ხიდაშელმა, გუბაზ სანიკიძეს და კახა შარტავას “ლოთები” ეძახა

  17:54:07     13-02-2012

ივანიშვილის ჯერ არშემდგარ კოალიციაში, უკვე დაპირისპირებაა. ამჯერად, ერთმანეთს ორი ამბიციური პოლიტიკური პერსონა, გუბაზ სანიკიძე და თინა ხიდაშელი გადაეკიდნენ. ძნელი მისახვედრი არაა, რა უნდა გამხდარიყო ორი  “ნარცისის” დაპირისპირების მოტივი. თუმცა, როგორც სანდო წყაროები აცხადებენ, რეალურად ეს, “ეროვნული ფორუმისა” და “რესპუბლიკელების” დაპირისპირებაა და არა მხოლოდ ამ ორი პერსონის.

 პარტიებს შორის დაპირისპირება, სათავეს ჯერ კიდევ იქიდან იღებს, როცა ივანიშვილთან “ფორუმელების” დამრტყმელი ძალა გამოჩნდა. ხიდაშელს სანიკიძისა და შარტავას დანახვაზე უთქვამს, ეს ლოთებიღა გვაკლიაო.  ის, რომ “რესპუბლიკელები” დიდხანს  და საგულდაგულოდ “ბლოკავდნენ” “ფორუმს” ივანიშვილის გარემოცვაში, ჯერ კიდევ იმ ფაქტით დასტურდება, რომ “ფორუმი” ივანიშვილის შუშის  რეზიდენციაში, ერთ-ერთი პირველი გამოცხადდა, თუმცა ივანიშვილთან “ჩახუტება”  სანიკიძემ საკმაოდ გვიან მოახერხა და ეს “რესპუბლიკელების” დიდი დამსახურებაც იყო. 

“რესპუბლიკელები” ივანიშვილს ასე არწმუნებდნენ: შენ ხომ ქუჩის აქციებზე უარს ამბობ და  ბურჯანაძესთვის უარის თქმის მოტივადაც ამას ასახელებ, “ფორუმელები” ქუჩის აქციების პირველი მომხრეები არიან.  თუ მათ შემოიერთებ, პოლიტიკურ ხაზს დაარღვევო. ივანიშვილმა დიდხანს ატყუა “რესპუბლიკელები” და ალასანიაც, რომელიც ურცხვად არიგებდა კომენტარებს, ჩვენს გარდა კოალიციაში აღარავინ შემოვაო და ბოლოს “ფორუმის” შემადგენლობა მაინც მიიღო.

 კამათი კი გუბაზ სანიკიძესა და თინა ხიდაშელს შორის, სანიკიძის ბოლოდროინდელ საჯარო განცხადებებს მოჰყოლია, რომელშიც სანიკიძე “რესპუბლიკელებს” მსუბუქად აკრიტიკებდა და კლანჭს ჰკრავდა, “რესპუბლიკელები” ივანიშვილის კარზე არაფერს წყვეტენო. ანალოგიური რამ, მან მედიასთან დღესაც გაიმეორა. ხიდაშელ-უსუფაშვილის პარტიას რა თქმა უნდა, არც “ფორუმის” ლიდერების ადრინდელი ინტერვიუები დავიწყნიათ ასე ადვილად, სადაც “ფორუმელები”  ბერძენიშვილებსა და ხიდაშელს “სოროსის ნაშიერებად“ ასახელებდნენ. ამ შეკამათების დროს, ხიდაშელს სანიკიძისთვის სულ  უცენზურო მეტსახელები წამოუძახებია, თუმცა მოგვიანებით, სიტუაცია იქვე მყოფებს  დაუშოშმინებიათ.     

„პრესა ჯი“ ინფორმაციის დასაზუსტებლად, გუბაზ სანიკიძესა და თინა ხიდაშელთან ცდილობდა დაკავშირებას, თუმცა ტელეფონით ვერ მოხერხდა. ბოლოს, კომენტარისათვის „რესპუბლიკელებიდან“, ლევან ბერძენიშვილს დავუკავშირდით. თავდაპირველად, ბერძენიშვილი კომენტარზე დაგვთანხმდა, თუმცა გუბაზ სანიკიძის ხსენებისთანავე  განგვიცხადა: „თქვენი ჭირიმე, საავადმყოფოში ვარ“–ო. თავად ხიდაშელის ტელეფონს  კი, მისი თანაშემწე პასუხობდა, რომ თინა დაკავებულია. ხოლო, „რესპუბლიკელების“ პრეს-სამსახურის უფროსი  თიკო ძნელაძე  აცხადებს,  „სანიკიძის განცხადებასთან დაკავშირებით,  კომენტარს ჩვენგან ვერავინ გააკეთებს, რადგან კოალიციის წევრები ვართო“.