ირანსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა მატულობს

  09:45:58     14-02-2012

გამოცემა Asia Report სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია იმ პრობლემურ საკითხებზე, რომელიც ორი მეზობელი ქვეყნის, აზერბაიჯანისა და ირანის ურთიერთობებში არსებობს.

ცნობილი ხდება, რომ აზერბაიჯანის ელჩს ისლამურ რესპუბლიკაში, ირანის ხელისუფლებამ საპროტესტო ნოტა წარუდგინა, მკვეთრი მოთხოვნა-ულტიმატუმით: „შეწყდეს ისრაელის სპეცსამსახურების ანტიირანული საქმიანობა, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე“.

ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ტერორისტები, რომლებიც ირანელი მეცნიერების მკვლელობასთან არიან კავშირში, თავისუფლად გადაადგილდებიან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მათ კი, „მოსადი“ მფარველობს. ამას გარდა, ოფიციალური თეირანი ბაქოს, მედიის საშუალებით, სისტემატურ ანტიირანულ პროპაგანდაშიც ადანაშაულებს და პროტესტს აცხადებს ასტარა-ბაქოს მაგისტრალის ირანული სატვირთო ავტომობილებისათვის ჩაკეტვის გამოც.  

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, ირანელთა განცხადებებს, უკვე უწოდა აბსურდული. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, „ინფორმაცია, რომელიც ირანული მხარის მიერ წარმოდგენილ ნოტაშია, არ შეესაბამება სინამდვილეს. აზერბაიჯანი ის ქვეყანაა, რომელიც თავად ზარალდება ტერორიზმისაგან“ - აცხადებენ აზერბაიჯანელები.  

თუმცა, ირანი მეზობელს მაინც ჯიუტად უყენებს ისრაელის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის და ირანის საწინააღმდეგოდ მოქმედებების წარმოების ბრალდებებს. მდგომარეობა ბრიტანული გაზეთის, „Times“ - ის მიერ გავრცელებულმა ცნობამ გაართულა. გაზეთის ინფორმაციით, ისრაელის სადაზვერვო სამსახურმა, „მოსადმა“ ბაქოში საკუთარი აგენტები მიავლინა, ირანის წარმომადგენლების მიმართ შპიონაჟის წარმოების მიზნით.

როგორც ცნობილია, თეირანი, უკვე მრავალი წელია, ერთდროულად რამდენიმე ქვეყანას ადანაშაულებს ბირთვული ფიზიკის სფეროში მომუშავე რამდენიმე ირანელი მეცნიერის ლიკვიდაციაში. პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა განაცხადა, რომ თეირანში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი, ისრაელის და დასავლეთის ქვეყნების სპეცსამსახურებს აქვთ.  

გაზეთ „London Times“ - ის ინფორმაციით კი, ამ დროისათვის, თეირანსა და ბაქოს შორის დაძაბულობა იზრდება. ამ ყველაფერს ფონად გასდევს ირან-აზერბაიჯანის ისეთი მუდმივი საკამათო თემები, როგორიცაა ტერიტორიული დავები და რიგი რელიგიური საკითხები. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში, ჯეიმს აპატურაი ესტუმრა, ირანი კიდევ უფრო აგრესიული გახდა. აპატურაიმ და ილჰამ ალიევმა, აზერბაიჯანისა და ნატოს შემდეგომი ურთიერთობების გაფართოების საკითხები განიხილეს. „აზერბაიჯანი არის ტერიტორია, რისი მეშვეობითაც ნატოს ტვირთების 30 პროცენტი, ავღანეთის მიმართულებით გადის და ამასთანავე, ის მოხერხებული პლაცდარმია, ირანის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად“ - აღნიშნავს გაზეთი.