რატომ სძულდა და სძულს ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას ბადრი პატარკაციშვილი?

  13:43:30     13-02-2012

პატარა ქვეყნიდან დიდ ქვეყანაში აღზევებულ და გამდიდრებულ ადამიანებს, რომლებიც შემდეგ ოლიგარქებად ყალიბდებიან, ერთმანეთი რომ დიდად არ ეხატებათ გულზე, არახალი ამბავია. 

შეიძლება ითქვას, რომ ამის უამრავი მაგალითი არსებობს და არამხოლოდ საქართველოდან აღზევებულებზე. მიზეზი უამრავია: ქიშპობა, ოჯახის წევრებისა და, პირველ რიგში, ცოლების დაუკმაყოფილებელი ამბიციები პირველობაზე, გავლენის მოპოვების მცდელობა, შაჰისგან წყალობად მიღებული ხალათების რაოდენობის სიმრავლე და ამ ხალათების რაოდენობითაც პირველობის სურვილი...

მოკლედ, მიზეზებს რა გამოლევს, მაგრამ მოდით, ამ წერილში ქართველებზე და ორ ქართველ უმდიდრეს ადამიანზე შევჩერდეთ. იმის მიუხედავად, რომ ერთი გარდაცვლილია, ის პერიოდი გავიხსენოთ, როცა ის ცოცხალი იყო და არც აზარტი და შემართება აკლდა...

ერთხელ ბადრი პატარკაციშვილს რუსმა ჟურნალისტმა ჰკითხა: „ბატონო ბადრი, თქვენ ძალიან მდიდარი ადამიანი ხართ, ყველაფერი გაქვთ, რომ უზრუნველად იცხოვროთ, რატომ მიდიხართ პოლიტიკაში, მოიწყინეთ?“. ბადრი პატარკაციშვილის პასუხი ასეთი იყო: „დიახ, მოწყენილი ვარ...“.

ბადრი პატარკაციშვილს მაინცდამაინც არ ხიბლავდა ჩრდილში ყოფნა და ბევრად უფრო აზარტული და თავდაჯერებულიც იყო, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი. მაგრამ ისე მოხდა, რომ ბიძინა ივანიშვილი უფრო მდიდარი იყო, ვიდრე ბადრი პატარკაციშვილი.

ივანიშვილის ტაქტიკა – ყოფილიყო ჩრდილში და შეუმჩნეველი, ცხოვრების პრინციპი რომ არ გახლდათ, მისი პოლიტიკაში ჩართვის მერეც გამოჩნდა: ცოტას თუ სჯერა იმ ზღაპრის, რომ „ჭორვილელმა მონტე–კრისტომ“ მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა პოლიტიკაში ჩაბმა, რაც დაინახა, „როგორ იღუპებოდა ქვეყანა“.

ამასთან, საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩრდილში მდგარი ბიძინა ივანიშვილი ბადრი პატარკაციშვილს მაინც ყოველთვის ექიშპებოდა და ეს ზოგჯერ, საკმაოდ კომიკურ დეტალებში ვლინდებოდა. როგორც ჩანს, ივანიშვილი არა იმდენად ბადრის ფინანსურ შესაძლებლობებს, არამედ მის სახელს ექიშპებოდა: ფაქტია, რომ ივანიშვილის უფრო მეტი ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად, ხალხში ბადრი პატარკაციშვილს უფრო „ქალაქელის“ იმიჯი ჰქონდა, განსხვავებით ივანიშვილისგან, რომელმაც „ჭორვილელის“ ეპითეტი ვერც მაშინ და ვერც ახლა მოიშორა...

მიუხედავად ერთსა და იმავე დროს რუსეთში მოღვაწეობისა, ეს ორი ქართველი თითქმის არავის, არასდროს უნახავს ერთად – გარემოცვის წევრებზე და დაახლოებულ პირებზე ვამბობთ, ჟურნალისტებზე საერთოდ არ არის ლაპარაკი. სულ ახლახან, ბადრი პატარკაციშვილზე საუბრის დროს ივანიშვილმა კი აღნიშნა, საკმაოდ თბილი ურთიერთობა მქონდა, თუმცა, საერთო ბიზნესი არ მქონიაო, მაგრამ იგივე ივანიშვილის პრაქტიკაში უამრავი შემთხვევა არსებობს, როცა მას ისეთ პირებთანაც ჰქონდა ახლო კონტაქტი, რომლებთანაც არ ჰქონდა საერთო ბიზნესი.

ვინმემ რომ არ დაგვაბრალოს, თითქოს ოლიგარქთა ოჯახებისა და გარემოცვის ერთმანეთთან დაპირისპირებას ვცდილობდეთ, ფაქტები გავიხსენოთ:

საქართველოში ფინანსური აქტიურობის დაწყების შემდეგ, ბადრი პატარკაციშვილმა სახლის აგება გადაწყვიტა და ამისთვის ოქროყანა აირჩია – ოლიგარქებს უყვართ გარეუბნებში მშვიდი ადგილები. თქმას და შესრულებას, აბა რა ედგა წინ და ბადრი პატარკაციშვილის სახლის მშენებლობა სწრაფი ტემპით დაიწყო. როცა ამ ამბავმა ბიძინა ივანიშვილის ყურამდე მიაღწია, მანაც სასწრაფოდ მიიღო გადაწყვეტილება ოქროყანაში სახლის აშენების შესახებ. ორივე სახლი აშენდა, მაგრამ ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ეს რაუნდი მოიგო: სამანქანო გზაზე ივანიშვილის სახლი უფრო ადრე შეგხვდებათ, ვიდრე პატარკაციშვილის. ანუ, ამ ფაქტით ივანიშვილმა თავისი პირველობის მანიას გადაუხადა ხარკი. როგორც ამბობენ, ამ „დიპლომატიურ ჟესტზე“ ბადრი პატარკაციშვილს მხოლოდ ულვაშებში ჩასცინებია...

„ქრისტიან–დემოკრატების“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ, რომელიც თავის დროზე, ბადრი პატარკაციშვილთან დაახლოებული პირი იყო, ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლისთანავე ურჩია მას, ბადრი პატარკაციშვილის სხვადასხვა კონტექსტში ხსენებისგან თავი შეეკავებინა.

თარგამაძემ ივანიშვილი ბადრი პატარკაციშვილის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმაში, მათ შორის, „ტელეიმედის“ ჩაძირვის მცდელობაში დაადანაშაულა და არგუმენტად „მე–9 არხთან“ დაკავშირებული ისტორია გაიხსენა, როცა ივანიშვილს შეეძლო, ეს ტელევიზია „ტელეიმედთან“ უნისონში ემუშავებინა მედიასივრცეში, მან კი ის საერთოდ დახურა.

თვითონ ივანიშვილი კი აცხადებს, რომ პატარკაციშვილთან თბილი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ურთიერთობის ამ ფორმით განსაზღვრის აბსურდულობას მისივე მომდევნო ფრაზა – „რუსეთში ყოფნის დროს მას რამდენჯერმე შევხვედრივარ“ –ამხელს... სინამდვილეში, ბიძინა ივანიშვილის ოჯახში ბადრი პატარკაციშვილის პერსონისადმი საკმაოდ ირონიული დამოკიდებულება იყო და ფაქტობრივად, მისი სახელის დადებით კონტექსტში ხსენებაც, სავარაუდოდ, იკრძალებოდა კიდეც – თუკი ივანიშვილების ამერიკელი მასწავლებლის პატრიკ დაუნის სიტყვებს დავუჯერებთ.

„პრესა.ჯი“–მ გაარკვია, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც უყვარს კამერების თანხლებით სამძიმარზე სიარული (რამაზ ჩხიკვაძის სამძიმარზე მისი ოჯახის მისვლა გაიხსენეთ), თბილისში პატარკაციშვილის ცხედრის გადმოსვენების შემდეგაც კი, პატარკაციშვილის ოჯახში სამძიმარზე არ მისულა...

პოლიტიკაში მოსული ბიძინა ივანიშვილი რომ პატარკაციშვილის კადრებს, მის გარემოცვას, მასთან დაახლოებულ პირებს რომ არ სწყალობს, ესეც ფაქტია. მეტიც – ივანიშვილის „სტიპენდიანტთა“ სიაში ვერ მოხვდნენ ინტელიგენციის ის წარმომადგენლები, რომლებიც პატარკაციშვილთან განსაკუთრებით იყვნენ დაახლოებულნი. ერთ–ერთ მაგალითად ნონა გაფრინდაშვილიც გამოდგება, რომელმაც ბადრი პატარკაციშვილს ღიად დაუჭირა მხარი და მისი დაფინანსებით, „ახალი მემარჯვენეების“ სიით იყრიდა კიდეც კენჭს მაჟორიტარად ზუგდიდში, თუმცა წარუმატებლად... ამითვე აიხსნება ისიც, რომ ივანიშვილმა თავიდანვე გამოხატა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება „ახლებისადმი“ და „ქრისტიან–დემოკრატებისადმი“...

ყოველივე ამის შემდეგ კი თავად გამოიტანეთ დასკვნები იმის შესახებ, რატომ და რისთვის შეიძლება სძულდეს ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას ბადრი პატარკაციშვილი...