“ლეიბორისტები” პარლამენტს სამივლინებო ფულს სთხოვენ...

  08:46:52     14-02-2012

“ლეიბორისტები” საპარლამენტო ხელფასებს აღარ სჯერდებიან და საკანონმდებლო ორგანოს, სამივლინებო ხარჯების ანაზღაურებას სთხოვენ.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, შალვა ნათელაშვილის პარტიის განცხადება შევიდა, სადაც ლეიბორისტული პარტიის მხრიდან ბოიკოტის გამოცხადებასთან ერთად, საუბარი პარლამენტის მიერ, მათთვის დამატებითი თანხების გამოყოფაზეცაა. 

მართალია, “მშრომელები” მეშვიდე მოწვევის პარლამენტში თვიურ ანაზღაურებასა და გიორგი გუგავასთვის ბინის ქირის თანხას უშრომელად იღებენ, მაგრამ როგორც ჩანს, ისინი არც ამას სჯერდებიან და პარლამენტისადმი წარგზავნილ “უსტარში” აღნიშნავენ:

“ჩვენი თანხებით, უცხოურ მივლინებებში დავდივართ და ამიტომ, კეთილი ინებეთ და კანონით დადგენილი წესით, ჩვენი კუთვნილი სამივლინებო თანხები მოგვეცით”. გარდა ამისა, “ლეიბორისტები” პარლამენტს 2 500 000 ევროსაც ედავებიან.

ამასთან, „მშრომელთა“ წერილიდან საგულისხმოა შეფასება, რომ დეპუტატები “უშრომელად” ხელფასებს იღებენ. საინტერესოა, ზარმაც დეპუტატთა რიგებში საკუთარ თავსაც მოიაზრებენ, თუ. . .

“ასევე ერთ წელიწადში, თქვენმა პარლამენტმა უშრომლად შეიტყაპუნა ხელფასის სახით, 11 750 000 ლარი, სატელეფონო ხარჯებზე 463 000 ლარი და კიდევ რამდენიმე ათეული მილიონი ე.წ. გაუთვალისწინებელი ხარჯების სახით... გაოცებას იწვევს,  პარლამენტის 9 ვიცე-სპიკერზე და კომიტეტის თავმჯდომარეებზე 7 000 ლარიანი ხელფასის ოდენობაც”.

უნდა აღინიშნოს, რომ შალვა ნათელაშვილის გუნდი, პარლამენტს წერილებით ხშირად ანებივრებს, მაგრამ ამ წერილით, დეპუტატები მეტად გახალისდნენ და ხელფასის გაზრდის სურვილიც გამოთქვეს.

მმართველი გუნდის წევრის ხათუნა გოგორიშვილის მტკიცებით, კომიტეტის თავმჯდომარეებსა და ვიცე-სპიკერებს, ხელფასის სახით, 7 ათასი ლარი არ მიეცემათ, მაგრამ თუ დავით ბაქრაძეს რაიმე “სიუპრიზი” აქვს მომზადებული, ამას სიხარულით შეხვდებიან.

 პარლამენტის სპიკერმა, კანონმდებლებს იმედები გაუცრუათ, და ურჩიათ, რომ “თუ გსურთ, მსგავსი ხელფასი გქონდეთ, მაშინ რომელიმე “ლეიბორისტი” სპიკერად აირჩიეთ”.

აღსანიშნავია, რომ “ლეიბორისტები”, ამ ეტაპზე,  დავით ბაქრაძეს მოიხსენიებენ პარლამენტის თავმჯდომარედ და არა როგორც ადრე, ე.წ. პარლამენტის სპიკერად.

ვინაიდან, “ლეიბორისტები” საქმიანობას, პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმში აგრძელებენ, საკანონმდებლო ორგანოს მათი წერილები, ვადის ამოწურვამდე, სავარაუდოდ, კიდევ ბევრჯერ გაახალისებს.