საქართველოს როლი „რუსულ აპოკალიფსში“ მას შემდეგ, რაც პუტინი აღარ იქნება

  09:07:19     14-02-2012

Youtube-ს ადმინისტრაციამ დაბლოკა ბოლო კვირის ყველაზე პოპულარული ვიდეორგოლი - „რუსეთი პუტინის გარეშე - აპოკალიფსი“, მისი „შოკისმომგვრელი“ შინაარსის გამო, თუმცა, მოგვიანებით ვიდეო კვლავ ხელმისაწვდომი გახდა. ის სხვა საიტებზეც აქტიურად განიხილება. „პოსტპუტინისეული აპოკალიფსის“ წინასწარმეტყველებმა კი, რომლებიც „წარმატებულ შედეგს“ ვიდეოს მნახველთა რაოდენობით საზღვრავენ, უკუშედეგი მიიღეს. „ფინეთს არ ჰყავს პუტინი, არც ნავთობი და გაზი აქვს, დაღუპულან?“ - ძირითადად ასეთი გამოხმაურებები მიიღეს კლიპის ავტორებმა. ჰოლივუდის ტექნოლოგიებით შექმნილმა ვიდეორგოლმა მხოლოდ სანახაობრივი ეფექტი მოახდინა, თუმცა შეშინება - ვერა, რადგან რუსეთში უფრო დიდი აპოკალიფსის მოლოდინიც არსებობს, თუკი პუტინი ისევ კრემლში იჯდება.

პროპუტინისტური „შემზარავი“ სურათი იმაზეა გათვლილი, რომ მოქალაქეებმა კარგად გაიაზრონ, რა შეიძლება მოხდეს იმ სცენარის განვითარების შემთხვევაში, თუკი რუსეთს აღარ ეყოლება პუტინი. რა თქმა უნდა, ამ საფრთხობელას შემადგენელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი საქართველოა.

გამოცხადებული აპოკალიფსის ქრონიკა ასეთია:

წარმოვიდგინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი აღარ არის, რაღა იქნება რუსეთი პუტინის გარეშე?

მოვლენათა განვითარების სცენარი ასე გამოიყურება:

2012 წლის მარტი: პრეზიდენტის არჩევნები გადადებულია. სახელმწიფო დუმა დათხოვილია. სახაროვის პროსპექტზე ყველაზე დიდი მიტინგი შეიკრიბა. ქვეყანაში, რამდენიმე თვეში, 200-მდე პარტია შეიქმნა. ხელისუფლებას იყოფენ ლიბერალები და ნაციონალისტები. შექმნილია დროებითი მთავრობა. საერთაშორისო საზოგადოება მიესალმება რუსეთში ნამდვილი დემოკრატიის დამყარებას.

2012 წლის მაისი: მსხვილი ბიზნესი გადანაწილებულია. ბორის ნემცოვი სათავეში უდგება გაზპრომს. კეთილი ნების ჟესტის სახით, რუსეთის ბირთვული არსენალი აშშ-ის კონტროლქვეშ გადადის. ნაციონალისტები იატაკქვეშეთში გადადიან. იწყება ეკონომიკური კრიზისის ახალი ტალღა,  ტოლიატიში კი - პირველი ბუნტი რუსეთიდან გამოყოფის მოთხოვნით.

2012 წლის ოქტომბერი: მასობრივად ჩერდება ქარხნები და ფაბრიკები. ცენტრალური ბანკი გამალებით ბეჭდავს ფულს, რათა გადაიხადოს ვალები და პენსიები. ჰიპერინფლაციაა. შავი პურის ფასი 500 რუბლს აჭარბებს. წამყვანი მსოფლიო კომპანიების ოფისები აჩერებენ რუსეთში მუშაობას. დედაქალაქში ყოველი მეორე უმუშევარია.

2012 წლის ნოემბერი: ყველა მსხვილ ქალაქში იწყება ფაშისტებისა და ეთნიკური მაფიის შეტაკებები. მშვიდობიან მოსახლეობაში მრავალრიცხოვანი მსხვერპლია. სანკტ-პეტერბურგის დუმის არჩევნებში „თავგადაპარსულები“ იმარჯვებენ. მოქალაქეთა საპროტესტო მიტინგებს იარაღით ახშობენ.

2013 წლის მარტი: მშიერი ზამთრის შემდეგ, რეგიონალურ არჩევნებში იმარჯვებენ ადგილობრივი ნაციონალისტები. რუსეთიდან გასვლაზე განაცხადს აკეთებს პრიმორიე, კალინინგრადი, თათრეთი, ბაშკირეთი და იაკუტია. ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები იმარატში ერთიანდებიან. ასობით ათასი მოქალაქე, რომელთაც არ სურთ ისლამურ სახელმწიფოში ცხოვრება, რუსეთის შიდა რაიონებში გარბის. ეთნიკური ხასიათის შეტაკებები სამოქალაქო ომში გადადის.

2014 წლის აპრილი: ნაციონალისტების მცდელობა, ჩაეცხროთ კავკასიური საფრთხე - უშედეგოა. მორიგი ვიზიტის დროს აშშ-ში, ალექსეი ნავალნი თავშესაფარს ითხოვს. დროებითი მთავრობა თვითლიკვიდაციას აცხადებს.

2013 წლის ივნისი: მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიზნით, კალინინგრადის ოლქში შედიან ნატო-ს ჯარები. ჩინეთი თავის ადმინისტრაციას ქმნის ირკუტსკში, ჩიტაში, ბლაგოვეშენსკში და ხაბაროვსკში. ვლადივოსტოკში იაპონიის სამშვიდობო კონტინგენტს განათავსებენ.

2013 წლის აგვისტო: 8-დღიანი ომის შედეგად, საქართველო ჩრდილოეთ ოსეთისა და კრასნოდარის მხარის ოკუპაციას ახდენს. სტავროპოლში, ქუჩის ბრძოლების შემდეგ კავკასიის იმარატის ჯარები ანადგურებენ კაზაკთა ლაშქარს. მსოფლიო რუსეთში ჰუმანიტარულ კატასტროფაზე საუბრობს.

2013 წლის 10 დეკემბერი: ნავალნის საერთაშორისო ტრიუმფი. ის ნობელის პრემიას იღებს მემუარებისთვის „ერთი წელი საჭესთან“.

და ფინალური აკორდი:

2014 წლის თებერვალი: სოჭში ოლიმპიადას საქართველო ატარებს. რუსეთის ფედერაციის სპორტსმენები მასზე არ დაიშვებიან.