლდათ ნიკო ლომოურის დეიდაშვილი და მამით ადრე დაობლებული იზრდებოდა მათ ოჯახში. მწერლობა 1870-იანი წლებიდან დაიწყო. მისი შემოქმედება გამსჭვალულია სამშობლოს სიყვარულითა და უბრალო, მშრომელი ადამიანებისადმი პატივისცემით. რუსულიდან თარგმნიდა სხვადასხვა ვტორის ნაწარმოებებს.

თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან: : დროება“, „ივერია“, „მნათობი“, „კვალი“,“მოამბე“,  სადაც გარდა ლექსებისა და თარგმანებისა აქვეყნებდა წერილებსაც. მოღვაწეობდა ქართველ ხალხოსნებთან ერთად. ზრუნავდა ქართული თეატრის რეპერტუარის გამდიდრებისათვის.
გ. სუნდუკიანთან ერთად თარგმნა მისი პიესები "პეპო" (1895), "ხათაბალა", "კიდევ ერთი მსხვერპლი".

იოსებ ბაქრაძის ზოგი ორიგინალური თუ თარგმნილი ლექსი - "მე ქართველი ვარ!", "სიმღერა" ("არც სახლი მაქვს, არც კარი"), ჰაინეს "ტურფავ, ტურფავ" და სხვა ხალხურ სიმღერებად იქცა. იოსებ ბაქრაძის ფსევდონიმებია "ი. ელაქიძე", "ი. ოქრიაშვილი", "გ. თენაძე", "გ. ციმაკურიძე".

იოსებ (სოსიკო) ბაქრაძემ თარგმნა კარლ გუცკოვის “ურიელ-აკოსტა”, ნადსონის ლექსები,  ბაირონის "ჩაილდ-ჰაროლდი" ("ივერია", 1879), უოლტერ სკოტის "აივენგო" (დაიბეჭდა ცალკე წიგნად, 1895, 1938), ვ. ალფიერის "ვირგინია" (1873), შილერის "მარიამ სტიუარტი" (1892) და "პაცის ჯალადობა", ვ. პოტოს "საქართველო და მისი ისტორიული წარსული დრო" (დაიბეჭდა ცალკე წიგნად, 1894). ჰაინეს ლირიკის ნიმუშები და სხვა. იგი არის პირველი მთარგმნელი ოვანეს თუმანიანის თხზულებებისა.

იოსებ ბაქრაძე გარდაიცვალა 1904 წლის 14 (ახალი სტილით 27) მაისს თბილისში. დასაფლავებულია პეტრე-პავლეს სასაფლაოზე.

დღეს, პრესა.გე-ს მკითხველებს ვთავაზობთ იოსებ ბაქრაძის ლექსს „... წარვლენ წელნი და სამშობლო მხარევ“, რომელიც განმსჭვალულია სამშობლოს სიყვარულითა და მომავლის რწმენით. „დაგებადება კვლავ რუსთაველი“ - წერს პოეტი. რუსთველის მსგავსი პოეტის კვლავ დაბადება საქართველოს დიდებაა, ვინაიდან რუსთველი მხოლოდ დიდ საქართველოს ეყოლება...

სხვათა შორის, ქართველი ნაციონალისტებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს სსრკ-ს წინააღმდეგ იბრძოდნენ, პროგრამაში ჰქონდათ - თავისუფალმა, დიდმა საქართველომ უნდა შვას ახალი რუსთველიო. ეს ქართველთა ერთ-ერთი დიდი ოცნებაა, რუსთველი დიდი საქართველოს, ქართული რენესანსის სიმბოლოა.

ლექსში ბოლო სტრიქონში სიტყვა აკლია (ქართული პოეზიის 10 ტომში გადმობეჭდიალია იოსებ ბაქრაძის თხზულებების „კრებულიდან“, რომელიც 1938 წელს გამოიცა ს ყუბანეიშვილის რედაქციით). ალბათ, ან გამარჯვება უნდა იყოს, ან თავისუფლება ან სხვა. და შესაძლოა, თავის დროს ცენზურის შიშით იყოს ამოღებული.

* * *

წარვლენ წელნი და, სამშობლო მხარევ
მუხთალი ბედი შენც გაგიღიმებს,
გავა რამე და სხივ-მომფინარე
დილის ცისკარი მოგაფენს სხივებს.
კურთხეულ იყოს ის წმინდა წამი,
გულს გეპკურება, ვით ვარდს ცის ნამი.

მაშინ შენ ლხინად გადაგეცვლება
ესდენ ხნის ტანჯვა გულის დამწველი;
სწავლისა ლხინი მოგეფინება,
დაგებადება სხვა რუსთაველი,
და როს გაისმის მის წმინდა ქნარი
გაცხოველდება მთლად მთა და ბარი.

კიდით-კიდემდე ყველგან განხდება
ხმა მხიარული შენი შვილების;
მათ გულის ნატვრა შეუსრულდება,
დაგიდგმენ ტაძარს თავისუფლების.
ოხ, მარტო ის აქვს გულს საწუხარი,
ვაჰ თუ ვერ გნახო ის დრო ნეტარი.

დაე ნუ ვნახავ აღტაცებითა
მაინც მოველი შენს მომავალსა:
მეც ხომ ვტანჯულვარ შენის ტანჯვითა,
მეც ვადევნებდი შენს გზა-კვალს თვალსა...
შენდამი ტრფობას და სასოებას
სამარეშიაც თან ჩავიყოლებ,
იქაც არ მივცემ გულს მოსვენებას,
შენით ვაძგერებ და ვასულდგმულებ.
და მხოლოდ მაშინ მეც მოვისვენებ
შენს... რომ გავიგონებ.